მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

ბავშვები, რომლებიც დიდებად იბადებიან

13.09.2019 • 4172
ბავშვები, რომლებიც დიდებად იბადებიან

ავტორი: სალომე დუმბაძე, ბსუ-ს სტუდენტი

ცხოვრება თანაბარ სტანდარტებს არ უქმნის ყველას და ეს სტანდარტი ვრცელდება ხმამაღალ საუბარზეც… მაგრამ მაინც ვიტყვი… მე დავიბადე და გავიზარდე იმ სოფელში, სადაც არ იყო ინტერნეტი, არც ტელევიზორზე ყურების დრო გვქონდა დიდად. იქ დავიბადე, სადაც ჯერ კიდევ 12 წლის ბავშვებს ეზოში სათამაშოდ მიუწევთ გული, მაგრამ ყოველ დილით მამლის ყივილზე დგებიან და საღამოს 2 საათზე იძინებენ, რადგან უნდა მოასწრონ საქმეც და მეცადინეობაც.

ამ ბავშვებისთვის მთავარი არ არის რა აცვიათ, ეხამება თუ არა მათი ტანსაცმელი  ფეხსაცმელს. არ აქცევენ ყურადღებას ლაქის შერჩევისას ფერს. ისინი ხელებდახეთქილები, ფრჩხილებში ტალახით ცდილობენ იყვნენ ლამაზები. მათ უკვე იციან საკუთარი შრომის შედეგი. თმა ყოველთვის შეკრული აქვთ, რადგან საჭმლის მომზადებისას თმის ღერი არ უნდა ჩაუვარდეთ საჭმელში. ისინი სწავლობენ ქსოვას, ლაგებას, ძროხების მოწველას, მიწაზე მუშაობას, სწავლობენ, თუ რომელ ნარგავს რამდენი წყალი სჭირდება და რა სიღრმეში უნდა დაირგოს, სწავლობენ უფროსების პატივისცემას.

უზრდელობად მიიჩნევა შენ წინ მიმავალ მოხუცს უბოდიშოდ გაუსწრო, სირცხვილია წუწუნი იმაზე, რომ დაიღალე, მათ არ აქვთ დაღლის უფლება, ისინი შრომობენ დღის ბოლომდე და შებინდებისას ბოსელში საქმის დასრულების შემდეგ, სირბილით მიდიან სამეცადინოდ.

თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემს სოფელში ყველა მოზარდი ფრიადოსანია, ისინი ხედავენ რეალობას, რომელშიც უწევთ ცხოვრება, მაგრამ წუწუნის უფლება არ აქვთ, ამიტომ ისინი გვიანობამდე მეცადინეობენ. მათ უნდათ თავი დააღწიონ მძიმე შრომას, უნდათ ღირსეული მომავალი, ამიტომაც ყველაზე კარგად იციან სწავლის ფასი. და ბევრს მეცადინეობენ, მაგრამ მათი თანატოლებისგან განსხვავებით სასწავლო პროგრამებს მაინც ჩამორჩებიან. იცით, რატომ? – იმიტომ, რომ სკოლაში არ აქვთ სათანადო გარემო განათლების მისაღებად.

ჩემს სოფელში მხოლოდ 9 კლასამდეა სწავლა შესაძლებელი. ხისგან ნაშენი და ცისფრად შეღებილი სკოლა სოფლის ცენტრში დგას, აქ ზამთარში გათბობის ერთადერთი საშუალება არის ღუმელი, რომელიც ხის შენობას, მოგეხსენებათ, ისე ვერ ათბობს, როგორც საჭიროა. მახსოვს, კვამლით გავსებულ ოთახში თვალებაცრემლებულებს როგორ გვიტარდებოდა გაკვეთილი, სამი მეტრი სიმაღლის თოვლში სიცხიანები როგორ მივიკვლევდით გზას მე და ჩემი ძმა, არაფერი არ გაკეთებულა სტადიონის გარდა, ისიც იმიტომ გაკეთდა, რომ ყოველწლიურად სოფელში იმართება „სელიმობა“, დღესასწაული, რომელზეც უამრავი ადამიანი იყრის თავს, მათ შორის ბათუმიდან ჩასული პოლიტიკოსები. ეზოც ყოველთვის მზადყოფნაშია.

არ მესმის, ამ დღესასწაულზე შეკრებილები მაინც როგორ ვერ ამჩნევენ სკოლას, რომელიც გადახუნდა და ალაგ-ალაგ ჭუჭრუტანები ძველ სახლს მოგაგონებს; საკლასო ოთახებს, სადაც სიცივე ძვალ-რბილში ატანს, არაფერს ვამბობ არაჰიგიენურ და აყროლებულ საპირფარეშოებზე, რომელიც უკანა ეზოში დგას. მაგიდის ჩოგბურთი ერთადერთი გასართობია სპორტის გაკვეთილზე. ნუ, თუ ზამთარი არ არის და არ წვიმს. შესაძლოა გარეთ ფეხბურთის თამაშიც, მაგრამ მხოლოდ ბიჭებისთვის. აბა, ვის გაუგია გოგო ბურთს მისდევდეს.

ბიბლიოთეკაში განთავსებული კლასგარეშე ლიტერატურა იმდენად მწირია, რომ ლამის ორჯერ გადავიკითხე. გაგიკვირდებათ და, წიგნების უმრავლესობაც რუსულ ენაზეა, სკოლაში კი რუსული არ ისწავლება. ამ ყველაფრის ფონზე მხოლოდ ეზო აინტერესებთ და ზრუნავენ მის  მოწესრიგებაზე.

აქაურ ბავშვებს სასწავლო წლის დასაწყისში ნაყიდი შარვალი, კაბა და ერთი წყვილი ფეხსაცმელი გათვლილი აქვთ მთელ წელზე – წლის ბოლომდე. აქ ოჯახის ყველა წევრი მუშაობს მიწაზე, სადაც კარტოფილი, ლობიო, კომბოსტო და სხვა ბოსტნეული მოჰყავთ, ძროხებს წველიან და ამზადებენ რძის პროდუქტებს – ყველს და ნადუღს… მერე ამ ყველაფერს ყიდიან თეთრებში. ასე ყიდულობენ მთელი წლის სამოსს – შარვალს, კაბას, ფეხსაცმელს. თუ საზამთროდ ქურთუკიც იყიდე, ესე იგი, იმ წელს გვარიანად გივაჭრია.

ჩემი სოფლის ბიჭები 14 წლის ასაკში უკვე თურქეთში მიდიან ჩაის საკრეფად, ასე ყიდულობენ სასკოლო ნივთებს და ოჯახსაც ორი თეთრით ეხმარებიან.

ჩვენ სკოლაში არ გვყავდა უცხო ენის სპეციალისტები, გერმანულ ენას ვსწავლობდით, რომელსაც ბიოლოგიის მასწავლებელი გვასწავლიდა, არ ვსწავლობდით ინგლისურს, არც რუსულს – არც ერთი ამ საგნის მასწავლებელი არ გვყავდა. ახლა სკოლაში არიან უცხო ენების სპეციალისტები, მაგრამ ამჯერად არ არიან მოსწავლეები, თითქმის არ არიან. ჩემი ასაკის ვინც იყო, ყველა წამოვიდა ქალაქში სასწავლებლად და არ მგონია, მათგან ვინმე უკან დაბრუნდეს.

ჩემს სოფელს ბუმბერაზი მთები აკრავს გარს. ბავშვობაში ვერც კი წარმომედგინა, რომ შესაძლებელი იყო ამ მთების მიღმა გასვლა და სხვა სტანდარტებით ცხოვრება. ჩემ მსგავსად ეს ბევრს ვერ წარმოედგინა. ყველას მიაჩნდა, რომ ეს  ჩვეულებრივი ამბავი იყო – ბავშვები ვალდებულნი იყვნენ შეესრულებინათ ზემოთ აღწერილი ყველა საქმე. ყოველთვის მაშინებდა ამ მთების სიდიადე, გამთენიისას მზე როდესაც ამოიწვერებოდა, ერთი მთის ზურგიდან და დაეშვებოდა მეორე მთის კალთებზე, სულ მეგონა, დედამიწა ამით შემოიფარგლებოდა და ამაზე ფიქრი სულს მიხუთავდა…

ეს ყველაფერი ბავშვობის მოგონებაა, მე ამ სოფლიდან წლების წინ წამოვედი და სკოლაც სხვა გარემოში დავამთავრე.

თავდაპირველად ქალაქში სხვა გარემო აღმოჩნდა ჩემთვის, აქ გავიცანი მოწესრიგებული გოგონები, რომლებიც არც ხმამაღლა სიცილს უშინდებიან და არც თავიანთ ქალურ მოთხოვნილებებზე ხმამაღლა საუბარს, აქ ბევრი თავისუფალი დრო არსებობდა…

ადაპტირების ეტაპი რთული აღმოჩნდა ჩემთვის, სოფლელობა შუბლზე მეწერა თითქოს, გავხდი ბულინგის მსხვერპლი ჩემი ჩაცმულობის გამო, მაგრამ ფარ-ხმალი არ დამიყრია. ამ ყველაფერმა  მომცა მოტივაცია, უფრო მეტი წამეკითხა და ისე მოხდა, რომ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე ერთადერთი აღმოვჩნდი, ვინც კარგი შედეგი დადო და ერთ-ერთი ვიყავი კლასის იმ სამ მოსწავლეს შორის, ვინც პირველივე ცდაზე ჩააბარა უნივერსიტეტში. გამომდინარე იქედან, რომ დამატებით  მხოლოდ ზოგად უნარებსა და ინგლისურში ვემზადებოდი, ვფიქრობ, კარგი შედეგიც იყო.

დარწმუნებული ვარ, რომ ასე მხოლოდ ჩემს სოფელში არ ხდება და ამ პირობებში ძალიან ბევრ მოზარდს უწევს ცხოვრების დაწყება. ამის მიუხედავად, იქ დარჩენილებს არ მოვუწოდებ, მიატოვონ მამაპაპური სახლები, მაგრამ თავი არ უნდა დაზოგონ განათლების მისაღებად. მხოლოდ ასე დაეხმარებიან საკუთარ თავს, მერე, ალბათ, სოფელს, ოჯახს და ქვეყანასაც განვითარებაში. გათავისუფლდნენ სოფლელის დამამცირებელი გაგებისგან, რაც, სხვათა შორის, სოფლელსაც და ქალაქელსაც ერთნაირად ჰგონია დამამცირებელი. მინდა ირწმუნონ საკუთარი თავის, რომ მთებს მიღმა არსებობს უსაზღვრო შესაძლებლობები; ირწმუნონ, რომ შეუძლებელი არაფერია… მინდა, რომ მთებივით დიდი იმედი ჩაესახოთ გულებში და დაისახონ მიზნები.

დიახ, არ ღირს არავის იმედად ყოფნა, მით უფრო, რომ აშკარაა, ამ კატეგორიის ბავშვებისთვის სახელმწიფო ჯერ კიდევ დიდხანს ვერ მოიცლის.

სულ ეს არის… რატომღაც მომინდა, რომ წლების შემდეგ, სასწავლო წლის დაწყების წინ, ეს მეთქვა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: