მთავარი,სიახლეები

ბათუმის საბავშვო ბაღებისთვის 14 მეორად პიანინოს ყიდულობენ

25.11.2019 • 4321
ბათუმის საბავშვო ბაღებისთვის 14 მეორად პიანინოს ყიდულობენ

ბათუმის საბავშო ბაღების გაერთიანება 14 ცალ პიანინოს 35 ათას ლარად შეისყიდის. გაერთიანებამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. პირობის მიხედვით, პიანინო უნდა იყოს ახალი [გამოუყენებელი] ან/და მეორადი [ექსპლუატაციაში შესული] რესტავრაციის გარეშე.

გაერთიანების ინფორმაციით, პიანინოებს ბათუმის იმ საბავშვო ბაღებს გადასცემენ, სადაც არსებული ინსტრუმენტები რესტავრაცია-აღდგენას აღარ ექვემდებარება. ეს ბაღებია: N1, 2, 3, 4, 8, 13, 14, 16, 17, 29, 30, 31, 33 და საბავშვო ბაღი N34.

ბაღების გაერთიანება ორი წლის წინ ახალი, ციფრული ფორტეპიანოების შესყიდვას გეგმავდა და ტენდერებიც გამოცხადებული იყო, თუმცა გაერთიანებამ ის ტენდერები შეწყვიტა.

რატომ თქვა უარი გაერთიანებამ ციფრულ ფორტეპიანოებზე? – ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის, მამუკა შამილიშვილის თქმით, კლასიკური პიანინო საბავშვო ბაღებისთვის უფრო მისაღებია, ვიდრე ციფრული ფორტეპიანო.

„პირადად ყოველთვის კლასიკური ინსტრუმენტის შეძენის მომხრე ვიყავი… ის ტენდერები რომ ჩავარდა, შემდეგ ციფრულის შეძენა გადავიფიქრე. ბავშვებისთვის კლასიკური პიანინო სჯობს ციფრულს ჟღერადობით, ასევე ექსპლუატაციის ხანგრძლივობით და ასე შემდეგ. ამ ფასად რომ იყიდი ციფრულს, ის არ არის მაღალი ხარისხის, ჩინურია და ერთი თუ გაფუჭდა, რემონტსაც არ ექვემდებარება. ამჯერად პირობებში ჩაწერილი მაქვს ჩეხური და გერმანული პიანინოს მონაცემები, ანუ რუსულს და სხვა იაფფასიანს ვერ შემოგვთავაზებენ მაგ ტექნიკური დახასიათებით. საღი ინსტრუმენტები რომ შევიტანოთ ამ მონაცემებით და ამ ფასად, ბაღებს მოემსახურება, ალბათ, 10 წელი მაინც. ახალი პიანინო, გერმანული ან ჩეხური რომ იყიდო ღირს 15 ათასი ევრო. მე კი ერთი პიანინო მინდა 2 500 ლარად ვიყიდო – შევისწავლე ბაზარი, ფასებიც დავადგინე და ამ ფასში შესაძლოა კარგი, საღი პიანინოს შესყიდვა, რომელიც მრავალ წელიწადს იმუშავებს“, – ამბობს მამუკა შამილიშვილი.

ტენდერის პირობის მიხედვით: შესასყიდი პიანინოს ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 40 წელს, უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური აგრაფები; მექანიზმში არ უნდა ჰქონდეს პლასტმასის დეტალები; უნდა ჰქონდეს სრული საკონცერტო კლავიატურა [88 კლავიში]; დემფერული სისტემა დეფექტის გარეშე, „ფალცი“ არ უნდა იყოს დაზიანებული; აკუსტიკა სრულყოფილი; ვირბელბანკი უხარვეზო, უნდა იჭერდეს წყობას; კლავიატურა, სიმები არ უნდა იყოს დაზიანებული [დაჟანგული, არ უნდა აკლდეს]; 2 ან 3 პედლიანი, საპედალო მექანიზმი სრულყოფილი; მექანიკის ჩაქუჩები უნდა იყოს საღი, ჩრჩილის გარეშე, თაგვის მიერ არ უნდა იყოს დაზიანებული; ინსტრუმენტი უნდა იყოს გარეგნული დაზიანებების გარეშე.

ტენდერში წინადადებების მიღება 30 ნოემბერს დაიწყება და 2 დეკემბერს დასრულდება. გამარჯვებულმა 14-ივე ბაღში პიანინო ხელშეკრულების დადებიდან 20 დღის ვადაში უნდა მიიტანოს.

– – –

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება 2017 წელში 13 ციფრული ფორტეპიანოს შესყიდვას აპირებდა, რისთვისაც 34 190 ლარი იყო გათვალისწინებული. გაერთიანების მაშინდელი ინფორმაციით, ახალ პიანინოს ბათუმში მოქმედი 32-ივე ბაღი ითხოვდა, თუმცა მათგან, შეარჩიეს მხოლოდ 13. გაერთიანებამ მაშინ ტენდერიც გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით შეწყვიტა.

[red_box]ამ თემაზე: ბათუმში 13 მუნიციპალურ საბავშვო ბაღს ციფრულ ფორტეპიანოებს გადასცემენ[/red_box]

ბაღების გაერთიანებას მაშინ 13 ციფრულ ფორტეპიანოს ზუსტად 34 900 ლარად სთავაზობდა ტენდერში მონაწილე შპს „შოუ ტექნიკის ცენტრი“. 2017 წლის 18 ოქტომბრის ოქმში კი ვკითხულობთ, რომ ბიუჯეტში შეტანილი ცვლილების გამო გაერთიანებას ფორტეპიანოებისთვის ფული აღარ რჩებოდა, ამიტომ ტენდერი შეწყვიტა:

ამონარიდი ტენდერის შეწყვეტის [2017 წლის 18 ოქტომბრის] ოქმიდან

მიუხედავად იმისა, რომ „გაერთიანებას ფორტეპიანოებისთვის საჭირო თანხა აღარ გააჩნდა“, წინა ტენდერის შეწყვეტიდან თითქმის ერთ თვეში ტენდერი ხელახლა გამოაცხადა [2017 წლის 15 ნოემბერს]. ამ ტენდერში გაერთიანებას ციფრულ ფორტეპიანოებს ორი კომპანია სთავაზობდა: „ჯეოვოის ტრეიდინგი“ – 33 800 ლარად და „ტექნიკის ცენტრი“ – 33 488 ლარად. 

საბავშვო ბაღების გაერთიანების სატენდერო კომისიამ ეს ტენდერიც შეწყვიტა [გაერთიანების ამჟამინდელი დირექტორი მამუკა შამილიშვილი მაშინ დირექტორის მოადგილე და სატენდერო კომისიის თავმჯდომარე იყო].

2017 წლის 25 ნოემბრის ოქმში ვკითხულობთ, რომ აუცილებელი გახდა შესყიდვის ობიექტის რაოდენობის გაზრდა; უნდა შეცვლილიყო ტექნიკური მახასიათებლები და არსებული თანხით, 13 ციფრული ფორტეპიანოს ნაცვლად 17 ცალი მსგავსი ნივთი უნდა შეეძინათ:

ამონარიდი ტენდერის შეწყვეტის [2017 წლის 25 ნოემბრის] ოქმიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: