Batumelebi | კაცების ხელში აღარ იქნება ყველაფერი – ქალები აჭარის მთიდან კაცების ხელში აღარ იქნება ყველაფერი – ქალები აჭარის მთიდან – Batumelebi
RU | GE  

კაცების ხელში აღარ იქნება ყველაფერი – ქალები აჭარის მთიდან

„მეზობლები მეუბნებოდნენ, ტყუილად წვალობ და დადიხარ მაგ ცენტრებში, მაინც კაცების ხელში იქნება ყველაფერიო,“ – ამას ხულოში, სოფელ განახლებაში მცხოვრები თამილა შანთაძე ამბობს. იგი ერთ-ერთია იმ ქალებს შორის, ვინც ასე გადაწყვიტა: „სახლში აღარ უნდა იჯდეს“. თამილა იმ პროექტში ჩაერთო, რომლის მიზანიც სოფლად მცხოვრები ქალების გააქტიურება და ეკონომიკური გაძლიერებაა. თამილა შანთაძე ახლა პროფესიული გადამზადების კურსს გადის და ისევ ხულოში სამოქალაქო განათლების მასწავლებლობას აპირებს.

ახლა მუნიციპალიტეტის ცენტრში სიარულის სურვილი თამილას მეზობლებმაც გამოთქვეს და სხვებმაც, რომლებიც აქამდე მხოლოდ ოჯახური საქმეებით იყვნენ დაკავებული. „ცენტრად“ ქალები რესურსცენტრის იმ შენობას მოიხსენებენ, სადაც ორგანიზაცია „საორსა“ პროექტს ახორციელებს – „სოფლად მცხოვრები ქალების ხმა“.

ამ პროექტის ფარგლებში ხულოს, შუახების და ქედის მუნიციპალიტეტიდან 10-10 ქალს სხვადასხვა თემაზე უტარდებათ ტრენინგი და ეს რამდენიმე დღეს გრძელდება. მთავარი აქცენტი უფლებების დაცვა და სამოქალაქო ცნობიერებაა, იმის გააზრება, თუ რა შეუძლიათ ქალებს, რომლებმაც უმაღლესი განათლება მიიღეს, ან ვერ მიიღეს, მაგრამ ახლა სურთ დასაქმება და სამოქალაქო აქტიურობა. ამ პროექტის ფინანსური მხარდამჭერი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოა საქართველოში, პარტნიორი – ბათუმის ამერიკული კუთხე.

თამილა შანთაძე: კომისიის წევრმა მითხრა, შეძლებ მერე შენ მაგასო? 

„შეგუებული ვიყავი მეც. მეც შევეჩვიე იმას, რომ ქალი სადღაც უკანა პლანზე უნდა იყოს,“ – გვიყვება თამილა შანთაძე, რომელსაც ვკითხეთ, როდის გაუჩნდა საზოგადოებრივი აქტიურობის სურვილი და როგორი იყო ამაზე საზოგადოების რეაქცია, – „თქვენ გგონიათ, რამე განსაკუთრებული ცენზურაა, არ წახვიდე სადმეო? – არა. ქალებს თვითონ აღარ სურთ არაფრის კეთება, ოჯახის ზრუნვის და შვილების გარდა.

მე ხიჭაურის უნივერსიტეტში დავამთავრე საჯარო მმართველობა. ცოტა ხანი საბავშვო ბიბლიოთეკაში ვიმუშავე. სხვადასხვა კონკურსში მივიღე მონაწილეობა, მაგრამ არაფერი. ერთხელ სოფლის რწმუნებულობის კონკურსი გამოაცხადეს, გადავედი გასაუბრების ეტაპზე და კომისიის წევრმა მკითხა: შეძლებ მერე შენ მაგასო?  არაფერი ვუპასუხე. მაშინ მივხვდი, რომ გავბრაზდი.

კომისიას პირდაპირ რამე არ უთქვამს, ამდენი იციან უკვე, ლოზუნგებია ყველგან, მაგრამ საბოლოოდ მაინც კაცი აიყვანეს.

თამილა შანთაძე

დედაჩემისთვის უნდა დამეჯერებინა. ამბობდა, ადრე ნუ გათხოვდებიო. მე მაინც გავთხოვდი. 25 წლის ვიყავი, არაა ეს ნაადრევი, მაგრამ ჯერ უნდა ისწავლო, დასაქმდე, დამოუკიდებელი გახდე და მერეა ყველაფერი კარგი. ჩემი ქმარი გვერდით მიდგას, თორემ ისე ვერ ვიზამდი ვერაფერს. ახლაც ბავშვს თვითონ იტოვებს, როცა მე გადამზადების ცენტრში მივდივარ. კარგია. მასწავლებელი ვიქნები. მასაც მოსწონს.

მთაშიც უჩნდებათ ქალებს პროტესტი. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, მაგრამ ბავშვების გამო იხევენ უკან. მე გამიმართლა, მაგრამ სხვებმა რა ქნან? ისინი ითმენენ და ჩერდებიან.

პირველი ნაბიჯის გადადგმაა რთული – მახსოვს, წლების წინ სოფლის კრებაზე მომინდა წასვლა. მეუხერხულებოდა, მარტო ვიქნები ამდენ კაცში-მეთქი, გზაში ვფიქრობდი, მაგრამ მაინც მივედი. ერთი კაცი ამბობდა, ქალები არ გამოდიან თვითონ გარეთ და ჩვენი რა ბრალიაო. ვკითხე, შენი ცოლი რატომ არ გამოგყავს კრებებზე-მეთქი?

ცენტრში ბევრი რამ გვასწავლეს: ქალთა უფლებები, დემოკრატია, პროექტები როგორ უნდა დავწეროთ, გრანტებიც ყოფილა სოფლად მცხოვრებ ქალებზე, გასაუბრებაზე რა უნდა ვთქვათ და ბევრი რამე. კურსების გავლის შემდეგ ჩვენ თვითონ უნდა ჩაგვეტარებინა ერთი შეხვედრა სხვებისთვის. მე ღორჯომში წავედი და იქ ნაადრევ ქორწინებაზე ვისაუბრე. იქ რა ვთქვი? – იქაც იგივე, რომ პირველი ნაბიჯის გადადგმაა რთული.

შორენა ბოლქვაძე: სასტუმროს მენეჯმენტს ვსწავლობ… სახლში აღარ დავჯდები

„მთავარი, რაც ამ ცენტრისგან მივიღე, თავდაჯერებულობაა. ახლა სულ სხვანაირი ვარ,“ – ასე დაიწყო საუბარი შუახევში, ჭვანას ხეობაში, ხაბელაშვილებში მცხოვრებმა შორენა ბოლქვაძემ. ისიც პროექტის „სოფლად მცხოვრები ქალების ხმა“ მონაწილეა. შორენამ ამ პროექტის გავლის შემდეგ პროფესიული განათლების მიღება გადაწყვიტა – სასტუმროს მენეჯმენტს სწავლობს.

ბავშვობაში პოლიციელობა მინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა, ხომ გესმით, ოჯახის გამო. ახლა უკვე ჩემი შვილები დიდები არიან: ერთი 15 წლისაა, მეორე – 12-ის. 19 წლის ვიყავი, როცა ოჯახი შევქმენით… უმაღლესი განათლება არ მაქვს, კულტურის ცენტრში ვმუშაობდი, მაგრამ მერე ძალიან დაბალი გამოდიოდა ხელფასი და წამოვედი, აღარ ღირდა.

„საორსამ“ სიცოცხლის სურვილი დამიბრუნა, მართლა ასეა. ბევრი სტერეოტიპი დავამსხვრიე, მათ შორის, ჩემში, გამოვედი მდგომარეობიდან…  მანამდე სულ სახლში ვიყავი. დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ არაფერი შეიცვლებოდა. როცა დიასახლისი ხდები, ბავშვები გყავს, ფიქრობ, რომ სულ ესაა შენი ცხოვრება და დამთავრდა.

თავიდან იყო ლაპარაკი, სად დადის ეს ქალიო. ახლა აღარ მაინტერესებს სხვების აზრი: სადმე ფორუმია, თუ ტრენინგი, ყველგან დავდივარ. ძალიან საინტერესო თემებია, მომწონს“.

შორენა ბოლქვაძე 

დარო ბოლქვაძე: ვეღარ გავჩერდები

ხულოში, სოფელ დეკანაშვილებში მცხოვრები დარო ბოლქვაძე ახლა აპირებს მონაწილეობა მიიღოს პროექტში – „სოფლად მცხოვრები ქალების ხმა“. იგი 44 წლისაა და იმის მიუხედავად, რომ პროფესიით დაწყებითი განათლების პედაგოგია, ბოლო რამდენიმე წელი არსად უმუშავია. დარო ბოლქვაძისთვის ყველაზე მტკივნეული – ოჯახში ძალადობაა, რომლის მსხვერპლიც თვითონ გახდა. ის ამბობს, რომ მთაში ამ თემას ჯერ კიდევ ტაბუ ადევს.

„ამაზე საუბარი არავის უნდა, ყველა ეგუება, ეჩვევა… ძალადობა ყველა ფეხის ნაბიჯზეა, ვერც კი ჩამოთვლი იმდენია, მაგრამ აქ ქალებს არ აქვთ მოლოდინი, რომ რამე შეიცვლება.

მეც რამდენჯერმე გავხდი ძალადობის მსხვერპლი: ფსიქოლოგიურიც იყო, ფიზიკურიც, მატერიალურიც… დეტალებზე საუბარი აღარ მინდა. ერთი მინდა, რომ დაწეროთ – პოლიციის შემაკავებელი ორდერი ვერაფერს ცვლის. გავიდა დრო და ამაზე ლაპარაკი აღარ მინდა.

დარო ბოლქვაძე

ჩემი შვილი უკვე 23 წლისაა. ახლა ჩემს 4 ობოლ ძმისშვილს ვზრდი და ბედნიერი ვარ. როცა გავიგე ქალები სადღაც დადიანო, მეც მომინდა ძალიან. მერე ინტერნეტში განაცხადი შევავსე და გავაგზავნე სამოტივაციო.

მე ვფიქრობ, რომ განათლებიდან იწყება ყველაფერი. განათლება შეცვლის მერე მენტალიტეტს. ამის გამოა, რომ ქალები ხმას არ იღებენ და ჩუმდებიან, მაგრამ ახლა რომ ვაკვირდები, ამ ცენტრშიც სიარული ბევრს უნდა. მეც ვეღარ გავჩერდები“, -ასრულებს დარო ბოლქვაძე.

გვინდა ქალების ერთიანი სივრცე შევქმნათ, მთავარია სოლიდარობა 

„თავდაპირველად ყველას უჭირდა საუბარი. თითქოს რაღაცას ერიდებოდნენ, გაურბოდნენ ერთმანეთს, ყველა ერთმანეთს იცნობდა,“ – ასე იხსენებს შეხვედრის პირველ დღეებს ლია ფუტკარაძე, ორგანიზაცია „საორსას“ ხელმძღვანელი. იგი გვიყვება, რომ ქალებმა ხულოდან, შუახევიდან და ქედიდან მალე დაძლიეს შინაგანი ბარიერი და რეალურ პრობლემებსაც მოუყვნენ. ლია ამბობს, რომ ამჯერად ტრენინგების რაოდენობა 10-დან 16 დღემდე გაიზარდა. მოთხოვნის შესაბამისად გაიზარდა მონაწილეების ასაკიც: 35 წლიდან 45 წლამდე.

ლია ფუტკარაძე

„პროექტი მოიცავს სხვადასხვა აქტივობას: სამოქალაქო ჩართულობის ფორმალური და არაფორმალური მექანიზმები, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, დასაქმების უნარები და შესაძლებლობები, საგრანტო კონკურსები. რეპროდუქციული ჯანმრთელობა და შრომითი უფლებები, სოციალური მედია, ინტერნეტი როგორ შეიძლება გამოვიყენოთ… მათ უკვე შექმნეს საინიციატივო ჯგუფები. გვინდა, რომ შეიქმნას ქალების ერთიანი სივრცე, რადგან მთავარია სოლიდარობა,“ – გვიყვება ლია ფუტკარაძე.

30 კურსდამთვარებულიდან რამდენიმეს საგრანტო კონკურსისთვის ბიზნესგეგმაც მოუმზადებია. ლია ფუტკარაძეს იმედი აქვს, რომ ამ პროექტის კურსდამთავრებული ბიზნესმენებიც გახდებიან, თუმცა ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ მისთვის უფრო მთავარი ის ემოციები და რეპლიკებია, რასაც ამ ქალებისგან ისმენს:

„ჩემი ქმარი მეუბნება, შენ უკვე სხვანაირად საუბრობო… ერთი ყვებოდა, დედამთილს თურმე ეუბნებიან, სად დადის შენი რძალიო. მე მჯერა, რომ ისინი დაძლევენ შიშს“, – აღნიშნა ლია ფუტკარაძემ.

„საორსას“ საინფორმაციო შეხვედრა სოფლად მცხოვრებ ქალებთან

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი