მთავარი,სიახლეები

ბათუმში სექსუალური შევიწროების 4 შემთხვევიდან 2 ლიფტში მოხდა

03.10.2019 • 2163
ბათუმში სექსუალური შევიწროების 4 შემთხვევიდან 2 ლიფტში მოხდა

მას შემდეგ, რაც სექსუალური შევიწროება დასჯადი გახდა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 4 საქმე განიხილა ამ მუხლით. სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციული წესით დასჯადი 2019 წლის 3 მაისს გახდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ განხილული 4 საქმიდან, 2 შემთხვევაში სექსუალური შევიწროება ლიფტში მოხდა. კიდევ ერთ შემთხვევაში ქალს საჯაროდ შუა თითს უჩვენებდნენ, ბოლო შემთხვევაში კი „ფეისბუქით“ გაუგზავნეს სექსუალური შინაარსის შეტყობინებები და ფოტოები.

ლიფტში ჩადენილი სექსუალური შევიწროების ფაქტებიდან ერთ-ერთი რესტორნის ლიფტში მოხდა.

„რესტორან ს.-ს ლიფტში განახორციელა თ.კ.-ს მიმართ არასასურველი ხასიათის ქცევა. კერძოდ: აკოცა ყელზე, ხელით შეეხო ტანსაცმლის გარეთა ზედაპირიდან მკერდზე, რამაც თ.კ.ს შეუქმნა ღირსების შელახვისა და შეუარცხმყოფელი გარემო“, – აღწერილია სასამართლოს დადგენილებაში. ამ შემთხვევაში მოსამართლე კობა გოცირიძემ სამართალდამრღვევი 300 ლარით დააჯარიმა.

სამართალდამრღვევად მიიჩნია მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ და ასევე 300 ლარით დააჯარიმა სხვა პირი, რომელსაც საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში დაუდგინეს სექსუალური შევიწროება.

„რაც შემდეგში გამოიხატა: 2019 წლის 21 მაისს, ქ. ბათუმში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ლიფტში დ.ა.-მ განახორციელა სექსუალური  ხასიათის ქცევა, რაც გამოიხატა მ.ლ.-სთვის საჯდომზე ხელით შეხებაში,“ – წერია დადგენილებაში.

მოსამართლე კობა გოცირიძე სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა იმ კაცის მიმართ, რომელიც ქალს ქუჩაში შუა თითს აჩვენებდა. მოსამართლე ირმა ტოგონიძემ კი 300 ლარით დააჯარიმა კაცი, რომელიც ქალს ფეისბუქით „შეურაცმყოფელ შეტყობინებებს და ფოტოებს უგზავნიდა“

ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, „სექსუალური შევიწროება“ გულისხმობს „საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველ სექსუალური ხასიათის ქცევას, რომელიც მიზნად ისახავს, ან იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს“.

მუხლი მოიცავს სექსუალური შევიწროების განმარტებასაც – „სექსუალური ხასიათის ქცევად“ მიიჩნევა სექსუალური ხასიათის ფრაზების თქმა ან/და მიმართვა, გენიტალიების ჩვენება ან/და სექსუალური ხასიათის სხვა ნებისმიერი არასიტყვიერი ფიზიკური ქცევა.

რაც შეეხება სანქციებს – სექსუალური შევიწროების მუხლი ძირითადად ჯარიმას ითვალისწინებს. პირველ შემთხვევაში, ჯარიმა 300 ლარია, განმეორების შემთხვევაში – 500 ლარი, ან გამასწორებელი სამუშაოები ერთ თვემდე ვადით. ადამიანი 500-დან 800-მდე ლარით დაჯარიმდება, თუკი მას სექსუალური შევიწროების ფაქტს დაუდასტურებენ არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ.

ამ თემაზე:

„ხელს არავის არ ვაფარებთ“ – საკრებულო სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ ლექტორზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: