კულტურა,მთავარი,სიახლეები

ხოაკინ ფენიქსის სიტყვა ოსკარის ცერემონიალიდან

10.02.2020
ხოაკინ ფენიქსის სიტყვა ოსკარის ცერემონიალიდან

„ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმათ ნაცვლად, ვისაც საუბარი არ შეუძლია. ამ ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ შემაშფოთებელ პრობლემებზე, რომლის წინაშეც ჩვენ ყველანი ერთად ვდგავართ. ვფიქრობ, ზოგჯერ გვგონია ხოლმე, – ან ასე გვაჯერებენ, – რომ სხვადასხვა მიზნისთვის ვიბრძვით, მაგრამ ჩემთვის ეს საერთო მიზნებია. როცა ვსაუბრობთ გენდერულ უთანასწორობაზე, რასიზმზე, ქვიარების უფლებებზე, მკვიდრი მოსახლეობის უფლებებსა თუ ცხოველთა უფლებებზე, უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაზე ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ იმ რწმენის წინააღმდეგ გალაშქრებაზე, რომლისთვისაც ცალკეული ერი, ცალკეული ხალხი, ცალკეული გენდერი თუ ცალკეული სახეობა უფლებამოსილია, იყოს დომინანტი, მაკონტროლებელი და დაუსჯელად გამოიყენოს სხვები.

მგონია, რომ ძალიან დავშორდით ბუნების წიაღს და ჩვენი დანაშაული ისაა, რომ ეგოცენტრული მსოფლმხედველობა ჩამოგვიყალიბდა – ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ სამყაროს ცენტრი. ჩვენ ვიჭრებით ბუნებაში და ვიპარავთ მის რესურსებს. საკუთარ თავს უფლებას ვაძლევთ, ხელოვნურად გავანაყოფიეროთ ძროხა და მშობიარობის შემდეგ შვილი წავართვათ, მიუხედავად იმისა, რომ მის ტკივილში ეჭვს ვერავინ შეიტანს. შემდეგ ხბოს მისთვის განკუთვნილ რძეს ვაცლით და საუზმისთვის ყავაში ან მარცვლეულში ვისხამთ. ჩვენ გვაშინებს პიროვნული ცვლილებები, რადგან ვფიქრობთ, თითქოს მსხვერპლშეწირვა აუცილებელი იყოს რაღაცის დასათმობად.

მაგრამ ჩვენ, ადამიანები, ასე კრეატიულები, ჭკვიანები და დიდი გამომგონებლები ვართ და ამის გამო ვფიქრობ, თუ გამოვიყენებთ სიყვარულსა და თანაგრძნობას ჩვენი საქმეების სახელმძღვანელოდ, შევქმნით ცვლილებათა ისეთ ღირებულებით სისტემას, რომელიც სასიკეთო იქნება ყველა მგრძნობიარე არსებისა და გარემოსთვის.

მთელი ცხოვრება არამზადა ვიყავი… ვყოფილვარ ეგოისტი, უმადური, ხანდახან სასტიკიც კი, რთული იყო ჩემთან ერთად მუშაობა, მაგრამ ბევრმა თქვენგანმა ამ დარბაზიდან მეორე შანსი მომცა.

და ვფიქრობ, როდესაც მხარს ვუჭერთ ერთმანეთს, ერთმანეთს წარსულში დაშვებული შეცდომების გამო კი არ ვრიყავთ, არამედ ვეხმარებით ზრდაში; როცა ვასწავლით, შეცდომების გამოსწორებაში ვეხმარებით ერთმანეთს, აი, მაშინ ვქმნით საუკეთესო საზოგადოებას.

17 წლის ასაკში ჩემმა ძმამ ასეთი სიტყვები დაწერა: „თავის გადასარჩენად როცა გაიქცევი, სიყვარული გაიყოლე და მშვიდობაც გამოგყვება“.

წყარო: Oscar.go.com

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: