მთავარი,სიახლეები

ქართველ ქალს, რომელმაც ბავშვი სანაგვეში გადააგდო, სასამართლომ შინაპატიმრობა შეუფარდა

24.12.2019 • 2855
ქართველ ქალს, რომელმაც ბავშვი სანაგვეში გადააგდო, სასამართლომ შინაპატიმრობა შეუფარდა

ბერძნული მედიის ცნობით, 24 წლის ქართველ ქალს, რომელმაც 18 დეკემბერს საბერძნეთში, ქალაქ კალამატაში, ბავშვი ნაგავში გადააგდო, საბერძნეთში სასამართლომ შინაპატიმრობა შეუფარდა. ახალგაზრდა ქალი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მეგობრის სახლში რჩება და მას გარეთ გასვლა აკრძალული აქვს. პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა დაუდევრობით მკვლელობის მცდელობისათვის.

შემთხვევა ქალაქ კალამატაში 18 დეკემბერს, გამთენიისას მოხდა. ბავშვის ტირილის ხმა გაიგონა ქალმა, რომელიც ნაგავს ყრიდა. მან გამვლელებს უხმო საშველად, თუმცა, როგორც თავად უამბო ჟურნალისტებს, მას არ დაუჯერეს და უთხრეს, რომ ხმა კატის კნუტის იყო და არა ბავშვის. „არ მივატოვე, ტელეფონი თან არ მქონდა, რომ დამერეკა, რომ წავსულიყავი და ვინმესთვის საშველად მეხმო, შემეშინდა, რომ ურნაში ნაგვის პარკებს ჩაყრიდნენ და ბავშვი დაიღუპებოდა“, – უთხრა მან ჟურნალისტებს. საბოლოოდ, ქალს გამვლელები დაეხმარნენ, რომელთაც პოლიცია გამოიძახეს.

ახალშობილი 4 დღის წინ დაბადებული ბიჭი აღმოჩნდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ბავშვის დედა პოლიციამ იმავე დღეს, რამდენიმე საათში დააკავა. მისი ადვოკატი აცხადებს, რომ იგი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება, ნანობს ჩადენილს და ბავშვის უკან დაბრუნება უნდა. ბავშვის დედა ასევე აცხადებს, რომ მან ახალშობილი დატოვა იმ იმედით, რომ ვინმე აიყვანდა ბავშვს, რომელზე ზრუნვაც მას არ შეეძლო, რადგან ბავშვის მამამ უარი განაცხადა ჩვილის გაზრდაში მონაწილეობაზე.

ბერძენი ჟურნალისტები ესაუბრნენ ახალგაზრდა ქალის დედას საქართველოში, რომელმაც განაცხადა, რომ აპირებს ჩასვლას საბერძნეთში და საკუთარ შვილიშვილზე ზრუნვას.

ახალშობილი ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფება, სანამ მინდობით ზრუნვაში გადაიყვანენ. კალამატას მერის განცხადებით, ბავშვს მთელი საბერძნეთიდან უგზავნიან საკვებსა და ნივთებს და ათობით ბერძენი ოჯახი გამოთქვამს მისი შვილად აყვანის სურვილს.

__________

ფოტოზე: ნაგვის ურნის ჭა, რომელშიც ჩვილი  ქაღალდის ჩანთაში იპოვეს. ფოტო: messinialive.gr 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: