მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ძველ ბათუმში, დამწვარ სახლში, მერია ბინებს აუქციონზე გასაყიდად 1,08 მილიონ ლარად გაიტანს

30.01.2024 •
ძველ ბათუმში, დამწვარ სახლში, მერია ბინებს აუქციონზე გასაყიდად 1,08 მილიონ ლარად გაიტანს

ძველ ბათუმში, ზვიად გამსახურდიას 11 ნომერში მდებარე დამწვარ სახლში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ფართობებს/ბინებს მერია პირობებიან აუქციონზე გაყიდის.

პირობები ამ დროისთვის უცნობია, თუმცა ცნობილია ქონების საწყისი გასაყიდი ფასი – ჯამში 1 მილიონ 83 ათასი ლარი [სულ არის 452,19 კვადრატული მეტრი ფართობი, ანუ, 1 კვადრატული მეტრის საწყის გასაყიდ ფასად 2 395 ლარია განსაზღვრული].

ამასთან, ქონების მომავალ მყიდველს საშუალება ექნება აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი განვადებით – ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ წელში დაფაროს.

შესაბამისი ცვლილება ქალაქის მერიას საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში შეაქვს.

მერიამ შესაბამისი პროექტი საკრებულოს უკვე გადაუგზავნა და საკითხი საკრებულოს 2024 წლის 31 იანვრის სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი.

პროექტის მიხედვით, ზვიად გამსახურდიას 11-ში მდებარე მუნიციპალური ქონება საპრივატიზებო გეგმაში შემდეგნაირადაა შეტანილი:

მერიის მიერ საკრებულოში გადაგზავნილი პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ცვლილების მიზანია „228-240 პუნქტების ნაწილში პრივატიზების გეგმის ახალი რედაქციის ჩამოყალიბება, კერძოდ, ქონებების ერთ ლოტად განკარგვის შემთხვევაში თანხის გადახდის ვადად 12 თვის მითითება.“

იმავე ქონებასთან დაკავშირებით 2023 წელს მერიიდან საკრებულოში გაგზავნილ დოკუმენტებში კი აღნიშნული იყო, რომ მყიდველს საფასური 30 დღის ვადაში უნდა დაეფარა.

ამ სახლის ნაწილი 10 წლის წინ დაიწვა. მერიაში აცხადებდნენ, რომ იპოვიდნენ ინვესტორს, რომელიც ისტორიულ სახლს მისი პირველი იერსახით აღადგენდა, თუმცა ამ დრომდე არაფერი შეცვლილა. უცნობია, არის თუ არა ვინმე დაინტერესებული ამ ქონების შეძენით.

ვრცლად ამ თემაზე: დამწვარი სახლი ძველ ბათუმში მერიას საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეაქვს

ბათუმის მერიას, 2020 წლისთვის საკუთრებაში 115 ბინა ჰქონდა, სადაც არავინ ცხოვრობდა [აქედან 40 ბინა „იაფ სახლში“ ჯავახიშვილის ქუჩაზე; დანარჩენი 75 ბინა კი, ლერმონტოვის, ფიროსმანის, შერიფ ხიმშიაშვილის, გორგასლისა და ჯავახიშვილის კვეთაში, ჟიული შარტავას გამზირზე და აღმაშენებლის ქუჩებზე].

მერიის მაშინდელი ინფორმაციით, 2013-2020 წლებში, ოჯახებს სულ 218 ბინა გადასცეს, აქედან 9 ბინა – ზვიად გამსახურდიას N11-ში ხანძრით დაზარალებულებს.

ამ თემაზე ვრცლად ნახეთ სტატია არქივიდან: ბათუმის მერიას 115 ბინა აქვს, სადაც არავინ ცხოვრობს

„ბათუმელებმა“ ქალაქის მერიისგან ამჯერადაც გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რამდენი დაკეტილი ბინაა მერიის საკუთრებაში დღეს. ბათუმის მერია ამ ინფორმაციას მალავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: