მთავარი,სიახლეები

ტიკარაძე: 9 მაისისთვის დაახლოებით 2 ათასი ინფიცირებული იქნება, ცუდ შემთხვევაში – 4 ათასი

16.04.2020
ტიკარაძე: 9 მაისისთვის დაახლოებით 2 ათასი ინფიცირებული იქნება, ცუდ შემთხვევაში – 4 ათასი

ტიკარაძის თქმით, იმ შემთხევაში, თუ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა, მოქალაქეებს თავიანთი სახლების დატოვება მხოლოდ სპეციალური შეტყობინების გაგზავნის შემდეგ შეეძლებათ.

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ სხვა შემთხვევაში ხელისუფლება იძულებული იქნება, საყოველთაო კარანტინი გამოაცხადოს.

„ეს გულისხმობს, რომ მოქალაქეებს მხოლოდ ჩვენი მეთვალყურეობით და გარკვეული მესიჯის გაგზავნის შემთხვევაში ექნებათ თავიანთი ბინის დატოვების შესაძლებლობა და ამ მესიჯშიც გაწერილი იქნება დეტალურად ის საჭიროება და ტრაექტორია, თუ რომელი ტრაექტორია  აქვთ მათ გასავლელი და რა მიზნით,“ – ამბობს ტიკარაძე.

ტიკარაძე ამბობს, რომ ამ კომპონენტის დამატება იმ აპლიკაციაშიც განიხილება, რომელიც სამინისტრომ დღეს წარადგინა. საუბარია მობილურ აპლიკაციაზე, სახელად – Stop Covid, რომელიც მომხმარებლებს შეატყობინებს, ჰქონდათ თუ არა კონტაქტი ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პირებთან.

„ჩვენ გვაქვს გათვლები, რომელსაც ვეძახით დინამიურსა და ერთმომენტიანს. საშუალო სიმძიმისთვის ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 9 მაისისთვის იქნება დაახლოებით 2 ათასი ინფიცირებული პაციენტი და ცუდი გამოსავლების შემთხვევაში, ჩვენ გვეყოლება დაახლოებით 4 ათასი დადასტურებული შემთხვევა, რაც, რა თქმა უნდა, უფრო დრამატული სურათია,“ – ამბობს ტიკარაძე.

მისივე თქმით, თუ მომავალ ორ კვირაში ხელისუფლება დაინახავს, რომ არის თუნდაც 2 ათასი დადასტურებული შემთხვევა – „ჩვენ იძულებულები ვიქნებით, გამოვაცხადოთ საყოველთაო კარანტინი და ვმართოთ ყოველივე უმკაცრესი ხერხით“.

საქართველოში, 16 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსი 336 შემთხვევაში დადასტურდა – ბოლო 24 საათში მაჩვენებელი 30-ით გაიზარდა, აქედან გამოჯანმრთელდა 75, ხოლო გარდაიცვალა – 3 ადამიანი.

ეს მონაცემი ნიშნავს, რომ ქვეყანაში აქტიური 259 პაციენტია, ანუ ის პირები, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა და ვინც ახლა კლინიკაში მკურნალობს.

ეკატერინე ტიკარაძემ გუშინ განაცხადა, რომ ქვეყანაში გვყავს 256 ინფექციონისტი, შესაბამისად შეგვიძლია მოვუაროთ მხოლოდ 853 ინფექციურ პაციენტს.

ვრცლად თემაზე:

გვყავს 256 ინფექციონისტი, შეგვიძლია მოვუაროთ მხოლოდ 853 ინფექციურ პაციენტს – მინისტრი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: