მთავარი,სიახლეები

ბათუმის კინოფესტივალის გრანპრი სლოვაკი რეჟისორის ფილმს გადაეცა

22.09.2019 • 1766
ბათუმის კინოფესტივალის გრანპრი სლოვაკი რეჟისორის ფილმს გადაეცა

დღეს, 22 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონიალზე ფესტივალის გამარჯვებული ფილმები დაასახელეს.

კინოფესტივალის მთავარი პრიზი საუკეთესო ფილმისთვის გადაეცა სლოვაკურ ფილმს „და იქმნა ნათელი“, რეჟისორი – მარკო სკოპი. ფილმი გვიამბობს კაცზე, რომელიც გერმანიაში მშენებლობაზე მუშაობს, რათა სლოვაკეთში ოჯახი არჩინოს. საშობაოდ სახლში დაბრუნებული მილანი შეიტყობს, რომ მისი უფროსი ვაჟი პარამილიტარისტული, ახალგაზრდული ჯგუფის წევრია. ბიჭი თანაკლასელის ჩაგვრასა და სიკვდილშია გარეული. მამამ უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოიქცეს. 

მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში 10 ფილმი იყო წარმოდგენილი. ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაციაში დააჯილდოვა შემდეგი ფილმები:

  • პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის  გადაეცა რეზა მირკარიმის ფილმისთვის „ოცნებების სასახლე“ [ირანი]. 
  • პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის – ჩემრე ებუზზია, „სამი დის ზღაპარი“ [ თურქეთი]. 
  • პრიზი კაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის – კაიან აჩიკგოზი,  „სამი დის ზღაპარი“ [ თურქეთი]. 
  • ჟიურის სპეციალური პრიზი – „სეზონის დასასრული“, ელმარ ივანოვი, აზერბაიჯანი/გერმანია/საქართველო. 

BIAFF-ის მხატვრული ფილმების საერთაშორისო  კონკურსის ჟიურის ალექსანდრე მინდაძე [რუსეთი] ხელმძღვანელობდა. ჟიურის წევრები იყვნენ: ტატიანა დეტლოფსონი [აშშ],    მარტინ ბლეინი [დიდი ბრიტანეთი], კარმენ გრეი [დიდი ბრიტანეთი],  რუსუდან გლურჯიძე [საქართველო]

კინოფესტივალის დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაში წარმოდგენილი იყო 8 ფილმი. პრიზებით აღინიშნა შემდეგი ფილმები:

  • პრიზი საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის – „მაფიის გადაღება“, რეჟისორი კიმ ლონგინოტო [ირლანდია]. 
  • ჟიურის სპეციალური პრიზი – „სიყვარულის ავტომობილი“, რეჟისორი ელკე მარგარეტ ლერენკრაუზი [გერმანია]; „ფორმანი ფორმანის წინააღმდეგ“, რეჟისორი ელენა ტრეშტიკოვა [ჩეხეთი]. 

BIAFF-ის საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების კონკურსს ხუთკაციანი ჟიური აფასებდა: ქშიშტოფ გიერატი [ჟიურის თავმჯდომარე, პოლონეთი], გასიდე გოლმაკანი [ირანი], კარენ ავეტისიანი [სომხეთი], ოლეს იანჩუკი [უკრაინა], ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი [საქართველო].

ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურიმ [ლელა ოჩიაური, ნინო მხეიძე, სალომე კიკალეიშვილი] გამოავლინა კინოკრიტიკოსთა რჩეული ფილმი:

  • „ოცნებების სასახლე“, რეზა მირკარიმი, ირანი.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში წარმოდგენილი 25 ფილმიდან ჟიურიმ ორი ფილმი გამოარჩია. დაჯილდოვდნენ შემდეგი ფილმები:

  • საუკეთესი ფილმი – „ცხოველი“, რეჟისორი ამირან დოლიძე. 
  • ჟიურის სპეციალური პრიზი – „იმედი“, ალექსანდრა მარკოვა [ბელორუსი]; „საზამთროს წვენი“, ირინე მორეი [ესპანეთი]. 

მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ჟიურის თავმჯდომარე იყო ოთარ შამათავა [საქართველო], ჟიურის წევრები კი – პოლ თილჯესი [ლუქსემბურგი] და დავიდ ლორენცი [გერმანია].

BIAFF-ის პრიზი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ: მანუჩარ შერვაშიძეს [საქართველო]; პოლ შრედერის [აშშ]; დენის ლავანის [საფრანგეთი]; ალექსანდრე მინდაძეს [რუსეთი].

„ცხენთევზა“, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის სიმბოლო

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი წელს მეთოთხმეტედ გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორია ხელოვანთა სახლი „არგანი“, ოფიციალური პარტნიორი – ბათუმის მერია.

წელს კინოფესტივალის მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს კულტურის, განათლების, სპორტის და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო, ბათუმის დრამატული თეატრი, “ბრიტანეთის საბჭო“, გოეთეს ინსტიტუტი და იტალიის საელჩო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: