მთავარი,სიახლეები

როგორ აისახება ნავთობის გაუფასურება პუტინის რეჟიმზე – ინტერვიუ

22.04.2020 • 1746
როგორ აისახება ნავთობის გაუფასურება პუტინის რეჟიმზე – ინტერვიუ

მას შემდეგ, რაც პანდემიის გამო მსოფლიომ მოძრაობა შეწყვიტა, ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა. ფასი ამ დღეებში „ნეგატიურიც“ კი გახდა, რაც სპეციალისტების განმარტებით, გულისხმობს იმას, რომ მწარმოებელი უხდის თანხას მყიდველს, რათა საცავები არ გადაეტვირთოს.

ნავთობის ისტორიული ფასის ვარდნას რუსეთისთვის უბრალო ეკონომიკურ პრობლემად არ აღიქვამს  საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში, ვალერი ჩეჩელაშვილი. იგი ამბობს, რომ ნავთობზე ფასის ვარდნამ კიდევ უფრო ნათელი გახადა, საითკენაც მიდის რუსეთი – „რონდელის ფონდის“ მკვლევარი მიიჩნევს, რომ რუსეთი იმ პოლიტიკურ სპირალში შევიდა, რომლის დასასრულიც ჩვენ წარსულიდან ვიცით.

როგორ აისახება ნავთობის ფასის ვარდნა რუსეთზე, რომელიც ნავთობის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია მსოფლიოში?  – „ბათუმელებმა“ ვალერი ჩეჩელაშვილს ამ თემაზე რამდენიმე კითხვა დაუსვა.

  • ბატონო ვალერი, თქვენი აზრით, როგორ აისახება რუსეთზე ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნა? 

ნავთობის ფასის ვარდნა გამოწვეულია ორი ძირითადი მიზეზით: ესაა პანდემია, გაჩერდა მსოფლიოში მოძრაობა და ფასები დაეცა. მეორე ფაქტორია რუსეთის უარი ოპეკი პლიუსის შეთანხმებაზე, როგორც ჩანს, ზედმეტი თავდაჯერებულობის გამო. რუსეთის ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა ერთ-ერთმა ბიზნესმენმა – იგორ სეჩინმა. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, მან დაარწმუნა პუტინი, რომ ნავთობზე ფასის ვარდნა არის დროებითი მოვლენა და ეს ბოლოს მოუღებდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ნავთობის წარმოებას, მაგრამ ეს იყო მცდარი გათვლა…

რუსეთის ამ უარის შემდეგ გაცილებით უფრო აგრესიული გახდა მსოფლიო ნავთობის ბაზარზე საუდის არაბეთი და ჯერ კიდევ მაშინ დაეცა დრამატულად ფასები. ახლა, როცა უარყოფით ნიშნულამდეა ფასი, ეს ნავთობმომპოვებელი ყველა ქვეყნისთვის არის დარტყმა, განსაკუთრებით – რუსეთისთვის, ვინაიდან რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ნახევარზე მეტი ფორმირდება ნავთობის და გაზის ექსპორტის შედეგად.

  • რა ჩანს, რამდენად აქვს რუსეთს რესურსი, გაუმკლავდეს ამ კრიზისს? 

რუსეთი პრინციპულად არ არის მზად, გაუმკლავდეს ამ გამოწვევას, ვინაიდან არ აქვს არანაირი ხედვა საკუთარი სოფლის მეურნეობის ან ეკონომიკური რესტრუქტურიზაციის. როგორც იყო ათეულობით წლის განმავლობაში, საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, რუსეთი ახლაც, ძირითადად, დამოკიდებულია ნავთობისა და გაზის ექსპორტზე. ხედვების არარსებობაა მთავარი პრობლემა რუსეთში და არა საკუთრივ ის, რომ ნავთობზე ფასი ეცემა.

პანდემიამ ნათლად გამოაჩინა ის სტრუქტურული პრობლემები, რაც რუსეთის ეკონომიკას აქვს… არაბეთის ქვეყნები მკვეთრ ფასდაკლებებს სთავაზობენ ევროპისა და აზიის ქვეყნებს. შესაბამისად, რუსულ „იურალს“ ეკარგება პერსპექტივა, რადგან ის ხარისხშიც მნიშვნელოვნად აგებს არაბეთის ნავთობთან.

უახლოესი ორი-სამი თვე ეს ვითარება გაგრძელდება. ამის შემდეგაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, ვფიქრობ, საუდის არაბეთი გააგრძელებს თამაშს დაბალ ფასზე, ვინაიდან არაბებმა გაითავისეს ახალი რეალობა – გლობალურად ნავთობის და გაზის ერა მთავრდება, ჩვენ შევდივართ აბსოლუტურად ახალ სამყაროში, ახალ ეკონომიკაში, სადაც წიაღისეულს აღარ იქნება იმდენად დიდი მნიშვნელობა… ქვეყნებს, რომლებსაც ნავთობის დიდი მარაგი აქვთ, შესაძლოა, აღმოჩნდნენ არალიკვიდური ნავთობის პირობებში… ამიტომაც აგრესიულ გაყიდვებს მიმართა საუდის არაბეთმა და იგი ამ პოლიტიკას გააგრძელებს.

  • თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, როგორი აისახება ეს ეკონომიკური კრიზისი რუსულ პოლიტიკაზე? 

რუსეთი ახლა შედის ძალიან რთულ სპირალში, რადგან დაემთხვა რამდენიმე ფაქტორი, როგორიცაა კორონავირუსი, რაზეც 6 თვის წინ წარმოდგენა არ გვქონდა, ნავთობის ფასების ვარდნა… რუსული პოლიტიკის მართვა არ გამოირჩევა ეფექტურობით, რადგან ვიცით, რომ რუსეთი არის ცენტრალიზებული სახელმწიფო, ფინანსური რესურსების 80 პროცენტი მოსკოვშია კონცენტრირებული და მოსკოვში დაწერილი ინსტრუქციებით ცდილობს პუტინი აცხოვროს მთელი ქვეყანა -კალინგრადიდან ვლადივასტოკამდე. თავის დროზე ამის გამო დაინგრა მეფის რუსეთი და შემდეგ – საბჭოთა კავშირი… ახლა ნათლად ჩანს სტრუქტურული პრობლემები, რომლებიც ბუნებრივად ახასიათებს რუსეთის ეკონომიკას და რომლის გადაწყობაზეც არ უფიქრია რუსეთის ხელისუფლებას.

თუ დავაჯამებთ რუსეთის ეროვნული ბანკის რეზერვებს, „ეროვნული კეთილდღეობის ფონდში“ აქვთ 150 მილიარდი დოლარი და 550 მილიარდი დოლარია ეროვნული ბანკის რეზერვში. მაგრამ ასე თუ გაგრძელდა, თან იმის გათვალისწინებით, რომ სერიოზულად არის გაზრდილი რუსეთის საგარეო დავალიანება, ეს რეზერვი შესაძლოა ამოიწუროს სულ რაღაც ერთ წელიწადში. ამიტომაცაა, რომ ვერ ბედავს პუტინი ამ ფონდების გამოყენების დაწყებას… რუსეთის ხელისუფლებას არ აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა გამოვიდეს რუსეთი ამ კრიზისიდან. ამიტომაც, ყველა ახალი მოქმედება აუარესებს და ძველ წერტილთან აბრუნებს ხელისუფლებას.

  • რა შეიძლება იყოს ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელება, რომელსაც თქვენ სპირალს უწოდებთ? 

ამ სპირალის ლოგიკური ბოლო იქნება რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების შესუსტება, დაიწყება მასობრივი გამოსვლები რეგიონებში, რაც საბოლოო ჯამში რუსეთს მიიყვანს ტრანსფორმაციის აუცილებლობასთან. როგორი იქნება ეს დასასრული: მშვიდობიანი თუ აგრესიული, რთული სათქმელია, მაგრამ ამ პრობლემების კასკადიდან რუსეთი დანაკარგების გარეშე  ნამდვილად ვერ გამოვა.

პუტინი უკვე 20 წელია ხელმძღვანელობს ამ სახელმწიფოს. თუ მას სურდა სტრუქტურული რეფორმების გატარება, ის ამას დღემდე გააკეთებდა. არ უნდა ველოდოთ პუტინის გარდაქმნას, ან მისი მსოფლმხედველობის შეცვლას. მთელი მსოფლიო იცვლება რუსეთის ირგვლივ, ხოლო რუსეთი განაგრძობს საკუთარ პოლიტიკას, როგორც ამას აკეთებდა მე-19 ან მე-20 საუკუნეში, ამას აკეთებს რუსეთი ძველი ბერკეტებით. რუსეთი ჩამორჩა თანამედროვე დინებებს. ეს უფროა დიდი ტრაგედია რუსეთისთვის. რუსეთი ახლა იმავე ციკლში მოექცა, რომელშიც თავის დროზე მოექცა რუსეთის მეფის იმპერია და შემდეგ საბჭოთა კავშირი.

  • რა იცვლება საქართველოსთვის ამ პროცესში, მათ შორის, ნავთობის ფასზე, რომელიც ხშირად ხდება პროტესტის საგანი? 

ჩვენ ვართ ნავთობის იმპორტიორი ქვეყანა და რაც უფრო დაბალი იქნება ნავთობზე ფასები, მით უფრო უკეთესი იქნება ჩვენთვის. ჩვენ ამ კუთხით რუსეთზე დამოკიდებული არ ვართ არანაირად, რადგან ეს არის გლობალური პროდუქტი და ვაჭრობაც ხდება გლობალურ პლატფორმებზე. ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ ნავთობი ნებისმიერი მიმართულებით: შავი ზღვის პორტებიდან, აზერბაიჯანიდან ან თურქეთის გავლითაც შეგვიძლია შემოვიტანოთ.

უფრო სხვა გამოწვევების წინაშე ვართ – ჩვენ უნდა ვიპოვით ადგილი ახალ მსოფლიოში, რომელიც უკვე ყალიბდება. ყველა თანხმდება იმაზე, რომ კორონავირუსის შემდეგ ჩვენ გვექნება ახალი მსოფლიო. ჩვენ არ ვიცით და ვერ ვხედავთ, რა მსოფლიო იქნება ეს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიაზროთ, რომ ისეთ საფრთხეებთან ბრძოლა, როგორიც არის კორონავირუსი, ითხოვს მთელი საერთაშორისო ძალების კონსოლიდაციას.

ამ თვალსაზრისით, ერთი მხრივ, გლობალიზაციის ტენდენციები ძლიერდება მსოფლიოში, მეორე მხრივ, ყველა დარწმუნდა, რომ უნდა შეინარჩუნოს ნაციონალური ეკონომიკის ავტონომიურობა: საკვების წარმოება, წყლით უზრუნველყოფა, ანუ ეს სისტემები უნდა იყოს გადალაგებული და აქ ოქროს შუალედის მონახვა – ეს არის მთავარი გამოწვევა, რომელიც დგას საქართველოს წინაშეც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: