მთავარი,სიახლეები

თავდაცვის სამინისტრო 10 მილიონის შესყიდვებს ტენდერის გარეშე ითხოვს – COVID-19

01.04.2020
თავდაცვის სამინისტრო 10 მილიონის შესყიდვებს ტენდერის გარეშე ითხოვს – COVID-19

საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდის დასრულებამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შესყიდვების განხორციელებას გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე გეგმავს. სამინისტრო ამ პერიოდში  სულ 10 მილიონის საკვების, საწვავის და სხვა პროდუქტების შეძენას გეგმავს. საგანგებო მდგომარეობა 22 აპრილამდეა გამოცხადებული.

სამინისტროში აცხადებენ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით, მნიშვნელოვნად გართულდა პოტენციურ მიმწოდებლებთან ურთიერთობა და მათი უმეტესი ნაწილის მიერ შეჩერებულია ეკონომიკური საქმიანობა. ამასთან, ვალუტის კურსის, სხვა ქვეყნების მიერ დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე და ასევე საქართველოს ცალკეული რეგიონებში საკარინტინო რეჟიმის შემოღების გამო ვერ ხერხდება სატენდერო პროცედურებით საჭირო შესყიდვების განხორციელება.

„პოტენციური მომწოდებლების უმეტესი ნაწილის მიერ შეჩერებულია ეკონომიკური საქმიანობა. ამასთან, მათი მხრიდან ასევე ვერ ხდება სავარაუდო ფასებისა და მოწოდების სავარაუდო ვადების განსაზღვრაც, რის გამოც ვერ ხორციელდება ელექტრონული ტენდერების გამოცხადება, ასევე ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მნიშვნელოვანი ცვლილების გათვალისწინებით, საგრძნობლად იმატა არ შემდგარი და უარყოფითი შედეგით დასრულებული ტენდერების რაოდენობამ. ამავე მიზეზით, რისკის ქვეშ დგას იმ ელექტრონული ტენდერების დადებითი შედეგით დასრულების საკითხიც, რომლებსაც ამჟამად მინიჭებული აქვს სტატუსები „შერჩევა-შეფასება“, „გამარჯვებული გამოვლენილია“ და „მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება“, კერძოდ, გაურკვეველი მიზეზების გამო პრეტედენტთა მხრიდან არ ხორციელდება საკვალიფიკაციო მონაცების წარმოდგენა და/ან დოკუმენტაციის დაზუსტება. ასევე, გამარჯვებული პრეტედენტები, რომლებიც მოწვეული იყვნენ ხელშეკრულებების გასაფორმებლად, უარს აცხადებენ ხელშეკრულების გაფორმებაზე“ – აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.

ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებაზე თანხმობისთვის სამინისტრომ შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

21 მარტიდან საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადავიდა, ხოლო კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, თავდაცვის ძალები 31 მარტიდან ჩაერთო.

საკარანტინო ზონებში სამხედრო მოსამსახურეთა მშრალი ულუფის, ასევე, სხვა საჭირო პროდუქტებით მომარაგებისა და პროდუქტის მარაგების შესაქმნელად კი, შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“ 7 მილიონამდე ლარის შესყიდვას გეგმავს გამარტივებული წესით:

სამხედროების კვებისა და პროდუქტის მარაგების შესაქმნელად 7 მილიონი დაიხარჯება

მთავარი ფოტო: ქართველი ჯარისკაცები პრევენციულ ღონისძიებებში ჩაერთო / ფოტო: თავდაცვის სამინისტრო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: