მთავარი,სიახლეები

რას სთავაზობს სახელმწიფო ღარიბ ადამიანს საქართველოში და რას ბელგიაში

10.11.2024 •
რას სთავაზობს სახელმწიფო ღარიბ ადამიანს საქართველოში და რას ბელგიაში

42 წლის შორენა ცეცხლაძე, ორ არასრულწლოვან შვილთან და შშმ დედასთან ერთად რვა წელია ქირით ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც მეუღლეს გაშორდა, ორ შვილთან ერთად ღია ცის ქვეშ დარჩა. მისი შვილები, ალიმენტსაც კი ვერ იღებენ მამისგან.

შორენას არც მიწა აქვს და არც სხვა რაიმე უძრავი ქონება, ამიტომ სახელმწიფო დახმარება, რომელიც 600 ლარს შეადგენს, მთლიანად ბინის ქირაში იხარჯება.

როგორი უნდა იყოს სოციალური დახმარების მოდელი იმისთვის, რომ გარკვეული დროის შემდეგ სოციალური შემწეობის მიმღებმა პირმა თავი დააღწიოს სიღარიბეს? – ვკითხეთ შორენა ცეცხლაძეს.

შორენას აზრით, თუ სახელმწიფო არ მოაგვარებს უსახლკარობის პრობლემას, სოციალურ შემწეობაზე დამოკიდებული ადამიანი თავს ვერასდროს დააღწევს სიღარიბეს.

„მე რომ ბავშვების დახმარებას და სოციალური შემწეობის თანხას ბინის ქირაში არ ვიხდიდე, ალბათ 5-6 წელში შევძლებდი ფეხზე დადგომას. ახლა კი, მთელ დახმარებას ვიხდი ქირაში. შესაბამისად, არ გვრჩება საკვების ფული და იძულებული ვართ, ვისარგებლოთ მუნიციპალური სასადილოთი.

ბავშვებს ხომ სჭირდებათ სწავლა, ჯანმრთელობაზე ზრუნვა? ამისთვის ფული საერთოდ არ გვრჩება. ზოგჯერ სახლებს, სხვადასხვა ობიექტს ვალაგებ და ასე გაგვაქვს თავი.

ჩემ შემთხვევაში სამუშაოზე გასვლა რთულია იმიტომ, რომ მცირეწლოვანი შვილები მყავს. ასევე დედა, რომელსაც ცალი ფეხი არ აქვს, ლოგინადაა ჩავარდნილი და მოვლა სჭირდება.

ამის გამო, არც სოციალური დასაქმების პროგრამაში ჩამრთეს, დედა გყავს მისახედი, ბავშვები და ვერ იმუშავებო“, – ამბობს შორენა ცეცხლაძე.

მისი აზრით, თუ სახელმწიფო სიღარიბეში მყოფ ადამიანებს შესთავაზებს სოციალურ ბინას და მისცემს შესაძლებლობას, რომ ეს ბინა წლების მანძილზე გამოისყიდოს, უსახლკარობის პრობლემას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

„ამ თანხას, რომელსაც ქირაში ვიხდი, გადავიხდიდი სოციალურ ბინაში, თუკი სახელმწიფო შემომთავაზებდა და წლების შემდეგ ჩემი საკუთრება გახდება.

დროებითი საცხოვრისი მაინც უნდა მოგვცეს, რომ გავძლიერდეთ. მით უმეტეს დღეს, როცა ფასები კატასტროფულად იზრდება, ბინის ქირა 1000 ლარს აღწევს და ისიც არ ვიცი, ხვალ თუ შევძლებ ამ თანხის გადახდას.

სხვა შემთხვევაში, შეუძლებელია თავი დავაღწიო გაჭირვებას. მით უმეტეს, როცა მცირეწლოვანი ბავშვები მყავს და ჯანმრთელობის პრობლემებიც მაქვს. ძლივს ვახერხებ ფიზიკურად შრომას“, – ამბობს შორენა.

მისი თქმით, როცა მშობელი უბინაოა, იქ ბავშვიც ვერ აღწევს თავს სიღარიბეს. „სახელმწიფოს ალბათ ჰგონია, რომ ბავშვს ეხმარება 200 ლარით, რეალურად ეს თანხა ქირას ხმარდება და არა ბავშვის საჭიროებებს.

წყარო: „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის არის  უფასო წრეებიც, თუმცა ბონის კულტურის სახლში უნდა ატარო, სხვაგან ვერ წაიყვან. ეს ადგილი ტერიტორიულად ძალიან შორსაა ჩვენგან. წვიმიან ამინდში ჩვენი ქუჩა იტბორება და სკოლაშიც კი ძლივს ახერხებენ ბავშვები წასვლას. დასველებული მოდიან სახლში და ასე შორს, წრეზე ვეღარ ვუშვებ, ამიტომ ვცდილობ გადავიხადო თანხა და ისე ვატარო, სადაც მათ სურთ“, – გვეუბნება შორენა.

მისი აზრით, ადამიანებს სიღარიბის დაძლევაში დაეხმარებოდა შემდეგი მოდელიც – „თუ სახელმწიფოს პირობა იქნება, რომ ვთქვათ, ჩვენ სოციალური დახმარების პარალელურად დავსაქმდებოდით და ხელფასის აღება აღარ გახდებოდა სოციალური შემწეობის შეწყვეტის საფუძველი, ამ შემთხვევაში შევძლებდით ფინანსურად გაძლიერებას. შესაძლოა იყოს კონკრეტული ვადა, მაგალითად 5 წელი.

მაგრამ დღეს არსებული მოდელი ამის შესაძლებლობას არ გაძლევს. თუ მე დავსაქმდები, ვთქვათ 700-800-ლარიან სამსახურში, ეს თანხა მაინც არ იქნება საკმარისი ჩემი განვითარებისა და სიღარიბის დაძლევისთვის. მაგრამ თუ ამ თანხას დაემატება სახელმწიფო შემწეობა, შემოსავალი გამეზრდებოდა და მაშინ სადღაც 5-6 წელიწადში მოვახერხებ იმდენს, რომ აღარ დამჭირდეს სახელმწიფო დახმარებით არსებობა.

დღევანდელი მოდელი არც ჯანდაცვის სერვისებში გაძლევს შეღავათებს. ხერხემალი მტკივა, განცხადება დავწერე და დაფინანსება მოვითხოვე, 60 ლარი იყო ექიმის კონსულტაცია, მაგრამ უარი მივიღე, ძვირადღირებული კლინიკა გაქვთ მითითებულიო. არადა ერთი ჩვეულებრივი კლინიკა იყო.

დედაჩემი პენსიონერია და არც მას ჰყოფნის პენსია წამლებში, ამიტომ მაინც ვერ გწვდება სოციალური დახმარება.

ვფიქრობ, სახელმწიფომ უნდა გადახედოს სისტემას და გახადოს ის ადამიანებზე მორგებული. სხვა შემთხვევაში სიღარიბის დაძლევა შეუძლებელი იქნება“, – მიიჩნევს შორენა.

„ბათუმელები“ დაინტერესდა ევროკავშირის სოციალური სისტემით და ერთი ქვეყნის, ბელგიის მაგალითზე გაჩვენებთ, თუ როგორ ეხმარება იქ სახელმწიფო სოციალურად დაუცველ ადამიანებს, როგორ მუშაობს სისტემა და რა სერვისებით უზრუნველყოფს მოქალაქეს იმისათვის, რომ დაძლიოს სიღარიბე.

ამ თემაზე ჩვენ ვესაუბრეთ ნატალია პაიჭაძე-ართსის, რომელიც 15 წელია ბელგიაში ცხოვრობს, ამ ქვეყნის მოქალაქეა და კარგად იცნობს ქვეყნის სოციალურ მოდელს.

„ჩემი ოჯახის წევრს მიუღია სოციალური დახმარება. მაგალითად ჩემი გერი, რომელიც შშმ პირია, იღებს დახმარებას, ასევე მყავს ბელგიელი ნათესავები და მათ გამოცდილებაზე დაყრდნობითაც შემიძლია გაგიზიაროთ ჩემი ცოდნა“, – გვეუბნება ის.

ნატალია პაიჭაძე-ართსი

„დავიწყოთ უმუშევრობის დახმარებით. თუ ადამიანმა რაღაც მიზეზით დაკარგა სამსახური, ან შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა და ექიმი მისცემს ცნობას, რომ ის შრომის უუნაროა, სამსახური ვალდებულია ერთი თვის ხელფასი აუნაზღაუროს.

შემდეგ კი ამ პროცესში ერთვება სადაზღვევო, რომელიც იხდის ბოლოს დარიცხული ხელფასის 60 პროცენტს. რა დროც არ უნდა დასჭირდეს ადამიანს რეაბილიტაციისთვის, სადაზღვევო ამ თანხას იხდის.

თუ შშმ პირი ხარ და კომისია გიდასტურებს, რომ გაქვს განსაკუთრებული საჭიროება, გენიშნება სახელმწიფო დახმარება. ეს დახმარება განისაზღვრება ქულებით. ქულები დამოკიდებულია იმაზე, როგორია შენი ოჯახური მდგომარეობა. მარტო ცხოვრობ თუ შვილებთან ერთად. თუ მარტო ცხოვრობ, სახელმწიფო გიხდის 1000-1100 ევროს თვეში, ეს არის ყველაზე დაბალი შემწეობა. ზოგს აქვს 1300-1500 ევრო, ეს დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული.

თუ ამ ადამიანზე სხვა ოჯახის წევრებიც არიან დამოკიდებული, სახელმწიფო ცდილობს უფრო მეტი იყოს ფულადი დახმარება.

ბელგიაში ბავშვებს სახელმწიფო ცალკე უნიშნავს დახმარებას. პირველ ბავშვზე 120 ევროა დახმარება, მეორეზე 200, მესამეზე კიდევ უფრო მეტი და ასე შემდეგ. ამ დახმარებას ბავშვი იღებს 25 წლის ასაკამდე.

თუ ქალი მარტოხელა დედაა, ასეთ შემთხვევაში 1300 ევროა ქალის დახმარება. ქალს შეღავათი აქვს კომუნალურ გადასახადებში – დენზე, გაზზე, წყალზე, დასუფთავებაზე განახევრებული ტარიფით იხდის, მეოთხედს იხდის მგზავრობაში, ჯანმრთელობის დაზღვევაში და ასე შემდეგ“, – გვეუბნება ნატალია პაიჭაძე-ართსი.

მისი თქმით, დახმარების თანხიდან, რომელსაც კონკრეტული მოქალაქე იღებს, ჯანმრთელობის დაზღვევაში 130 ევროს იხდის წელიწადში.

„სამედიცინო პაკეტში შედის ყველაფერი, ყველანაირი მომსახურება. თანაც სახელმწიფო ეუბნება, რომ ეს 130 ევრო შეუძლია გადაიხადოს ერთდროულად ან ნაწილ-ნაწილ.

გარდა ამისა, დაზღვევა გთავაზობს ჰოსპიტალურ მომსახურებასაც, რაშიც იხდი 98 ევროს. მთლიანობაში ჯანმრთელობის დაზღვევა გამოდის 228 ევრო წელიწადში“, – ამბობს ნატალია პაიჭაძე-ართსი.

  • როგორია სოციალური ბინის მიღების პირობები და ვადები ბელგიაში?

როგორც ნატალია გვიხსნის, სოციალური სტატუსის მიღების შემდეგ, ბელგიის მოქალაქეს ეძლევა შესაძლებლობა დადგეს სოციალური ბინის რიგში. ავსებს განაცხადს და ელოდება. ლოდინმა შეიძლება გასტანოს 3 ან 4 წელიც კი, თუმცა, შესაძლოა უფრო მალეც მიიღოს პირმა ბინა.

„როცა სოციალურ ბინას მოგცემენ, წინასწარ უნდა დაუსახელო შენს მუნიციპალიტეტს სამი რეგიონი, სადაც ისურვებდი ცხოვრებას და აქედან რომელიმეში მიიღებ სოციალურ ბინას. ბინის მიღების შემდეგ ვეღარ შეცვლი რეგიონს.

სოციალური ბინა მოქალაქეს არ გადაეცემა საკუთრებაში, თუმცა მას შეუძლია იქ იცხოვროს მთელი ცხოვრება. თუ შვილი გყავთ ან მერე შეგეძინებათ, მათაც შეუძლიათ იცხოვრონ ამ ბინაში თქვენთან ერთად, თუმცა ბინა შვილების საკუთრებაში ვერ გადავა“, – ამბობს ნატალია.

მისი თქმით, სოციალურ ბინაში ბენეფიციარი დაახლოებით 100/200 ევრომდე იხდის, რომელსაც სოციალური შემწეობის თანხიდან ფარავს. თუმცა, თუ ბენეფიციარი იტყვის, რომ მას ურჩევნია ბინა თვითონ იქირაოს, ამის უფლებაც აქვს.

„თუ სოციალური შემწეობა გაქვს 1000 ევრო, მაგრამ შენ იტყვი, რომ 700 ევროდ იქირავებ ბინას, ეს კითხვებს გააჩენს, რადგან 300 ევროდ თავს ვერ ირჩენ. ამიტომ ბინა შესაბამის ფასად უნდა დაიქირაო, რომ არ შემოგედავოს სახელმწიფო.

არის შემთხვევები, როცა ამ მიზერულ თანხასაც არ ახდევინებენ ოჯახებს. გააჩნია ოჯახის მდგომარეობას“, – ამბობს ნატალია.

თუ ადამიანს სურს, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სერვისებზე ხელი მიუწვდებოდეს, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს მისამართი ბელგიაში და უნდა იყოს მოქალაქე, რადგან სოციალურ ინსტიტუციებს ჰქონდეს მასთან წვდომა.

„თუ იტყვი, რომ ნათესავთან ან მეგობართან ცხოვრობ, ასეთ შემთხვევაში სხვა სირთულეები იჩენს თავს. მაგალითად, ბელგიაში ყველა ოჯახი წლის ბოლოს ავსებს  დეკლარაციას და იხდის საშემოსავლო გადასახადს. თუ შემოსავლები დაბალია, წელიწადში ერთხელ, სადაზღვევო გარკვეულ თანხას უკან უბრუნებს ოჯახს.

მაგრამ თუ შენ სამ თვეზე მეტი ხნით დარჩები სხვის ბინაში, შენი სოციალური დახმარების თანხა აისახება ამ ოჯახის შემოსავლებში ან პირიქით, შენზე აისახოს მასპინძელი ოჯახის შემოსავლები და ეს გაუზრდის ამ ოჯახს გადასახადებს და ეს გამოიწვევს გარკვეული შეღავათების მოხსნას ამ ოჯახზე. შესაბამისად, ბელგიაში ვერავის ეტყვი, რომ ჩაგწეროს მის ბინაში.

ამიტომ, ვისაც სოციალური დახმარება ენიშნება, ყველა ცდილობს, რომ თვითონ იქირაოს ბინა“, – ამბობს ნატალია.

ბელგიაში ცალკე არსებობს თავშესაფრები, მაგალითად, ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის, რომლებსაც შესაძლოა ღამის გასათევი არ ჰქონდეთ და სასწრაფო დახმარებას საჭიროებდნენ, „ასეთ ადამიანებს აძლევენ დროებით თავშესაფარს“.

ნატალიას თქმით, ცალკე სერვისი არსებობს იმ ადამიანებისთვის, ვისაც მისამართი არ აქვს და ეს ადამიანები სხვა პროგრამებში არიან ჩართული.

  • როგორი უნდა იყოს ბინა, რომელსაც ბენეფიციარი ქირაობს?

საქართველოში ძალიან ხშირად, სოციალურად დაუცველ პირებს უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება, რადგან კეთილმოწყობილი ბინის დაქირავების ფასი ძალიან მაღალია. სიღარიბეში მყოფ პირებს ისეთი ბინის აღება უწევთ, სადაც ელემენტარული საცხოვრებელი პირობებიც კი არ არის გათვალისწინებული.

ბინების გარკვეული ნაწილი ნესტიანი და ობიანია, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების, განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობას.

როგორც ნატალია გვიხსნის, ბელგიაში ბინის გაქირავების სტანდარტები არსებობს და თუ პირი ამ სტანდარტით გათვალისწინებულ პირობებს ვერ დააკმაყოფილებს, ბინას ვერ გააქირავებს.

„აქ არსებობს სპეციალური კომისია, რომელიც ამ სტანდარტების შესაბამისად ამოწმებს გასაქირავებელ ბინას. ამოწმებს როგორაა გაზი დამონტაჟებული და საფრთხეს ხომ არ შეიცავს ვინმესთვის, როგორია წყლის სისტემა, სოკო ხომ არ აქვს კედლებს, ყველა ეს დეტალი არის გათვლილი. თუ კომისია ვერ გაიარა გამქირავებელმა, ბინას ვერ გააქირავებს.

ასევე, ახალი კანონით გამქირავებლებს დაევალათ, რომ თბორეგულაციაზეც იზრუნონ. თუ მაგალითად ბინა 500 ევროდ ვიქირავე და ამდენივე მარტო გაზის გადასახადი დამიჯდა, რადგან ვერ ვათბობ ბინას, ასეთ ბინას არავინ იქირავებს. ამიტომ გაქირავების დროს, ყველგან არის მითითებული ენერგო კოეფიციენტი.

მეორე, ბინაში აუცილებლად უნდა იყოს პირველადი მოხმარების ტექნიკა – სარეცხი მანქანა, ჭურჭლის მანქანა, სამზარეულოს კარადა, ინტერნეტი და საკაბელო ტელევიზია“, – გვეუბნება ნატალია პაიჭაძე-ართსი.

მისი თქმით, ადამიანზე მორგებული სოციალური პოლიტიკის წარმოების გარდა, ბელგიის ხელისუფლება ყოველ წელს ზრდის ხელფასებს (ფასების ზრდის პარალელურად), „ამიტომ არ არის სოციალური ბუნტი ამ ქვეყანაში“, – ამბობს ნატალია.

2024 წლის აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში 682 ათასი ადამიანი იღებს სოციალურ შემწეობას, რაც ისტორიული მაქსიმუმია.

„ეს არის კატასტროფული მაჩვენებელი“, – ამბობს „ბათუმელებთან“ არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელი მარიამ ჯანიაშვილი.

ეს ორგანიზაცია წლებია მუშაობს საქართველოში არსებული სოციალური პოლიტიკის ანალიზზე. ამიტომ მარიამ ჯანიაშვილს ვთხოვეთ შეეფასებინა საქართველოში არსებული სოციალური დახმარების მოდელი და ესაუბრა იმაზე, თუ რა უშლის ხელს ამ ქვეყანაში ადამიანებს სიღარიბის დაძლევაში და რატომ ვერ მუშაობს სახელმწიფო დახმარების მოდელი სათანადოდ.

ჯანიაშვილი მარიამ

„სოციალური დახმარების სისტემა 2006 წლიდან არსებობს ქვეყანაში და მიზანი იყო ის, რომ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანები გადაერჩინა. წლები გავიდა, პროგრამა გარკვეულწილად შეიცვალა თუმცა, ძირითადი პრინციპები ფაქტობრივად არ შეცვლილა.

სოციალური დახმარების მიმღებთა რიცხვი განსაკუთრებით გაიზარდა 2020-21 წლებში და ამას ხსნიდნენ პანდემიით, რადგან სოციალური აგენტები ვერ ახერხებენ ოჯახების გადამოწმებასო, თუმცა პანდემია დასრულდა და ეს ადამიანები ისევ არიან სისტემაში.

ბოლო მონაცემებით კი, სოციალურ შემწეობას ქვეყანაში 682 ათასზე მეტი ადამიანი იღებს, რაც კატასტროფული მაჩვენებელია“, – ამბობს მარიამ ჯანიაშვილი.

  • რა მნიშვნელოვანი ჩავარდნები აქვს სისტემას

„თუკი ადრე სისტემა ეუბნებოდა ადამიანს, რომ მას არ უნდა ჰქონოდა კბილის პასტა, საპონი და სხვა პირველადი მოხმარების ნივთები სახლში იმისათვის, რომ მიეღო სახელმწიფო დახმარება, წლების შემდეგ ეს მიდგომა შეიცვალა, თუმცა დღეს არსებული მოდელიც არ აძალებს ადამიანს უფლებას, რომ განვითარდეს.

მაგალითად, სისტემა ეუბნება ადამიანებს, რომ შენ არ უნდა გათბე ზამთარში, რადგან თუ ბენეფიციარი გადაიხდის მაღალ კომუნალურ გადასახადებს, სისტემა მას სოციალურ დახმარებას შეუჩერებს.

ჩვენთვისაც უთქვამს ბენეფიციარს, რომ ზამთარში არ ვრთავ გათბობას, როცა გადამოწმების პერიოდი მოდის, მაღალი გადასახადი რომ არ მომივიდესო. სისტემა არ ინტერესდება იმით, ისესხა ამ ადამიანმა გაზის გადასახადისთვის თანხა თუ სხვამ დაუფარა. იქნებ საკვებზე, ტანსაცმელზე, წამალზე მოიკლო ადამიანმა და ისე გადაიხადა, ამას არავინ კითხულობს.

ეს სისტემა რეალურად ლახავს ადამიანის ღირსებას, ართმევს იმის შესაძლებლობას, რომ მინიმალური საჭიროებები დაიკმაყოფილოს.

ასევე, თუ სახლში გაქვს პარკეტი, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლისაა, ან გაქვს მიწა, კომპიუტერი ამ მონაცემებს ფუფუნებაში გითვლის და ესეც ხდება სოციალური შემწეობის შეჩერების მიზეზი. არავინ კითხულობს იმ მიწის დამუშავება შეუძლია თუ არა ადამიანს ან რა მდგომარეობაშია ის მიწა“, – ამბობს მარიამ ჯანიაშვილი.

მისი თქმით, სიტუაციას ართულებს ისიც, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტს სხვადასხვა მოთხოვნები აქვს და თუ ერთი მუნიციპალიტეტი ვთქვათ რაღაც ქულაზე გასცემს კონკრეტულ სერვისს, მეორე მუნიციპალიტეტი არ გასცემს იგივე ქულაზე სერვისს.

მუნიციპალიტეტები, როგორც ჯანიაშვილი გვეუბნება, არც კი ინტერესდებიან იმით, რომ შეისწავლონ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა და ისე ჩართონ ისინი სხვადასხვა სახელმწიფო სერვისებში.

„მაშინ როცა მუნიციპალიტეტები უნდა იყვნენ პროაქტიულები, შეხვდნენ მოსახლეობას, განსაკუთრებით მათ, ვინც ცენტრიდან მოშორებით ცხოვრობს და აქვს მრავალნაირი გამოწვევა, ან ტრანსპორტი არ არის სოფელში ან უკიდურესად ღარიბია და ვერ აღწევს მერიამდე, საერთოდ არ ინტერესდება ხალხის ყოფით.

იუნისეფის ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ადამიანების დაახლოებით მესამედი, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ, საერთოდ არ მიმართავენ სახელმწიფოს იმისთვის, რომ შეაფასონ და შესაბამისი დახმარება აღმოუჩინონ, რადგან არ აქვთ სისტემის ნდობა.

ნაწილი მიმართავს, მაგრამ მეთოდოლოგიური ხარვეზების გამო და უსამართლობის გამო, ამ სისტემაში საერთოდ ვერ ხვდება და რჩება გარიყული ამ სისტემიდან“, – ამბობს მარიამ ჯანიაშვილი.

  • დღეს არსებული სისტემა აძლიერებს ბენეფიციარს და ეხმარება თუ არა სიღარიბის დაძლევაში?

პასუხი არის „არა“ და „ვერა“ – ამაზე მიუთითებს შემწეობის მიმღებთა მზარდი რიცხვები და ისიც, რომ ეს ადამიანები 10-14 და მეტი წელი არიან ამ სისტემაში ჩართული და თავს ვერ აღწევენ.

სისტემა კი არ აღმოფხვრის სიღარიბეს, უბრალოდ ადამიანის ფიზიკურ გადარჩენაზეა ორიენტირებული და სხვა არაფერი შეუძლია, რადგან სახელმწიფო დახმარება 30-60 ლარია თვეში ერთ ადამიანზე და ამ თანხით უბრალოდ შეუძლებელია დაძლიო სიღარიბე.

ბავშვების დახმარების თანხა ბოლო წლებში შედარებით გაიზარდა და ახლა 200 ლარია ერთ ბავშვზე, თუმცა ფაქტები აჩვენებს, რომ ეს დახმარება არა ბავშვს, არამედ ოჯახის საჭიროებებს, მათ შორის ბინის ქირას ხმარდება“, – ამბობს მარიამი.

მისი თქმით, როცა ვსაუბრობთ გამართულ სოციალურ სისტემაზე, ძალიან მნიშვნელოვანია აქცენტი გაკეთდეს საცხოვრისზე, რადგან ადამიანები, რომლებიც არიან სოციალურ-ეკონომიკურ მოწყვლადობაში, ვერ გაძლიერდებიან საცხოვრისის გარეშე.

წყარო: „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

„მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ვსაუბრობთ წლებია და მოვუწოდებთ სახელმწიფოს, რომ დაითვალოს, განსაზღვროს უსახლკარობის რა მასშტაბია ქვეყანაში, სახელმწიფო ყოველთვის თავს არიდებს ამ საკითხს, რადგან იცის, რომ ეს რიცხვები სავარაუდოდ იქნება ძალიან მაღალი.

უსახლკარო ადამიანების აქცია ბათუმის მერიასთან/ფოტო: „ბათუმელები“/2024

საცხოვრისზე დახარჯულმა თანხამ არ უნდა წაართვას ოჯახს სახელმწიფოსგან მიღებული შემწეობა და დატოვოს ისე, რომ ვეღარ დაიკმაყოფილოს მინიმალური საარსებო სტანდარტი.

ამას მოჰყვება შემდეგ ის პროცესები, რაც გვაქვს „ოცნების ქალაქში“, ეგრეთ წოდებულ „აფრიკის დასახლებაში“ თბილისში, როცა ადამიანები თვითდახმარების მიზნით დასახლდნენ გარკვეულ ტერიტორიაზე, შემდეგ კი მიდის სახელმწიფო და უნგრევს ამ საცხოვრისსაც.

სახელმწიფოს მხრიდან ჩვენ ვხედავთ სიღარიბის ინსტრუმენტალიზებასაც, როცა ხელისუფლება, განსაკუთრებით კი მმართველი პარტია წინასაარჩევნოდ იყენებს ამ ხალხის სოციალურ მოწყვლადობას.

ზოგს ემუქრებიან, რომ შეუწყდება სოციალური შემწეობა, თუ მმართველ პარტიას არ მისცემენ ხმას, ზოგს უკანონოდ დაკავებულ ფართებს უკანონებენ ხმის სანაცვლოდ, ან არჩევნების წინ გადასცემენ ხოლმე ბინებს.

სოციალური დახმარების თემა მაინც გადაქცეულია იმად, რომ თითქოს ეს ყველაფერი არის კონკრეტული პარტიის კეთილი ნება და არა სახელმწიფოს ვალდებულება.

ამ ადამიანებს ეუბნებიან, რომ თუ შენ ხარ სიღარიბეში, თუ არ გაქვს საცხოვრებელი, ეს არის შენი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და არა ის, რომ მე, როგორც სახელმწიფო ჩავფლავდი და ვერ დაგიცავი სიღარიბისგან.

მოქალაქეც, თუკი მიიღებს მინიმალურ დახმარებას, მადლიერად და დავალებულად გრძნობს თავს სახელმწიფოს წინაშე, თითქოს ვიღაც პირადი ჯიბიდან იღებდეს ამ შემწეობას და არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომელიც ხალხის გადასახადებით ივსება.

ხელისუფლების მხრიდან სიღარიბე გახდა მოქალაქეებზე ზემოქმედების იარაღი და არა მათი სიღარიბიდან ამოყვანის საშუალება.

ამის მაგალითია ფიქციური დასაქმების პროგრამაც.

წლების წინ, მთავრობა ლაპარაკობდა იმაზე, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანები ზარმაცები იყვნენ და ამიტომ მათი გააქტიურება იყო საჭირო. შექმნეს დასაქმების პროგრამაც, მაგრამ საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ სახელმწიფომ პროფესიული უნარების კუთხით კი არ გააძლიერა ბენეფიციარი, არამედ პარტიული კონტროლი დააწესა ამ ხალხზე და აქცია საარჩევნოდ ხმების მიღების ინსტრუმენტად. საერთოდ არ გაითვალისწინა მაგალითად შშმ პირები და მარტოხელა ქალები, ვისაც ყველაზე მეტი მხარდაჭერა სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან“, – ამბობს მარიამ ჯანიაშვილი.

უსახლკარო ადამიანები/ფოტო: „ბათუმელები“

მისი შეფასებით, სანამ არ შეიქმნება ადამიანებზე მორგებული სისტემა, არ იქნება უზრუნველყოფილი ღარიბი ადამიანები სოციალური საცხოვრისით, არ იქნება უმუშევრობის დაზღვევა, რომელსაც საერთოდ არ ითვალისწინებს საქართველოს სოციალური პოლიტიკის მოდელი, ადამიანები ვერ დააღწევენ თავს გაჭირვებას.

„პრობლემაა ისიც, რომ ჩვენს ქვეყანაში, ქუჩაში მცხოვრებ ადამიანს არ აქვს საარსებო შემწეობის მიღების უფლება, რადგან არ აქვს მისამართი. ეს საკითხი ჩვენ გავასაჩივრეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, სასამართლომ 2018 წელს დაასრულა არსებითი განხილვა, თუმცა ამის შემდეგ ამაზე არაფერი გვსმენია.

საჭიროა სისტემის მოდიფიცირება, რომ ყველა ის კომპონენტი იყოს გათვალისწინებული სოციალური დაცვის სისტემაში, რაც ადამიანს სიღარიბეს დააძლევინებს და არ ჩააყენებს ღირსების შემლახავს მდგომარეობაში“, – ამბობს მარიამ ჯანიაშვილი.


ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა მიიღო დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID).

ბათუმელები/ნეტგაზეთი ინარჩუნებს სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას.

ბათუმელების/ნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებული მასალა არ ასახავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: