მთავარი,სიახლეები

ოჯახში ძალადობაზე მომართვიანობა გაორმაგებულია – საფარი

22.04.2020 • 1594
ოჯახში ძალადობაზე მომართვიანობა გაორმაგებულია – საფარი

შსს სამინისტრო ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ოჯახში ძალადობის შემთხვევები არ გაზრდილა. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ინფორმაციით, კარანტინის პერიოდში ოჯახში ძალადობის თემაზე მიმართვიანობა გაორმაგდა.

„როცა მოძალადე და მსხვერპლი 24 საათი ერთ სივრცეში არიან, ფსიქოლოგიური, ემოციური ფონი უფრო მეტად დამძიმებულია“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ბაია პატარაია, „საფარის“ დამფუძნებელი.

მისი თქმით, კარანტინის დღეებში ძალადობის მსხვერპლი ქალების ნაწილი თავს იკავებს პოლიციაზე მიმართვისგან, რადგან იმაზეც კი ფიქრობენ, შემაკავებელი ორდერის გამოწერის შემთხვევაში, სად უნდა წავიდეს მოძალადე.

„როცა ორდერი იწერება, ერთ სახლში ვეღარ იქნებიან მსხვერპლი და მოძალადე, სხვაგან ვეღარ წავა, რადგან კარანტინია და შეიძლება ნათესავთანაც ვერ მივიდეს ადამიანი. ამის გამო, ბევრი თავს იკავებს და ცდილობს არ ჩარიოს პოლიცია, თუმცა „საფარში“ რეკავენ, კითხულობენ რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ და ა.შ. იმ შემთხვევაში თუკი მოძალადე შვილია, დედა მაინც ფიქრობს, რომ ერთად უფრო გაუმკლავდებიან პრობლემას“, – გვეუბნება პატარაია.

პატარაიას თქმით, არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ძალადობის მსხვერპლები ორგანიზაციას უთანხმდებიან, რომ საჭიროების შემთხვევაში მათ გამოიძახონ პოლიცია.

კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, შეზღუდულია ავტომანქანების მოძრაობა, მათ შორის საქალაქო ტრანსპორტის, რის გამოც ძალადობის შემთხვევაში ადამიანები ფიზიკურადაც კი ვერ მიდიან პოლიციაში.

„ამ პრობლემის გარდა, არის ასეთი დამოკიდებულებაც, რომ ყველა ძალადობის შემთხვევა არ მთავრდება განქორწინებით ან გაშორებით, ძალადობას აქვს ფაზები, ზოგჯერ შეიძლება ძალიან გამწვავდეს, ზოგჯერ შეიძლება იკლოს ძალადობამ. ასეთ დროს, ადამიანები ცდილობენ პრობლემა მოაგვარონ. ზოგჯერ ოჯახში შემომტანი არის მოძალადე და არ არის ადვილი უთხრა „წადი“.

რომ გაშორდეს, ქალს შეიძლება სამსახური არ ჰქონდეს ან საცხოვრებელი და ა.შ. ზოგი არ მიიჩნევს, რომ გაშორება ამ შემთხვევაში გამოსავალია და უწევს არჩევანის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის, ან უბრალოდ ფიქრობს, რომ ახლა, ამ ჩაკეტილობის დროს პოლიციის ჩარევა არ არის საუკეთესო გამოსავალი“.

ბაია პატარაიას თქმით, ხშირად არც შემაკავებელი ორდერია გამოსავალი, თუკი ქალი დედამთილ-მამამთილის სახლში ცხოვრობს, რადგან ორდერის გამოწერის შემდეგ, შესაძლოა ის მათი მხრიდან გახდეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი.

„მაგალითად, უკრაინაშიც შემცირდა ოჯახში ძალადობის შემთხვევები პანდემიის დღეებში, თუმცა იქაც, ისევე როგორც ჩვენს რეალობაში შემცირდა არა ძალადობა, არამედ პოლიციაში მიმართვიანობა. რეალურად, ძალადობა არ შემცირებულა, პირიქით“.

„საფარი“ მაისის თვეში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის აპლიკაციას ჩაუშვებს, რომლითაც ადამიანებს მიმართვის შემთხვევაში სხვადასხვა სერვისის მიღება შეეძლებათ.

„აპლიკაციას უფრო მეტი ფუნქცია ექნება, ვიდრე შსს-ს ცხელ ხაზს. ამ აპლიკაციით მიმართვის შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლს შესაძლებლობა ექნება მიიღოს როგორც იურისტის, ასევე ფსიქოლოგის კონსულტაცია. გააგზავნოს შეტყობინება ახლობელთან, ან რომელიმე არასამთავრობოსთან, ვთქვათ თუ არ უნდა პირდაპირ პოლიციის ჩარევა“.

ბაია პატარაიას თქმით, ოჯახში ძალადობის შემთხვევებში ყველაზე მნიშვნელოვანია ძალადობის პრევენცია, რაც რეალურად ქვეყანაში არ მუშაობს.

„ამ რგოლის ფუნქცია უნდა შეასრულოს სოციალურმა მუშაკმა, რომელიც ოჯახთან მუშაობს. აუცილებელი არ არის, რომ კონფლიქტი პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულში გადაიზარდოს. შესაძლოა ყველა შემთხვევაში არ დაიწყოს გამოძიება, ასეთ დროს პრევენციის როლი სოციალურმა მუშაკმა უნდა შეასრულოს, მაგრამ ჩვენთან ეს რგოლი არის ყველაზე სუსტი“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: