მთავარი,სიახლეები

ვინ არის პასუხისმგებელი კორპუსზე, სადაც გუშინ ლიფტი ავარიულად დაეშვა

15.01.2020
ვინ არის პასუხისმგებელი კორპუსზე, სადაც გუშინ ლიფტი ავარიულად დაეშვა

„მიმდინარეობს შესწავლა და შემდეგ გატარდება შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიება“, – გვიპასუხეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ლიფტის შესახებ, რომელიც გუშინ, 14 იანვარს, საცხოვრებელი კორპუსის მე-11 სართულიდან ავარიულად დაეშვა. წინასწარი მონაცემებით, გრიბოედოვისa და პუშკინის ქუჩების გადაკვეთაში მდებარე კორპუსში სატვირთო ლიფტი მე-11 სართულიდან ავარიულად დაეშვა. ლიფტში სამი ადამიანი იმყოფებოდა. ექიმების დახმარება ამბულატორიული წესით მხოლოდ ორს დასჭირდა.

საცხოვრებელი კორპუსი ექსპლუატაციაში მერიას მიღებული არ აქვს იმის მიუხედავად, რომ კორპუსში ხალხი ცხოვრობს და ლიფტებსაც იყენებენ, როგორც სამგზავროს, ისე – სატვირთოს.

ბათუმის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში გვითხრეს, რომ კომპანიას, რომელმაც საცხოვრებელი კორპუსი ააშენა, მერიისთვის სახლის ექსპლუატაციაში მისაღებად ჯერ არ მიუმართავს, მშენებლობისთვის გათვალისწინებული ვადები კი დასრულებული არ არის.

„მერიას ჩვენ რამდენჯერმე მივმართეთ, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიგვიღია. ახალი სამსახურის შექმნას ელოდნენ,“ – ამბობს ზურაბ დუმბაძე, კომპანია „ნევ-ბათ ჯგუფის“ დირექტორი. ამ კომპანიამ ააშენა საცხოვრებელი სახლი გრიბოედოვისა და პუშკინის ქუჩების გადაკვეთაზე.

ზურაბ დუმბაძის თქმით, ლიფტი ავარიულად ზედმეტი ტვირთის გამო დაეშვა და ბაგირი არ ჩაწყვეტილა. „არ ჩავარდნილა ლიფტი, ეს იყო ავარიული დაშვება. ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე ამ ლიფტს ექვსი საათის შემდეგ არ უნდა იყენებდნენ, მაგრამ გამოიყენეს. ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, ქალაქში არ ვიმყოფები,“ – გვითხრა ზურაბ დუმბაძემ. მისივე თქმით, კომპანიის გაყიდვების მენეჯერი, დავით ლომინაძე გვაჩვენებდა ოფიციალურ დოკუმენტებს, რითაც დასტურდება, რომ კომპანიას შესაბამისი უწყებებისთვის მიმართული აქვს.

უშუალოდ ლიფტების ტექნიკურ გამართულობაზე კონტროლს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება ახორციელებს. ამ უწყებაში გვითხრეს, რომ კომპანიას ლიფტების ტექნიკურ გამართულობაზე შესაბამისი სერტიფიკატი წარმოდგენილი აქვს. სამინისტროს პრესცენტრში განმარტეს, რომ ისინი კონკრეტული კომპანიის მიერ გაცემული სერტიფიკატის საფუძველზე ატარებენ რეგისტრაციაში ლიფტს და თავად ტექნიკურ გამართულობას არ ამოწმებენ.

„ჩვენი ლიფტები შემოწმებულია და ექსპლუატაციაში მიიღო ეკონომიკის სამინისტრომ… მერიას ჯერ შენობა ჩაბარებული არ აქვს, მერიისთვისაც მიმართული გვაქვს,“ – ამბობს დავით ლომინაძე. მისი თქმით, კომპანიის ოფისში დღეს არავინ იმყოფება და მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტების მოწოდებას ხვალ შეძლებს.

ლიფტის ავარიული დაშვების შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს „უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.“

ჯერჯერობით უცნობია, რა გაარკვია ამ ეტაპზე გამოძიებამ. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე კრიმინალისტები მუშაობენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: