მთავარი,სიახლეები

ხულოს მერიის პასუხი იმედა ბოლქვაძის სამსახურიდან გაშვებასა და ადაპტირებული ბილიკის მოწყობაზე 

14.10.2019 • 1547
ხულოს მერიის პასუხი იმედა ბოლქვაძის სამსახურიდან გაშვებასა და ადაპტირებული ბილიკის მოწყობაზე 

„გზები ვიწროა, სულ 3 მეტრია სიგანე, თანაც დაღმართია. არც ერთი ტექნიკური რეგლამენტი არ ითვალისწინებს ასეთ გზაზე ადაპტირებული ბილიკის მოწყობას. მაგრამ ჩვენ მაინც განვიხილავთ და ვფიქრობთ, რა შეიძლება გავაკეთოთ“, – გვითხრა ხულოს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა აბულაძემ იმედა ბოლქვაძის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

იმედა საკუთარი სოფლიდან, განახლებიდან, ამავე თემის ცენტრალურ გზამდე 40-მეტრიანი ადაპტირებული ბილიკის მოწყობას ითხოვს. ამ მოთხოვნით მან მერიას არაერთხელ მიმართა, თუმცა უარი უთხრეს. როგორც თვითონ გვიყვება, მას განუმარტეს, რომ ბიუჯეტში შესაბამისი თანხა არ ჰქონდათ, შემდეგ უარის მიზეზად ვიწრო გზები დაუსახელეს. ამ დრომდე იმედა დისტანციურად მუშაობდა აიპ „კურორტ ბეშუმში“ პიარსპეციალისტად და თავის საქმეს დისტანციურად აკეთებდა.

იმედას მძიმე დაავადება აქვს, ამიტომაც დისტანციურად მუშაობა მისთვის ხელსაყრელი იყო და როგორც აიპი „კურორტი ბეშუმის“ ხელმძღვანელმა დაადასტურა, იმედა თავის საქმეს კარგად აკეთებდა, მაგრამ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.

„იმედა ხელშეკრულებით გვყავდა აყვანილი, სხვათა შორის, მან ძალიან კარგად იმუშავა. მაგრამ ხელშეკრულების ვადა სრულდება და არც თანხა გვაქვს ამ ხელშეკრულების გასაგრძელებლად ბიუჯეტში. რეალურად, ზამთარში იქ ორი დარაჯი რჩება“, – გვითხრა აიპის დირექტორმა ემზარ ბოლქვაძემ.

ექნება თუ არა შეთავაზება დასაქმებაზე იმედას? – ამ კითხვაზე ხულოს მერიაში გვიპასუხეს, რომ უახლოეს მომავალში კონკურსების გამოცხადებას გეგმავენ და იმედას შეუძლია ამ კონკურსში რომელიმე პოზიციაზე მიიღოს მონაწილეობა.

ამავე თემაზე:

„მოკლედ ჩემს ბრძოლებზე“ – ხულოს აიპის თანამშრომელი მძიმე დიაგნოზით უსამსახუროდ რჩება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: