მთავარი,სიახლეები

როდის ექნება მსოფლიოს პრეპარატი კორონავირუსის სამკურნალოდ? – BBC

22.04.2020 • 2710
როდის ექნება მსოფლიოს პრეპარატი კორონავირუსის სამკურნალოდ? – BBC

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში 150 000 გადააჭარბა, თუმცა აქამდე არ არსებობს წამალი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად Covid 19-ით ინფიცირებულთა სამკურნალოდ გამოდგებოდა.

  • როგორ მუშაობენ მედიკამენტებზე?

მთელ მსოფლიოში ახლა 150-ზე მეტ წამალს იკვლევენ, მათი უმრავლესობა აქამდეც არსებობდა, მაგრამ ახლა ვირუსზეც ცდიან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „სოლიდარობის“ კლინიკური კვლევები დაუშვა პარტნიორებთან ერთად, რომლის მიზანიც მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდებისა და მედიკამენტების აღმოჩენაა.

დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ მათ მკურნალობის მეთოდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კვლევა ჩაატარეს, რომელშიც 5000 პაციენტი იყო ჩართული.

მრავალი კვლევითი ცენტრი იყენებს უკვე მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა სისხლს, როგორც საშუალებას ინფიცირებულთა სამკურნალოდ.

  • რა ტიპის მედიკამენტები შეიძლება აღმოჩნდეს ეფექტური?
  1. ანტივირუსული პრეპარატები, რომლებიც ხელს უშლიან ვირუსის გავრცელებას ორგანიზმში;
  2. იმუნომარეგულირებელი პრეპარატები – რადგან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა მძიმდება, როცა იმუნური სისტემა იწყებს ორგანიზმისთვის ზიანის მიყენებას;
  3. ლაბორატორიაში დამზადებული ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების ანტისხეულები, რომლებსაც ვირუსისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლიათ.
  • რომელი პრეპარატია ყველაზე პერსპექტიული კორონავირუსის სამკურნალოდ?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის, ექიმ ბრიუს ეილვარდის თქმით, რემდესივირი ყველაზე საიმედო პრეპარატია, რომელსაც კორონავირუსთან ბრძოლის ეფექტური მაჩვენებლები აქვს და ჩინეთის შემთხვევებიდანვეა გატესტილი.

რემდესივირს ებოლას სამკურნალოდ იყენებენ, მაგრამ ეფექტური აღმოჩნდა covid 19-ით ინფიცირებულთა სამკურნალოდაც, თუმცა პრეპარატის სამსაფეხურიანი კლინიკური კვლევა ჯერ ბოლომდე არ დასრულებულა.

რემდესივირი ეფექტურია სხვა ტიპის კორონავირუსული ინფექციების შემთხვევაშიც, გამოცდილია ცხოველებზე და მეცნიერები იმედოვნებენ, რომ  კვლევების შედეგად პრეპარატი covid 19-ის სამკურნალო ყველაზე ეფექტური საშუალება იქნება.

ჩიკაგოს უნივერსიტეტის კვლევებითაც რემდესივირი ეფექტურია ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ. მედიკამენტის კვლევებს აწარმოებს ასევე „გილეადი“ – რემდესივირის მწარმოებელი კომპანია.

  • იკურნება თუ არა აივ/შიდსის პრეპარატებით კორონავირუსი?

პანდემიის დასაწყისში იმედს ამ პრეპარატებზეც ამყარებდნენ, მაგრამ ძალიან ცოტაა მტკიცებულება იმისა, რომ აივ/შიდსის პრეპარატების წყვილი – ლოპინავირი და რიტონავირი კორონავირუსის წინააღმდეგაც ეფექტურია.

არსებობს გარკვეული მტკიცებულებები, რაზე დაყრდნობითაც, შესაძლოა, საინტერესო რამ გამოვლინდეს ამ მედიკამენტების ლაბორატორიული ცდებისას, მაგრამ კორონავირუსით ინფიცირებულთა შემთხვევაში აივ/შიდსის პრეპარტებმა არასასურველი შედეგი აჩვენეს.

ამ მედიკამენტების საშუალებით გამოჯანმრთელების პროცესი არ გაუმჯობესებულა, არც სიკვდილიანობა შემცირებულა და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებთან არც ვირუსულ ფონზე მოუხდენია რაიმე ზეგავლენა.

აივ-შიდსის მედიკამენტები ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ, განსაკუთრებულად მძიმე პაციენტებთან გამოსცადეს, მათი მეოთხედი გარდაიცვალა, შესაძლოა პრეპარატების გამოყენება ამ პაციენტების შემთხვევაში დაგვიანებული იყო და წამლებმა ვერ იმოქმედა.

  • შუძლია თუ არა კორონავირუსის შეჩერება მალარიის წამალს?

მალარიის პრეპარატიც რემდესივირის მსგავსად კვლევის აქტიურ ფაზაშია. ქლოროქინსა და ჰიდროქსიქლოროქინს შესაძლოა აღმოაჩნდეს ანტივირუსული და იმუნომასტიმულირებელი მახასიათებლები.

პრეპარატები მედპერსონალის ყურადღების ცენტრში განსაკუთრებით ტრამპის განცხადებების შემდეგ მოექცა, როგორც პოტენციური კორონავირუსის საწინააღმდეგო საშუალებები, თუმცა ჯერ კიდევ არასაკმარისია მტკიცებულებები მათი ეფექტურობის დასადგენად.

ჰიდროქსიქლოროქინი, გარდა მალარიისა, გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ, რადგან პრეპარატს იმუნომარეგულირებელი მახასიათებლები აქვს. ლაბორატორიული ტესტების ჩვენებით მას შეუძლია გარკვეულწილად შეანელოს კორონავირუსის პროგრესირება და ექიმების ნაწილიც მიიჩნევს, რომ პაციენტებს ეხმარება, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ზუსტი მტკიცებულებები ჰიდროქსიქლოროქინის ეფექტურობაზე არ არსებობს.

  • რას ველით იმუნური პრეპარატებისგან?

როცა იმუნური სისტემა მეტისმეტად რეაგირებს ვირუსზე, ამან შესაძლოა მთელ სხეულში გამოიწვიოს ანთებითი პროცესი. ამ დროს გამოსავალი მთელი იმუნური სისტემის ერთი მიმართულებით, ვირუსისკენ მიმართვაა. ამ პროცესს ბევრი უკუჩვენება სდევს თან, შესაძლოა დაზიანდეს სხეულის სხვადასხვა ორგანო და თუ პაციენტი ვერ გაუძლებს, გამოჯანმრთელების ნაცვლად შესაძლოა შედეგი სასიკვდილოც იყოს.

აქტიურად იკვლევენ გაფანტული სკლეროზის და ანთებსაწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატ ინტერფერონ ბეტას. ინტერფერონები ქიმიური ნივთიერებების ჯგუფია, რომელიც ვირუსის გამრავლებას უშლის ხელს.

კვლევას გადის ასევე დიდ ბრიტანეთში დექსამეტაზონი – სტეროიდების ტიპი, რომელიც ანთებითი პროცესის შესანელებლად გამოიყენება.

  • შესაძლებელია თუ არა გამოჯანმრთელებულის სისხლით ინფიცირებულის მკურნალობა?

ადამიანებს, რომლებიც დაძლევენ ვირუსულ ინფექციას, სისხლში გამოუმუშავდებათ ანტისხეულები, მათ ვირუსთან ბრძოლის უნარი აქვთ.

თერაპიული მიზნებისთვის ძირითადად სისხლის პლაზმა გამოიყენება. პლაზმით აშშ-ში უკვე 500 პაციენტს უმკურნალეს წარმატებით. კვლევაში სხვა ქვეყნებიც არიან ჩართული.

  • როდის გვექნება წამალი?

გაცილებით ადრე, ვიდრე ვაქცინა, თუმცა ჯერ ძალიან ადრეა ვთქვათ, თუ როდის გვექნება ზუსტად კორონავირუსის სამკურნალო წამალი, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე უნდა მივიღოთ ზემოთჩამოთვლილი წამლების კვლევების შედეგები.

მხოლოდ ამ შედეგების შემდეგ იქნება შესაძლებელი ვაქცინის კვლევა და მისი ეფექტურობის დადგენა. (ვაქცინა ადამიანს ვირუსული ინფექციისგან დაიცავს, მაგრამ არ გამოიყენება სამკურნალოდ).

მეცნიერები უკვე არსებულ და ნაცნობ წამლებს იკვლევენ, ვაქცინაზე მუშაობა კი ნულიდან უნდა დაიწყონ – შესაბამისად ვაქცინა გაცილებით გვიან გვექნება ვიდრე ეფექტური წამლები.

ლაბორატორიებში რამდენიმე სრულიად ახალ ექსპერიმენტულ წამალსაც იკვლევენ კორონავირუსზე, თუმცა ამ პრეპარატების გამოცდა ადამიანებზე ჯერ ნაადრევია.

ეფექტური სამკურნალო საშუალებების დროულად გამოჩენა კორონავირუსს მსუბუქ დაავადებად აქცევს. ინფიცირებულთა უმრავლესობისთვის შინ მკურნალობაც საკმარისია პარაცეტამოლით და ბევრი სითხით. მაგრამ ქრონიკული დაავდების მქონე პირებს და რისკ ჯგუფებში მყოფ პაციენტებს ხანდახან ჟანგბადის მიშველება სჭირდებათ ვენტილაციის აპარატით.


მომზადებულია BBC-ის მიხედვით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: