მთავარი,სიახლეები

სექსის იძულებისა და ადევნებისთვის კაცი 7 ათასი ლარით დააჯარიმეს

24.01.2020
სექსის იძულებისა და ადევნებისთვის კაცი 7 ათასი ლარით დააჯარიმეს

მეგობარი ქალისთვის სექსის იძულების, ოჯახში ძალადობისა და ადევნებისთვის მოსამართლემ კაცი 7 ათასი ლარით დააჯარიმა. მოსამართლე გიორგი ებანოიძემ სამივე მუხლზე ჯარიმის გამოყენება არჩია.

განაჩენის მიხედვით, კონფლიქტი წყვილს შორის მაშინ დაიწყო, როცა ქალმა კაცთან ურთიერთობა შეწყვიტა. კაცი მას თვეების განმავლობაში აიძულებდა შეხვედრას და სექსუალურ კონტაქტს. ერთ-ერთ ეპიზოდში, კაცი ქუჩაში შეხვდა ქალს და დაარტყა ხელი სახეში. კაცმა ფიზიკურად შეურაცხყო იქვე მყოფი მისი არასრულწლოვანი შვილიც.

პროკურატურა ბრალდებულს ასევე ედავებოდა ადევნებას და სექსუალური კავშირის იძულებას „სახელის გამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარით“.

„…წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ მის ყოფილ ქმარს გააგებინებდა მისი მეგობარი მამაკაცის შესახებ – სახელს გაუტეხდა და შეარცხვენდა, რაც არსებითად დააზიანებდა მ.-ს უფლებას… პირადი ურთიერთობის ჩამოყალიბების მიზნით, იგი  სისტემატურად უთვალთვალებდა მ-ს და არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა მასთან… მუდმივად აკითხავდა ავტომანქანით, უსიგნალებდა და ხმამაღლა ეძახდა, რის შემდგომაც მ. ამყარებდა მისთვის არასასურველ კომუნიკაციას, აყენებდა სიტყვიერ
შეურაცხყოფას, სისტემატურად ახორციელებდა სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს… წინააღმდეგობრივი დამოკიდებულების გამოხატვისას, აშანტაჟებდა პირადი ხასიათის ინფორმაციის გამჟღავნებით, ასევე, შეურაცხყოფას აყენებდა ამ უკანასკნელის არასრულწლოვან შვილს,“ – აღნიშნულია განაჩენში.

განაჩენის მიხედვით, დაზარალებულად ცნობილმა ქალმა საფრთხის თავიდან აცილების მიზნით რამდენჯერმე შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

ბრალდებული ამ საქმეზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილ ყველა მტკიცებულებას დაეთანხმა და იგი სადავოდ არ გაუხდია.

ყველაზე მძიმე, რასაც პროკურატურა ბრალდებულს ედავებოდა, სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლია – სექსუალური კავშირის იძულება სასჯელის სახით 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ებანოიძემ არც სხვა მუხლებზე ჩათვალა საჭიროდ სასჯელის მძიმე ფორმის გამოყენება.

მოსამართლემ ბრალდებულს შეფარდებული ჯარიმა – 10 ათასი ლარი 7 ათას ლარამდე შეუმცირა იმიტომ, რომ იგი დაახლოებით ორი თვე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: