მთავარი,სიახლეები

ონლაინვაჭრობით დაკავებულ კომპანიებს შეამოწმებენ

23.04.2020
ონლაინვაჭრობით დაკავებულ კომპანიებს შეამოწმებენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტრომ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ონლაინ ვაჭრობით დაკავებული კომპანიების შემოწმება დაიწყო. ონლაინვაჭრობის აკრძალვა იყო ერთერთი გადაწყვეტილება, რომლის აკრძალვის გამოც საქართველოს მთავრობას მწვავედ აკრიტიკებდნენ და აცხადებდნენ, რომ ამ მიმართულების შენარჩუნება წესების დაცვით იმ ფონზე, როცა ყველაფერი გაჩერებულია, საქართველოს ეკონომიკას „სუნთქვის საშუალებას მისცემდა“.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ონლაინვაჭრობით, გაჩერებული ეკონომიკის პირობებში, კერძო სექტორში დაახლოებით ორმილიარდიან ბრუნვას შეინარჩუნებდნენ. მათივე მოსაზრებით, აქტუალური გახდა კითხვა ამ მიმართულების გაჩერება იყო თუ არა რისკის საპირწონე კონკრეტულად ამ სფეროდან ვირუსის გავრცელების თვასაზრისით.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტთან ერთად, დამატებით იმ კომპანიების შემოწმებაც დაიწყო, რომლებიც დაკავებული არიან ან გადაეწყვნენ ონლაინ ვაჭრობაზე.

უახლოეს ერთ კვირაში სპეციალური ჯგუფი 260-მდე ობიექტის შემოწმებას გეგმავს, რომლებმაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უკვე მიმართეს საქმიანობის ონლაინ რეჟიმში გაგრძელებისა და მომხმარებლისთვის პროდუქციის ადგილზე მიტანის სერვისით მიწოდების უფლების მოთხოვნით.

მათ შორის არიან წიგნებით, სათამაშოებით, ელექტროტექნიკით, ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, პარფიუმერიით და სხვა სამომხმარებლო პროდუქციით ონლაინ ვაჭრობის განმახორციელებელი კომპანიები.

შემოწმების ფარგლებში კომპანიები ვალდებული იქნებიან დააკმაყოფილონ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი გაიდლაინის მიხედვით მოთხოვნილი რეკომენდაციები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, უახლოესი დღეების განმავლობაში ყოველდღიურად ათობით კომპანია შემოწმდება, რომლებიც ონლაინ ვაჭრობას ეწევიან ან აქვთ სურვილი, გადაეწყონ და სავაჭრო საქმიანობა ონლაინ გააგრძელონ.

„უახლოესი დღეები კონცენტრირებული ვიქნებით ონლაინ ვაჭრობით დაკავებული კომპანიების შემოწმებით, ვინაიდან როგორც კი დაიწყება საგანგებო შეზღუდვების შერბილება, ონლაინ ვაჭრობა იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი და პირველი დარგი, ვინც საქმიანობის განახლებას შეძლებს. შესაბამისად, გვინდა, რომ კომპანიები მომზადებული შეხვდნენ ფუნქციონირების დაწყების უფლებას. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციას პასუხობენ ის კომპანიები, ვინც ზოგადად სპეციალიზდება ონლაინ ვაჭრობაზე ან ვინც ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, ახლა გადაეწყო ონლაინ ვაჭრობაზე და ადგილზე მიტანის სერვისზე“ – აცხადებს ნათია თურნავა. მინისტრის ამ განცხადებას სამინისტრო ავრცელებს.

თუ რამდენად აკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს – ამ მიზნით, უახლოეს ერთ კვირაში ჯამში 450 ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი [მათ შორის ონლაინ ვაჭრობის განმახორციელებელი ობიექტები].

არიან კომპანიები, რომლებიც აცხადებენ, რომ შეავსეს პლიკაციები, რითაც ადასტურებენ მზადყოფნას მოთხოვნილი სტანდარტების დაკმაყოფილებაზე, თუმცა, ამ დრომდე მათთან შესამოწმებლად არავინ მისულა, შესაბამისად არც ნებართვები მიუღიათ.

ნგრევა და შენება ბათუმში კარანტინის დროს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: