მთავარი,სიახლეები

განათლების მინისტრმა 2018 წელს ავტომანქანაში 47 500 ევრო გადაიხადა

12.09.2019 • 2776
განათლების მინისტრმა 2018 წელს ავტომანქანაში 47 500 ევრო გადაიხადა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, გასულ წელს ორი ძვირადღირებული ავტომანქანა იყიდა, ერთი თავისთვის, მეორე კი – ცოლისთვის.

მინისტრმა 47 500 ევროდ ავტომანქანა „LAND ROVER RANGE ROVER VELAR“-ის 2017 წლის მოდელი შეიძინა. მან გასულ წელს მეუღლეს „MAZDA CX 5“ აჩუქა, რაშიც 36 000 ლარი გადაიხადა. ამ მანქანის შეძენის თარიღადაც მინისტრს 2018 წელი აქვს მითითებული.

მინისტრმა ქონებრივ დეკლარაციაში მიუთითა ისიც, რომ ახალი ავტომანქანები სესხით შეიძინა, გასულ წელს კი ამ სესხიდან 141 835 ლარი დაფარა.

ბოლო ქონებრივი დეკლარაცია მინისტრმა 2019 წლის 13 აგვისტოს შეავსო, სადაც 2018 წლის გასავლებზე ჩაწერა. სწორედ ამ დეკლარაციაშია მითითებული ხარჯებზე, რაც ავტომანქანების შეძენას უკავშირდებოდა.

მიხელი ბატიაშვილი განათლების მინისტრად მამუკა ბახტაძემ 2018 წლის 12 ივლისს წარადგინა.

მინისტრის მიერ შევსებულ დეკლარაციაში ორივე ავტომანქანების შეძენის წლად მითითებულია 2018 წელი.

შენიშვნა: მასალის გამოქვეყნებიდან მალევე დაგვიკავშირდა სამინისტროს პრესსამსახური, რომელმაც განმარტა, რომ საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა „ლენდ როვერ რანჯ როვერ ველარი“ შეიძინა კერძო სექტორში მოღვაწეობის დროს, 2018 წლის 22 მარტს.

იქედან გამომდინარე, რომ მიხეილ ბატიაშვილს ქონებრივ დეკლარაციაში მხოლოდ ავტომანქანების შეძენის წელი აქვს მითითებული, პრესსამსახურს „ბათუმელებმა“ სთხოვა რაიმე დოკუმენტი, რითაც დადასტურდებოდა, რომ ავტომანქანები მიხეილ ბატიაშვილმა მინისტრად დანიშვნამდე შეიძინა.

პრესსამსახურმა წერილობით შემდეგი გვაცნობა:

„გადახდილ იქნა 82 115 ლარი კრედიტით და 59 700 ლარი კერძო დანაზოგიდან, რომელიც მას ასევე ბიზნესში მოღვაწეობის პერიოდში ჰქონდა, რაც ასახულია დეკლარაციაში. რაც შეეხება მეუღლისთვის მანქანის ჩუქებას – განხორციელდა 2018 წლის ივნისში, ასევე, მინისტრობამდე. მანამდე აღნიშნულ მანქანას ბატიაშვილი წლების განმავლობაში ფლობდა. აღსანიშნავია, რომ ბატიაშვილის მეუღლემ მანქანის ჩუქების შემდგომ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადა საშემოსავლო გადასახადიც – 7200 ლარი“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: