მთავარი,სიახლეები

პროდუქტში სალმონელას გამო თურქული, ბელგიური და ჰოლანდიური 3 საწარმოდან იმპორტი შეჩერდა

10.09.2019 • 1597
პროდუქტში სალმონელას გამო თურქული, ბელგიური და ჰოლანდიური 3 საწარმოდან იმპორტი შეჩერდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ამავე სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის  სამმართველოს თანამშრომლებმა, შესაბამისი სასაზღვრო-ვეტერინარული კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, ბელგიის სამეფოს, ჰოლანდიის რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის სამი შესაბამისი საწარმოდან გამოგზავნილ პროდუქტებში სალმონელა აღმოაჩინეს.

„აღნიშნულ პროდუქტებში სალმონელას ბაქტერია მეორედ დაფიქსირდა. კონკრეტული საწარმოებიდან პროდუქციის იმპორტი ერთი წლის ვადით შეჩერდა,“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია 2019 წლის 9 სექტემბერს გაავრცელა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა შემოსავლების სამსახურს, თუ რა პროდუქტებზე და რომელ საწარმოებზეა საუბარი. თუმცა სამსახურმა ეს ინფორმაცია არ მოგვაწოდა.

„გაცნობებთ, რომ საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილში აღნიშნული ინფორმაციისა) საგადასახადო საიდუმლოებას განეკუთვნება,“ – მოგვწერეს შემოსავლების სამსახურიდან.

სალმონელათი ინფექცია ხშირი ბაქტერიული დაავადებაა, რომელიც აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. ნორმალურ პირობებში სალმონელას ბაქტერია ძირითადად ცხოვრობს ცხოველებისა და ადამიანების ნაწლავებში, საიდანაც ფეკალიებთან ერთად გამოდის. ადამიანები ძირითადად ინფიცირდებიან დაბინძურებული წყლის ან საკვების მიღებით.

ამავე თემაზე:

ხორცი, ყველი, ძეხვი და სხვა პროდუქტები საბაჟოებზე, რომლებიც იყო ვადაგასული ან დოკუმენტების გარეშე

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: