მთავარი,სიახლეები

ბარავს ბოსტნებს, ეზიდება ტვირთს – როგორ ცხოვრობს აგვისტოს ომის მონაწილე ჯარისკაცის ოჯახი 

22.02.2020 • 2408
ბარავს ბოსტნებს, ეზიდება ტვირთს – როგორ ცხოვრობს აგვისტოს ომის მონაწილე ჯარისკაცის ოჯახი 

ნესტან არძენაძე ორ შვილთან და ქმართან, რუსლან არძენაძესთან ერთად ბათუმთან ახლოს, სოფელ სალიბაურში, ფიცრულ ქოხში ცხოვრობს. მისი ქმარი ყოფილი ჯარისკაცია, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე. ოჯახი ადრე ქალაქში ცხოვრობდა და ბინას ქირაობდა, თუმცა ომის  შემდეგ, ქმარი ჯარიდან წამოვიდა, ოჯახმა ქირა ვერ გადაიხადა და იძულებული გახდნენ თავი ქოხისთვის შეეფარებინათ.

რუსლან არძენაძე „ბათუმელებს“ სახლში არ დაგვხვდა. მისი ყოველი დღე, როგორც ნესტანი ამბობს, დღიური სამუშაოს ძებნით იწყება. მიუხედავად იმისა, რომ ომის შემდეგ არაერთი ოპერაციის გაკეთება დასჭირდა და ჯანმრთელობა შეერყა, მძიმე სამუშაოს გარდა ხელჩასაჭიდი ვერაფერი გამონახა.

ნესტანი გვიყვება, რომ მისმა ქმარმა მზარეულის გადამზადების კურსებიც გაიარა, მაგრამ არაერთი მცდელობის მიუხედავად, სტაბილური სამსახური ვერ იპოვა. ამიტომ ყოველდღე ხან ვის ბოსტანს ბარავს და ხანაც მაღაზიებთან დგას, რომ ტვირთი გადაზიდოს. ამის მიუხედავად, არძენაძეების ოჯახის შემოსავალი იმდენად მწირია, რომ ოჯახის მინიმალურ საჭიროებასაც ვერ ფარავს.

ნესტან არძენაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მისი მეუღლე აგვისტოს ომის მონაწილეა, არ იღებს პენსიას. „საბუთის გაკეთება იყო საჭირო. იმ საბუთს კიდევ ცალკე ფული უნდოდა, რომელიც არ გვქონდა. ამიტომ პენსიის გარეშე დარჩა,“ – ამბობს ნესტანი.

ოჯახის მთავარი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, თვეში 320 ლარი. გარდა ამისა, იღებენ ბავშვების კვების ვაუჩერს. ნესტანი გვიყვება, რომ როგორც კი ეს თანხა დაერიცხებათ, ერთ ტომარა პურის ფქვილს ყიდულობენ. ის პურს შეშის ღუმელში აცხობს. ამბობს, რომ ასე უფრო ეკონომიურია. ქოხს, სადაც არძენაძეები ცხოვრობენ და მათ არ ეკუთვნით, სველი წერტილები არ აქვს. ამ ქოხის კედლები ზამთრის პირობებში ვერც ქარისგან იცავს ოჯახის წევრებს და ვერც სიცივისგან. 

არძენაძეების ოჯახის მცდელობა ეპოვათ სამსახური იმით არ შემოფარგლულა, რომ რუსლანმა სცადა ახალ პროფესიაში შესვლა. სამუშაოს ეძებდა ნესტანიც, მაგრამ ამ პროცესში ის განსხვავებულ პრობლემებს წააწყდა.

“განათლება არ მაქვს. ცხრა კლასი დავამთავრე მხოლოდ. შემიძლია მარკეტში ვიმუშაო, მაგრამ მარკეტები ძირითადად ქალაქშია და ითხოვენ, რომ გვიანობამდე იმუშაო – საღამოს 12-მდე. სამარშრუტო ტაქსები ქალაქიდან სალიბაურის მიმართულებით 10 საათზე ამთავრებენ მუშაობას. ტაქსით რომ იარო, აზრი არ აქვს ასე მუშაობას. თან როცა იგებენ, რომ შვილები გყავს და ოჯახი, არავის არ უნდება სამსახურში აყვანა,” – ამბობს ნესტანი.

არძენაძეების ოჯახი მალე მესამე ბავშვს ელოდება. რატომ გადაწყვიტეთ ამ პირობებში კიდევ ერთი შვილის გაჩენა? ვკითხეთ ნესტან არძენაძეს, რადგან ეს კითხვა, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში, აქტუალური ხდება მაშინვე, როგორც კი აუდიტორია იგებს, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახს ბევრი შვილი ჰყავს.

„კი, ღარიბები ვართ, მაგრამ შვილის გარეშე ყოფნა არ მინდა. მთავარი სიღარიბე არ არის, მთავარია  კარგად იყო, ჯანმრთელად. სიღარიბეს როგორმე გადალახავ“, – ასე ოპტიმისტურადაა ნესტანი განწყობილი.

_____

აგვისტოს ომის მონაწილის სოციალურად დაუცველი ოჯახი

ნესტან არძენაძე ორ შვილთან და ქმართან ერთად ბათუმთან ახლოს, სოფელ სალიბაურში ფიცრულ ქოხში ცხოვრობს. მისი ქმარი ყოფილი ჯარისკაცია, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე. ოჯახი ადრე ქალაქში ცხოვრობდა და ბინას ქირაობდა, თუმცა ომის შემდეგ, ქმარი ჯარიდან წამოვიდა, ოჯახმა ქირა ვერ გადაიხადა და იძულებული გახდნენ თავი ქოხისთვის შეეფარებინათ. ოჯახის მთავარი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, თვეში 320 ლარი, გარდა ამისა იღებენ ბავშვების კვების ვაუჩერს. მისმა ქმარმა მზარეულის გადამზადების კურსები გაიარა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, სტაბილური სამსახური ვერ იპოვა. ამიტომ ყოველდღე სახლიდან გასვლის შემდეგ დღიურ სამუშაოს ეძებს. ბარავს ბოსტნებს, მუშაობს მაღაზიებთან და ხალხს ტვირთის გადაზიდვაში ეხმარება. თუმცა შემოსავალი იმდენად მწირია, ოჯახის ყველა საჭიროებას ვერ ფარავს. ნახეთ ვიდეო

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on პარასკევი, 21 თებერვალი, 2020

გადაბეჭდვის წესი


ასევე: