მთავარი,სიახლეები

სამშენებლო მასალების ევროსტანდარტებთან შესაბამისობის მოთხოვნა მთავრობამ 2 თვით შეაჩერა

26.11.2018
სამშენებლო მასალების ევროსტანდარტებთან შესაბამისობის მოთხოვნა მთავრობამ 2 თვით შეაჩერა

საქართველოს ბაზარზე სამშენებლო მასალების ხარისხი 2018 წლის 15 ნოემბრიდან მხოლოდ ევროსტანდარტების შესაბამისი უნდა ყოფილიყო, თუმცა 21 ნოემბერს შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება მთავრობამ 2019 წლის 15 იანვრამდე შეაჩერა.

რეგლამენტის მოთხოვნების ძალაში შესვლამდე ერთი დღით ადრე, 14 ნოემბერს კი, მთავრობამ დადგენილებაში მთელი რიგი ცვლილებები შეიტანა. მათ შორის განისაზღვრა, რომ „ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება ფიზიკური პირის მიერ 30 კალენდარულ დღეში ერთხელ, ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის სამშენებლო პროდუქტებზე, რომლებიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის“.

ტექნიკური რეგლამენტი ეხება ცემენტს, არმატურას, ელექტროკაბელებსა და პლასტმასის მილებს. შესაბამისი სტანდარტების დასახელება კი, საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაედგინა.

ტექნიკური რეგლამენტის შესახებ დადგენილებაში შეტანილი ცვლილების შედეგად რეგლამენტიდან მთლიანად იქნა ამოღებული დანართი, რომელიც განსაზღვრავდა ძირითად მოთხოვნებს სამშენებლო ობიექტების მიმართ.

ცვლილებების მიხედვით, მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ცემენტი და ელექტროკაბელი, მოცემული იქნება იმ სტანდარტ(ებ)ში, რომელთა დასახელებასაც აქვეყნებს საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო; ხოლო არმატურისა და პლასტმასის მილების შემთხვევაში ასეთი მოთხოვნები უკვე მოცემულია უშუალოდ რეგლამენტის დანართში.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: