მთავარი,სიახლეები

საკარანტინო ზონა 660-მა მოქალაქემ დატოვა საქართველოში

29.03.2020
საკარანტინო ზონა 660-მა მოქალაქემ დატოვა საქართველოში

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული საკარანტინო ზონები უკვე 660-მა მოქალაქემ ეტაპობრივად დატოვა. ადმინისტრაციის ორგანიზებით მოწყობილ საკარანტინო ზონებში მოქალაქეები 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

„მოხარულები ვართ, რომ 600-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე საკარანტინო ზონებიდან  თავიანთ ოჯახს დაუბრუნდა, დღეს საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა  ჩვენი ქვეყნის  მოქალაქეების  ჯანმრთელობის დაცვა და კორონავირუსის გავრცელების პრევენცია.  საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საკარანტინო ზონებისა და არეალების შექმნა, მოწყობა და მართვა დაევალა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ის პირები, ვინც მაღალი რისკის შემცველი ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნდნენ, ყველა გადაყვანილია სპეციალურად მოწყობილ საკარანტინო ზონებში, რომლებიც განთავსებულია სხვადასხვა რეგიონში მდებარე  სასტუმროებში.

მინდა კიდევ ერთხელ  ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ სასტუმროს მფლობელს და მმართველ გუნდს,  რომლემაც გამოიჩინა  გულისხმიერება და სასტუმრო საკარანტინო ზონისთვის უფასოდ ან განსაკუთრებულად დაბალი ტარიფით დაგვითმო… ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ეფექტურად ითანამშრომლა კერძო სექტორთან  და ამ ეტაპზე 71  სასტუმროში განთავსებულია 4700-მდე ადამიანი,“ – აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, სასტუმროს ნომრები სრულად არის აღჭურვილი საჭირო ინვენტარით. განთავსება მოიცავს სამჯერად კვებას, რომლის დროსაც არ ხდება მოქალაქეების უშუალო კონტაქტი მომსახურე პერსონალთან.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტების მიხედვით, სასტუმროებში დეზინფექცია თითოეულ ოთახში პიროვნების განთავსებამდე ტარდება, ასევე ოთახის დატოვების შემდეგ.

პარალელურად, სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება სასტუმროს მთლიან  ტერიტორიაზე. ყველა საკარანტინო ზონაში ადგილზე მუდმივად მობილიზებულია ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, რომელსაც მუდმივ კონტროლზე ჰყავს კარანტინში განთავსებული ადამიანები, ხოლო საკარანტინო ზონის გარე პერიმეტრის დაცვას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის პოლიცია.

ამ თემაზე:

12 მილიონი ლარი 42 სასტუმროს – საკარანტინო ზონის მოწყობისთვის

29 მარტის 18:20 საათის მდგომარეობით, საქართველოში არის: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 90; მათ შორის გამოჯანმრთელებული – 18; კარანტინის რეჟიმში – 4717 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 268 ადამიანი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ დღეს განაცხადა, რომ ქვეყანა გადადის კორონავირუსის გავრცელების შიდა ეტაპზე, ამიტომ ყველა ვალდებულია დარჩეს სახლში:

პაატა იმნაძე: თუ არ გინდათ მივიღოთ იტალია, დარჩით სახლში

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: