კულტურა,სიახლეები

დასახელდა 3 ფილმი, რომელთაგან ერთს საქართველო „ოსკარზე“ წარადგენს

02.10.2020 • 1524
დასახელდა 3 ფილმი, რომელთაგან ერთს საქართველო „ოსკარზე“ წარადგენს

საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა ამერიკის კინოაკადემიის 2021 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის პირველი  სექტემბრიდან დაიწყო საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევა.

ქართველ კინემატოგრაფისტებს განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეეძლოთ.

ეროვნული კინოცენტრის ცნობით განაცხადების შეტანის ვადა ამოიწურა და უკვე ცნობილია, რომ წელს ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად 3 ქართული ფილმი იბრძოლებს:

[checklist]

  • რეჟისორ დეა კულუმბეგაშვილის ფილმი – „დასაწყისი“
  • უტა ბერიას – „უარყოფითი რიცხვები“
  • ოთარ შამათავას – „ურსუსი“

[/checklist]

ოსკარზე წარსადგენად საქართველოს კანდიდატ ფილმს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრით  გამოავლენს. კანდიდატი ფილმის სახელი 2020 წლის 10 ოქტომბრამდე გახდება ცნობილი.

დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა „დასაწყისი“ უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის – კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის ჯილდო ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე და სან სებასტიანის კინოფესტივალის მთავარი პრიზები ოთხ კატეგორიაში. ფილმი ნიუ-იორკის კინოფესტივალის ფარგლებშიც უნდა აჩვენონ, სადაც საკონკურსო პროგრამის ერთ-ერთი მონაწილეა.

2019 წელს გადაღებული უტა ბერიას  „უარყოფითი რიცხვები“ სამხრეთ კორეული კინოფესტივალის, Pyeongchang International Peace Film Festival-ის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. ფილმის მსოფლიო პრემიერა კი საფრანგეთში, არასის საერთაშორისო კინოფესტივალზე  შედგა.

რეჟისორის ეს სადებიუტო ფილმი არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მოზარდების წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრებაზეა. ფილმის სცენები ავჭალის ყოფილი მე-10 საპყრობილის, არასრულწლოვანთა კოლონიის ტერიტორიაზეა გადაღებული.

ოთარ შამათავს „ურსუსი“ 30 წლის კინორეჟისორზე მოგვითხრობს, რომელიც ბერლინალეს კინოფესტივალზე „ოქროს დათვის” მოპოვებაზე ოცნებობს. სამოქალაქო ომის დროს იგი ყველაფერს კარგავს. ნიკას დაჭრიან, მისი ფილმი დაიწვება, ცოლი კი მიატოვებს და სხვასთან წავა.

კადრი ოთარ შამათავას ფილმიდან „ურსუსი”.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: