მთავარი,სიახლეები

სოფლის მცხოვრებლები წყაროზე შეკრების გამო დააჯარიმეს – EMC

23.04.2020 • 1683
სოფლის მცხოვრებლები წყაროზე შეკრების გამო დააჯარიმეს – EMC

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) 23 მარტს კარანტინის რეჟიმის გამოცხადების შემდეგ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შექმნილ  მდგომარეობას აფასებს და მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.

EMC-ის  განცხადებით, სამი კვირის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციას 100-მდე ოჯახი დაუკავშირდა დახმარების თხოვნით. მიმართვების ყველაზე დიდი ნაწილი სახელმწიფოსგან ჰუმანიტარული მხარდაჭერის მიღებისა და მძიმე სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილებას უკავშირდებოდა.

  • 2-კვირიანი მონიტორინგის შედეგად გამოჩნდა, რომ ჰუმანიტარული დახმარების 80 მოთხოვნიდან მუნიციპალიტეტის მიერ მხოლოდ 14 დაკმაყოფილდა. ჰუმანიტარული დახმარების მთხოვნელთა სიაში იყვნენ ოჯახები მცირეწლოვანი ბავშვებით, მარტოხელა მოხუცები. დღეს ისინი კვლავ ამ დახმარების გარეშე არიან. ბოლნისისა და მარნეულის ბევრ სოფელში ან საერთოდ არ არის სასურსათო მაღაზია ან პროდუქტი იმდენად მწირია, რომ ვერ აკმაყოფილებს სოფლის მოსახლეობის საჭიროებას. სოფლების ძირითად ნაწილში არ არის აფთიაქი.
  • მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას ამძიმებს სასმელი წყალის დეფიციტი. უწევთ მეზობელი სოფლების  წყაროებიდან მოიმარაგონ წყალი, რისთვისაც ხშირად ერთიანდებიან სოფლის მცხოვრებლები და ავტომობილებით გადაადგილდებიან, შესაბამისად, ვერ იცავენ მანქანით გადაადგილების წესებს, რომელიც მთავრობამ დაადგინა. ცალკე საკითხია სოფლის წყაროზე მოსახლეობის შეკრებაც, რაც დამატებით რისკებს ქმნის. წყაროზე შეკრებების დროს დაჯარიმდნენ მოქალაქეები.
  • მოსახლეობის მძიმე სოციალურ მდგომარეობას ამძიმებს აგრესიული დაჯარიმების ფაქტები. დაჯარიმების მიზეზი ხშირადაა მოსახლეობის არაინფორმირებულობა და ენობრივი ბარიერი, მაგალითად, არასათანადოდ მიწოდებული ინფორმაციის გამო, საკარანტინო რეჟიმის გამოცხადების შემდეგ, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლად მცხოვრები მოსახლეობა ფიქრობდა, რომ გამოცხადებული რეჟიმი ეხებოდა მხოლოდ მუნიციპალიტეტის ქალაქებსა და სოფლებში საკარანტინო წესები არ მოქმედებდა. ამის გამო არაერთი დაჯარიმდა.

EMC-ი  მოუწოდებს  საქართველოს მთავრობას შეიმუშაოს კრიზისულ ვითარებაში სოციალური მხარდაჭერის ადეკვატური პოლიტიკა და დანერგოს კარანტინის რეჟიმში მყოფ რეგიონებში ეფექტიანი ჰუმანიტარული მხარდაჭერის პროგრამები.

მონიტორინგის დოკუმენტის სრული ვერსია შეგიძლიათ ნახოთ აქ.


მთავარი ფოტო /EMC

გადაბეჭდვის წესი


ასევე: