„ვინაიდან საკითხი პირდაპირ კავშირშია მოქალაქეთა საკუთრებისა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზებასთან, აუცილებელია კანონმდებლობა ცალსახად და მკაფიოდ განსაზღვრავდეს 500-მეტრიანი მანძილის ათვლის კრიტერიუმებს…“ – ეს სახალხო დამცველის დასკვნაა „ქობულეთის ნაგვასაყრელის საქმეზე“. ნაგავსაყრელთან ახლოს მცხოვრები 4 მოქალაქე სახელმწიფოს სასამართლოში ედავება – ეს ოჯახები თვლიან, რომ ახალი ნაგავსაყრელის კანონით განსაზღვრულ 500 მეტრიან რადიუსში ცხოვრობენ და იზღუდება მათი საკუთრების, ასევე ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება.
ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა მთავრობამ 2019 წლის ზაფხულში დაიწყო. ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა ქობულეთში შესაძლოა შეჩერდეს, თუკი სასამართლო დაადგენს, რომ მშენებლობა უკანონოა, თუმცა სასამართლოს მგელაძეების სარჩელი ჯერ არ განუხილავს.
სახალხო დამცველმა ინფორმაცია შპს „ნარჩენების მართვის კომპანიისგან“ გამოითხოვა. აქ ომბუდსმენს უთხრეს, რომ ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც ოთხივე ოჯახი 500-მეტრიანი რადიუსის შიგნითაა, ვერ ექნება მტკიცებულების ძალა, „რადგან იგი გაკეთებულია ინტერნეტით მოპოვებული მონაცემების საფუძველზე და არა ადგილზე გასვლით, რაც იძლევა იმის მაღალი ალბათობის ვარაუდს, რომ ინტერნეტით მიღებულ მონაცემებსა და რეალურ მონაცემებს შორის არსებობდეს უზუსტობა“.
კომპანიამ სახალხო დამცველთან „ჯეოგრაფიკთან“ ერთად ჩატარებული აზომვითი ნახაზები აჩვენა, რომლის მიხედვითაც ოჯახები ბუფერული ზონის მიღმა არიან, ანუ ნაგავსაყრელს 500 მეტრით არიან დაშორებულები.
„პრობლემურია ნაგავსაყრელის საცხოვრებელი სახლიდან დასაშვები მანძილის გამოთვლის საკითხი,“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის წერილში. – „კანონმდებლობის თანახმად, მანძილი საცხოვრებელი სახლიდან ნაგავსაყრელის საზღვრამდე არანაკლებ 500 მეტრი უნდა იყოს… მართალია, რეგულაციით განმარტებულია, თუ რა იგულისხმება ტერმინში „ნაგავსაყრელი“, თუმცა ის, თუ რა უნდა მოვიაზროთ ნაგავსაყრელის საზღვრებად, ბუნდოვანია. როგორც პრაქტიკამ ცხადყო, საქმიანობის განმახორციელებელი ამ მანძილს ითვლის არა ნაგავსაყრელი პოლიგონის განთავსების მიწის ნაკვეთის საზღვრიდან, არამედ უშუალოდ იმ ადგილიდან, სადაც ნაგავსაყრელის ობიექტია განთავსებული,“ – აღნიშნავს სახალხო დამცველი.
სახალხო დამცველმა საკანონმდებლო რეგულაციების გამოსწორების მიზნით უკვე მიმართა მთავრობას. ომბუდსმენმა ასევე მიიჩნია, რომ გამოწვევად რჩება მოქალაქეებთან ადრეულ ეტაპზე კომუნიკაცია და ლეგიტიმურ კითხვებზე დამაჯერებელი და ამომწურავი პასუხების გაცემა.
მგელაძეები სასამართლოში საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, ასევე ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს წინააღმდეგ დაობენ, რომლის გაცემული ნებართვის საფუძველზეც ნაგავსაყრელის მშენებლობა დაიწყო. მოსარჩელეები ამ ნებართვის ბათილად ცნობას ითხოვენ.
იურისტი გიორგი ხიმშიაშვილის ინფორმაციით, რომელიც მოსარჩელეების ინტერესებს იცავს, მიუხედავად იმისა, რომ სადავო ნებართვის გამცემი ორგანო თბილისშია რეგისტრირებული, თბილისის საქალაქო სასამართლომ ეს საქმე ბათუმის სასამართლოს გადმოუგზავნა, ბათუმმა – უზენაეს სასამართლოს.
„ახლა უზენაესმა სასმართლომ უნდა გადაწყვიტოს, რომელმა სასამართლომ უნდა განიხილოს ეს დავა,“ – ამბობს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი.
ამ თემაზე:
როგორ იმუშავებს ახალი ნაგავსაყარი და რა ელის ძველს – ნარჩენების მართვა აჭარაში