26 სექტემბერს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტარ ვანო ზარდიაშვილს ხელი პირზე მიარტყა. ბესელიას ქმედება მოჰყვა ვანო ზარდიაშვილის რეპლიკას, რა დროსაც მან „ბესელიას მორალი“ ნეგატიურ კონტექსტში ახსენა და ეკა ბესელიას ასე „შეახსენა“ პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმე.
ბესელიასა და ზარდიაშვილის დაპირისპირება ჯერ კიდევ მაშინ გახდა შესამჩნევი, როცა ეკა ბესელიამ დატოვა „ქართული ოცნება“ და ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად წინა ხელისუფლების მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხი და „სასამართლოს კლანი“ დაასახელა. მაშინ ზარდიაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რომ გუნდიდან ეკა ბესელიას წასვლას დანაკარგად არ მიიჩნევს.
პარლამენტარი ვანო ზარდიაშვილი ხშირად ასოცირდება ე.წ. სასამართლოს კლანთან. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე და ვანო ზარდიაშვილი მეჯვარეები არიან, ხოლო ზარდიაშვილის მეუღლე თინათინ აბრალავა 2015 წელს ლევან მურუსიძის ბრძანებით დაინიშნა იუსტიციის საბჭოს მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. მურუსიძე 2018 წელს დანიშნა იუსტიციის საბჭომ უვადო მოსამართლედ.
პარლამენტარი ზარდიაშვილი პროფესიით სამართალმცოდნეა და როგორც საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მისი CV-დან ჩანს, მისი სამუშაო გამოცდილება 2004 წელს დაიწყო, როცა ზარდიაშვილი საქართველოს იუსტიციის მინისტრის აპარატის თანამშრომელი იყო. 2004 წელი მომავალი დეპუტატისთვის, როგორც ჩანს, წარმატებული იყო, ზარდიაშვილის რეზიუმეში მითითებულია, რომ ამავე, 2004 წელს, იგი იყო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის, ვანო მერაბიშვილის თანაშემწე და ასევე, 2004 წელს – საქართველოს გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის მრჩეველი.
2008 წლიდან ზარდიაშვილის კარიერა უკვე თბილისის მერიაში გაგრძელდა. 2007 წელს იგი თბილისის მერიის საერთო განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა, 2007-2010 წლებში იყო თბილისის მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის უფროსის მოადგილე, 2010-2012 წლებში – უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის უფროსი.
ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ვანო ზარდიაშვილმა მუშაობა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაიწყო, სადაც იგი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო. 2013 წელს ზარდიაშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი იყო, 2013-2016 წლებში კი – სახელმწიფო სამსახურის გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე.
2016 წლიდან ვანო ზარდიაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით.
რაც შეეხება ვანო ზარდიაშვილის ქონებას, დეკლარაციების მიხედვით ჩანს, რომ მისი ქონება წლიდან წლამდე იზრდება. 2013 წელს ვანო ზარდიაშვილს 2 ბინა ჰქონდა თბილისში, 2015 წელს მის დეკლარაციაში 6 ბინაა ასახული, უკვე 2019 წლის დეკლარაციის თანახმად კი, პარლამენტარ ზარდიაშვილსა და მის მეუღლეს 8 ბინა და 1 კომერციული ფართობი აქვთ.
ზარდიაშვილის მეუღლე, თინათინ აბრალავა, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობს. დეკლარაციაში მითითებულია, რომ ორი ბინა – 110 კვ.მ თბილისში და 51,6 კვ.მ ბათუმში – თინათინ აბრალავას მშობლებმა აჩუქეს.
2018 წელს ვანო ზარდიაშვილმა 46 796 ლარი მიიღო როგორც პარლამენტის წევრმა, თინათინ აბრალავამ კი – 54 636.
წელს ვანო ზარდიაშვილს აშშ-დან მიღებული აქვს ფულადი გზავნილი – 34 448 $, დედისაგან. პარლამენტარს „თი ბი სი ბანკში“ აქვს მიმდინარე სესხი – 110 000 $, მის მეუღლეს კი იჯარით გაცემული ქონებიდან აქვს შემოსავალი – 21 182 ლარის ოდენობით.
დეკლარაციაში ასახულია პარლამენტარის შვილების სწავლის გადასახადიც – 3500 $ და 2750 ლარი – ბაღის გადასახადი.
დეკლარაციაში ასახული არ არის, რომ ვანო ზარდიაშვილის მეუღლე, თინათინ აბრალავა, ფლობს 5-პროცენტიან წილს შპს „პენტჰაუსში“. reginfo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თინათინ აბრალავა მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრის, ანზორ აბრალავას შვილია, რომელიც ასლან აბაშიძის „აღორძინების კავშირის“ პარტიული სიით მოხვდა პარლამენტში. ამჟამად ანზორ აბრალავა შპს „იბერია-ექსპრესის“ 25-პროცენტიანი და „თამ მენეჯმენტ გრუფის“ 1.50-პროცენტის მფლობელია.
______
ფოტოზე: ვანო ზარდიაშვილი. ფოტო: პირველი არხი