მთავარი,სიახლეები

ქობულეთის მერიამ 8 შტატი დაამატა – ოპოზიცია ამას არჩევნებს უკავშირებს

10.02.2020
ქობულეთის მერიამ 8 შტატი დაამატა – ოპოზიცია ამას არჩევნებს უკავშირებს

ქობულეთის მერიაში 8 სამუშაო ადგილი დაამატეს. 4 შტატი დაემტა ზედამხედველობის სამსახურს, 4 სოციალური მუშაკი კი ხელშეკრულებით აიყვანეს.

ქობულეთის საკრებულოს ენმ-ს წევრი ბონდო თედორაძე ამბობს, რომ შტატების დამატება მომავალ არჩევნებს უკავშირდება.

„ქირურგიულ ოპერაციებზე თანადაფინანსების პროგრამა დაამატეს ჯანდაცვის პროგრამებს და სოციალური სამსახურიდან მიიღეს დელეგირებული უფლება, რომ აწარმოონ იმ ადამიანების აღრიცხვა, რადგან სოციალური მუშაკები ისედაც შედიან ოჯახებში შემოწმებაზე და ამ მონაცემებსაც შეიტანენ.

თუმცა, სოციალური შემწეობის დანიშვნა აქამდეც იყო ვაჭრობის თემა საარჩევნოდ. ხშირია შემთხვევები, როცა ისე უხსნიან ადამიანებს შემწეობას, რომ ამის რეალური საფუძველი არ ჩანს.

ამ შემთხვევაშიც ამ სოციალურ მუშაკებს შესაძლებლობა აქვთ, ყველა ოჯახში შევიდნენ და შემწეობის დანიშვნის საკითხი ვაჭრობის საგნად აქციონ, რადგან სოციალური მუშაკები იქნებიან მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენლები“,- ამბობს ბონდო თედორაძე.

რას უკავშირდება შტატების დამატება? ამაზე განმარტება ქობულეთის მერიას ვთხოვეთ, რაზეც მერიისგან პასუხი წერილობით მივიღეთ, რომელშიც წერია, რომ ბავშვთა კოდექსით გათვალისწინებული ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის მართვის მიზნებისთვის, „იგეგმება შესაბამისი ღონისძიებების გატარება“.

„აღნიშნული დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, უფლებამოსილებათა მოცულობის გათვალისწინებით, არ იყო საკმარისი ადამიანური რესურსი, რამაც გამოიწვია ხელშეკრულებით აყვანილ პირთა რაოდენობის გაზრდა“, – გვწერს მერიის პრესსამსახური.

რაც შეეხება ზედამხედველობას, მერიიდან გვწერენ, რომ თანამშრომლების დამატება, ზედამხედველობის სამსახურის მიერ მასზე დაკისრებული ფუნქციის ჯეროვნად შესრულებას ემსახურება.

სახელმწიფო აუდიტმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ საშტატო რიცხოვნობა მუნიციპალიტეტის ა[ა]იპ-ებშიც არაგონივრულადაა გაზრდილი.

„დაგეგმვასა და კონტროლში არსებული მართვის სისუსტეების შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში საშტატო რიცხოვნობა არაგონივრულადაა გაზრდილი. კერძოდ: ზოგიერთი მოსამსახურის მოვალეობები დუბლირებულია ან საერთოდ არ არის განსაზღვრული, ხოლო ზოგიერთი მოსამსახურე პრაქტიკულად არ არის ფუნქციურად დატვირთული. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები იმისა, თუ რა ობიექტური საჭიროებით იყო განპირობებული ა(ა)იპ-ებში ზოგიერთი შტატის არსებობა“ – წერს აუდიტი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: