მთავარი,სიახლეები

„თამბაქო განადგურდება“- გლეხები თამბაქოზე აქციზის გადასახადის დაწესებას აპროტესტებენ

13.11.2019 • 4020
„თამბაქო განადგურდება“- გლეხები თამბაქოზე აქციზის გადასახადის დაწესებას აპროტესტებენ

დღეს, 13 ნოემბერს, ქედის მერიის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. ქედაში, შუახევსა და ხულოში მცხოვრები, დაახლოებით 500 მოქალაქე, სახლის პირობებში დამზადებულ თამბაქოზე აქციზის გადასახადის დაწესებას აპროტესტებს. აქციის მონაწილე, სოფელ კოკოტაურის მცხოვრები ეთერ მახარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ 1 კილოგრამ თამბაქოზე აქციზის გადასახადი 60 ლარია, რისი გადახდაც გლეხებს არ შეუძლიათ.

ბათუმში, ბაზარზე დაჭრილი 1 კილოგრამი თამბაქო 50-60 ლარი ღირს. თამბაქოს მწარმოებლები მოწეულ მოსავალს ძირითადად ბათუმის ბაზარზე ჰყიდიან.

„თამბაქოზე დაგვიწესეს აქციზი, 1 კილოზე 60 ლარი, რის გამოც თამბაქოს ჩაბარებაზე უარი გვითხრეს და უკან წამოვიღეთ სახლში. ჩვენ, სოფლის ხალხი, თამბაქოს შემოსავლით ვარსებობთ და ახლა შემოსავლის წყარო აღარ გვექნება,“ – გვეუბნება ეთერ მახარაძე.

ახალი კანონი 21 ნოემბრიდან უნდა შევიდეს ძალაში. სოფლად მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ თამბაქოზე აქციზის დაწესება ამ დარგის გაქრობას გამოიწვევს.

თამბაქოზე აქციზის გადასახადის დაწესების გამო, მთიან აჭარაში მცხოვრებმა მოსახლეობამ აქცია გამართა.
ფოტო: რევაზ დიასამიძე

„დარგიც განადგურდება და ჩვენ დავზარალდებით. პურის ფქვილი, შაქარი, ზეთი ხომ გვჭირდება ოჯახში, ვის მოვთხოვოთ, ვინ დაგვეხმარება? ამ ყველაფერს თამბაქოს გაყიდვით ვახერხებდით,“ – ამბობს ეთერ მახარაძე. მას წელიწადში დაახლოებით 200-300 კილოგრამი თამბაქო მოჰყავს და აბარებს. მახარაძის თქმის, ეს მისი ოჯახის ძირითადი შემოსავალია.

ნუკრი ბერიძეც აქციაში მონაწილეობდა. ის, ისევე როგორც სხვა მონაწილეები, თამბაქოზე აქციზის გადასახადის წინააღმდეგია. „ერთი კილოგრამი თამბაქო უნდა დაიბეგროს 60 ლარით, როცა მისი ღირებულება 60 ლარი არ არის. ამიტომ, ეს კანონი არარეალურია და ვაპროტესტებთ,“ – გვეუბნება ის.

ნუკრი ბერიძის თქმით, სახლში მოყვანილი და დაჭრილი თამბაქო ვერ შეიფუთება, რადგან მალე გაფუჭდება და რეალიზაციისთვის აღარ გამოდგება.

„როგორც ახლა იყიდება, ისევე უნდა გაიყიდოს. თუ ასე არ მოხდება, მაშინ თამბაქოს მოყვანას გლეხები შეწყვეტენ და  დარგი საერთოდ ამოვარდება. აღარავინ არ დარგავს თამბაქოს,“ – ამბობს ბერიძე.

სოფლად მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ თამბაქო აქციზის გადასახადის დაწესება, მაღალმთიან აჭარაში ამ დარგის გაქრობას გამოიწვევს.

მოქალაქეები ამბობენ, რომ საპროტესტო აქციების გაგრძელებას მანამდე გეგმავენ, სანამ მათთვის მისაღები შედეგი არ დადგება.

აქციის მონაწილეებთან იმყოფება არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, თამაზ ბაკურიძე, რომელიც ამბობს, რომ აქციის მონაწილეები დღეს, 13 ნოემბერს, ქედის მერიის წინ იმყოფებიან. „აქციის მონაწილეებს ქედის მერი შეხვდა, რომელიც ამბობს, რომ ამ საქმეში ჩართული არიან დეპუტატები“.

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, 2019 წლის 21 ნოემბრიდან იკრძალება დაუფასოებელი სახით  ნებისმიერი თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის თამბაქოს ნედლეულის, ჩიბუხის თამბაქოს, შესახვევი თამბაქოს, ასევე ჩილიმისათვის განკუთვნილი თამბაქოს რეალიზაცია და მიწოდება.

ამასთან, თამბაქოს რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ  შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია ნეტო-მასით 50 ან 100-გრამიან პირველად საფუთავებში.  აღნიშნული წესით დაფასოებული თამბაქო უნდა იყოს დადგენილი წესით აქციზური მარკით ნიშანდებული.

შემოსავლების სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ თამბაქოს ადგილობრივი მწარმოებლები აქციზის გადასახადისგან გათავისუფლებულები იყვნენ, თუმცა, საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების შედეგად, მათ 2019 წლის 21 ნოემბრიდან, 1 კილოგრამ თამბაქოზე აქციზის – 60 ლარის გადახდა მოუწევთ.

თამბაქოს თითოეულ შეფუთვაზე კი, განთავსებული უნდა იყოს სამედიცინო გაფრთხილება და დაცული უნდა იყოს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები, რაც კიდევ უფრო გაზრდის თამბაქოს თვითღირებულებას.

ამავე თემაზე:

მწეველები ფილტრიანი სიგარეტიდან გასახვევ თუთუნზე გადადიან – რატომ არის თუთუნი იაფი 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: