მთავარი,სიახლეები

მოვუწოდებთ მთავრობას, პანდემიის პირობებში შეიმუშაოს სოციალური დაცვის მექანიზმები – EMC

31.03.2020 • 2440
მოვუწოდებთ მთავრობას, პანდემიის პირობებში შეიმუშაოს სოციალური დაცვის მექანიზმები – EMC

როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, გლობალური პანდემია, სავალდებულო სოციალური დისტანცირებისა და ახლა უკვე საგანგებო მდგომარეობის ვითარებაში, უმუშევრობის ახალ და მასშტაბურ ტალღას ქმნის. უმუშევარად დარჩენილ უამრავ მოქალაქეს პრობლემა შეექმნა როგორც ყოველდღიურ სარჩოზე, ისე კომუნალურ გადასახადებსა და ქირით უზრუნველყოფილ საცხოვრებელზე. ამ დრომდე საქართველოს მთავრობას არ გაუჟღერებია თავისი სტრატეგია ამ ადამიანებთან მიმართებაში.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ დანერგოს დროებითი სოციალური დაცვის მექანიზმები, რომელიც დაფარავს ყველას, ვინც ახალი კორონავირუსის გავრცელებით შექმნილ კრიზისულ ვითარებაში დაკარგა ან დაკარგავს შემოსავალს.

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიმუშავოს და დანერგოს ეფექტური სოციალური დაცვის მექანიზმები, რომელიც პანდემიის პირობებში მასშტაბური სოციალური კრიზისის თავიდან აცილებას უზრუნველყოფს; არსებული საჭიროებების შეფასება მოხდეს არა არსებულ საარსებო მინიმუმზე დაყრდნობით, არამედ საგანგებოდ შემუშავებული მეთოდოლოგიით, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებსა და ადგილობრივ საჭიროებებს ითვალისწინებს; ეპიდემიით გამოწვეული კრიზისის დასრულებისთანავე დაიწყოს მუშაობა უმუშევრობის შემწეობისა და დაზღვევის ეფექტური სისტემის შექმნის მიმართულებით“ – აღნიშნულია EMC-ის განცხადებაში. 

მიმართვაში EMC-ი წერს, რომ სოციალური დაცვის სისტემები მომავალი თვეების განმავლობაში ინტენსიური წნეხის ქვეშ აღმოჩნდებიან, მათი მოუმზადებლობა კი შესაძლოა მასშტაბური სოციალური კრიზისის წინაპირობა გახდეს.

„იმ პირობებში, როცა ქვეყნის მოსახლეობის 88%-ს დანაზოგი არ აქვს, უმუშევრობის დაზღვევისა ან შემწეობის გარეშე დასაქმებულები შემოსავლის დაკარგვის შემთხვევაში პირველადი მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობის რისკის ქვეშ ექცევიან. ასეთ ვითარებაში უმუშევრობის დაზღვევას და/ან უმუშევრობის შემწეობას სოციალური დაცვის ველის შექმნა შეუძლია, რომელიც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მინიმალური საარსებო საშუალებების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფდა – აღნიშნულია განცხადებაში.

EMC-ი წერს, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში ზოგიერთი ქვეყანა უმუშევრობის სადაზღვევო ფონდებსა და შემწეობის პროგრამებს აფართოებს, რათა მათ მოულოდნელად გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება შეძლონ. ამის მაგალითია აშშ, სადაც უმუშევართა შემწეობა დროებით $600-ით იზრდება, სახელმწიფო კი თითოეულ მოქალაქეს, რომელიც წელიწადში $75,000-ზე ნაკლებს გამოიმუშავებს, ერთჯერადი დახმარების სახით $1,200-ს გადასცემს. სხვა სახელმწიფოები უმუშევრობის ზრდის თავიდან ასაცილებლად დამსაქმებლებს სახელფასო ხარჯების დასაფარად სტიმულირების პაკეტებს სთავაზობენ. მაგალითად, დანია დამსაქმებლებს ივნისამდე დასაქმებულების ხელფასების 90%-მდე დაფარვას სთავაზობს იმ შემთხვევაში, თუ ისინი შემცირებებზე უარს იტყვიან. მსგავსი პროგრამები შეიმუშავეს დიდ ბრიტანეთსა და ნიდერლანდების სამეფოშიც.

„იქიდან გამომდინარე, რომ ამგვარი სისტემა საქართველოში არ არსებობს, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ დაუყოვნებლივ შეიმუშავოს და დანერგოს სოციალური შემწეობის მოქნილი, დროებითი პროგრამა, რომელიც შემოსავლის გარეშე დარჩენილ ადამიანებს იმ შემოსავლით უზრუნველყოფს, რაც მათი პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას სჭირდება,“ – წერია განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: