მთავარი,სიახლეები

როგორი იქნება კლიმატი 2070 წელს – ცვლილება 3,5 მილიარდ ადამიანს ემუქრება

10.05.2020 • 2608
როგორი იქნება კლიმატი 2070 წელს – ცვლილება 3,5 მილიარდ ადამიანს ემუქრება

50 წლის შემდეგ 3,5-მდე მილიარდი ადამიანი შესაძლოა სიცოცხლისთვის არახელსაყრელ ზონაში აღმოჩნდეს, თუ კი კაცობრიობა არ შეაჩერებს კლიმატის ცვლილებებს დედამიწაზე СО2-ის ემისიის შემცირებით – წერს გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“კვლევაზე დაყრდნობით, რომელიც ავტორიტეტულ სამეცნიერო გამოცემაში, აშშ-ის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში [PNAS] გამოქვეყნდა.

კვლევისთვის ავტორთა ჯგუფმა, რომელშიც შედიან ანთროპოლოგები, ეკოლოგები და კლიმატის ცვლილების მკვლევარები, შეისწავლეს პლანეტაზე ისტორიულად ჩამოყალიბებული დასახლებები.

მათი პროგნოზის თანახმად, პლანეტაზე ადამიანის საცხოვრებელი გარემო შემცირდება და, ამავე დროს, გლობალური დათბობა სერიოზული ზიანით ემუქრება ადამიანის საცხოვრებელ არეალს, რომელიც, მკვლევარების თქმით, პრაქტიკულად 6000 წელია არ შეცვლილა.

მეცნიერები ეყრდნობიან კლიმატის ცვლილების ექსპერტთა სამთავრობათშორისო ჯგუფის ბოლო მოხსენებას, რომელშიც ნათქვამია, რომ სათბური გაზების გლობალური კონცენტრაცია გაიზრდება. პროგნოზი ასევე ეყრდნობა პლანეტის მომავლის განვითარების საბაზო სცენარს და მოსახლეობის ზრდის დინამიკას, რომელიც მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა შეადგინა და, ასევე, გამოყენებულია კლიმატის ცვლილების ექსპერტთა სამთავრობათშორისო ჯგუფის ბოლო მოხსენებაში.

გათვლა აჩვენებს, რომ დედამიწაზე ის ადგილები, სადაც საშუალო წლიური ტემპერატურა გადააჭარბებს 29 გრადუსს, 2070 წელს 0,8 პროცენტით გაიზრდება და დედამიწის ხმელეთის 19 პროცენტს მიაღწევს.

პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ტემპერატურა გაიზრდება არა მხოლოდ დაუსახლებელ ზონებში, არამედ მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. პრაქტიკულად საცხოვრებლად შეიძლება უვარგისი გახდეს მნიშვნელოვანი არეალი სამხრეთ ამერიკაში, ინდოეთში, აფრიკაში, ჩრდილოეთ ავსტრალიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

კვლევაში მონაწილეობდნენ მეცნიერები მსოფლიოს 9 სამეცნიერო ცენტრიდან, მათ შორის: აშშ-დან, დანიიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან და დიდი ბრიტანეთიდან. მონაცემთა შესწავლის საფუძველზე მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ საშუალო წლიური ტემპერატურის ყოველი გრადუსით გაზრდამ შესაძლოა დაახლოებით მილიარდი ადამიანი დატოვოს სიცოცხლისთვის ვარგისი საცხოვრებელი გარემოს გარეშე. გლობალური დათბობა მხოლოდ ინდოეთში მოუსპობს სიცოცხლისთვის ვარგის გარემოს მილიარდ ადამიანს, ხოლო ნიგერიაში, პაკისტანში, ინდონეზიასა და სუდანში – არანაკლებ 100 მილიონს, თითოეულ ამ ქვეყანაში.

თუმცა ცვლილება მხოლოდ ამ ქვეყნებს არ შეეხება. ცხოვრება შეიცვლება ყველგან, უმრავლეს რეგიონში საშუალო წლიური ტემპერატურა 13 გრადუსიდან შესაძლოა 20 გრადუსამდე გაიზარდოს, რაც შეესაბამება ჩრდილოეთ აფრიკის ყველაზე ცხელი რეგიონების კლიმატს.

გააძლიერებს თუ არა კლიმატის ცვლილება გლობალურ მიგრაციას? – მეცნიერები თავს იკავებენ ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხისაგან და აღნიშნავენ, რომ მიგრაციის მიზეზები სხვადასხვაა, თუმცა ისინი ასეთ სცენარს შესაძლებლად მიიჩნევენ.

იმ რეგიონების უმრავლესობა, სადაც სამომავლოდ ტემპერატურის ზრდაა მოსალოდნელი, მსოფლიოს ღარიბი ქვეყნებია და მათი შესაძლებლობა, მოერგონ გაუარესებულ კლიმატს, შეზღუდულია, წერენ კვლევის ავტორები. ამას კი შესაძლოა ტრაგიკული შედეგი მოჰყვეს.

შორეულ წარსულში, როცა კლიმატი შეიცვალა, მას მასობრივი მიგრაცია და კონფლიქტები მოჰყვა, აღნიშნავს კვლევის თანაავტორი, არქეოლოგი ტიმ კოლერი ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან. კაცობრიობას სჭირდება გეგმა მსგავსი სამომავლო სცენარისთვის.

„კორონავირუსმა შეცვალა მსოფლიო ისე, რომ რამდენიმე თვის წინ ამის წარმოდგენა ძნელად იყო შესაძლებელი. ჩვენი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ კლიმატის დათბობას შეუძლია გამოიწვიოს მსგავსი პროცესები,“ – აცხადებს მარტენ შეფერი, რომელიც მეცნიერთა ჯგუფის პროექტს ხელმძღვანელობს. კლიმატური კრიზისი ისეთი შესამჩნევი არ არის, როგორც პანდემია, მაგრამ, ვირუსისგან განსხვავებით, სიტუაციის მოკლე ხანში გაუმჯობესების იმედი არ უნდა გვქონდეს – დარწმუნებულია შეფერი.

„კლიმატის დათბობა შეცვლის ტემპერატურას ქალაქებსა და ქვეყნებშიც კი, რაც დღეს მოსახლეობას ვერ წარმოუდგენია,“ – განაცხადა კვლევის შეფასებისას გეოგრაფმა, ეკსეტერის უნივერსიტეტის პროფესორმა ნილ ადგერმა. მისი სიტყვებით, რომელსაც „ვაშინგტონ პოსტი“ ციტირებს, ტემპერატურის ზრდა მსოფლიო ეკონომიკური გეოგრაფიის უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს გამოიწვევს.

_____________________

ფოტო: weforum.org

გადაბეჭდვის წესი


ასევე: