მთავარი,სიახლეები

ბათუმელმა სტუდენტმა ბერლინში პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

04.09.2019 • 2457
ბათუმელმა სტუდენტმა ბერლინში პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

ავტორი: მარიამ მუთიძე

Clio Awards-ის სტუდენტური პრინტის ნომინაციაში ბათუმელი სტუდენტის ბიჭიკო ვარშანიძის გუნდმა ოქროს პრიზი მოიპოვა. გამარჯვებულების სია დღეს, 4 სექტემბერს, გახდა ცნობილი.

Clio Awards – 1960 წლიდან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯილდოა სარეკლამო, კრეატიულ და საკომუნიკაციო სფეროში. 1991 წელს ჟურნალმა – “Time”  დაჯილდოება აღიარა, როგორც მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი მოვლენა სარეკლამო ბაზარზე.

ბიჭიკო ამჟამად Miami Ad School Berlin-ში სწავლობს. ევროპის მასშტაბით Miami Ad School Berlin-ი ერთ-ერთი უკონკურენტო კრეატიული ინოვაციების სკოლაა.

გამარჯვებული პრინტ კამპანიის სახელწოდებაა Share to Perfect – „გააზიარე სრულყოფილება“. პროდუქტი/სერვისის კატეგორიაში პოსტერები მოამზადეს ფაილების სატრანსფერო საიტ WeTransfer-სთვის.

ბიჭიკო ვარშანიძის გუნდის მიერ მომზადებულ პოსტერებზე გამოსახული არიან ცნობილი ადამიანები, რომლებიც თავიანთ საქმიან პარტნიორებს/კოლეგებს ნამუშევრებს უზიარებენ საიტის საშუალებით.

ბიჭიკო ვარშანიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ კრეატიულ სფეროში ეს ჯილდო ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია: „ჩემი კარიერისთვის, ყოველ შემთხვევაში, ძალიან ღირებულია.

Miami Ad School – ძალიან კარგი ადგილია კრეატივის და რეკლამის სფეროში მუშაობის სურვილის მქონე ადამიანებისთვის. სკოლა ძალიან დამეხმარა ამ ჯილდოსკენ მიმავალ გზაზე.”

ბიჭიკო ბათუმში დაიბადა. თავდაპირველად სტამბოლში, მარმარას უნივერსიტეტში სწავლობდა ბიზნესის მართვას. ბათუმში დაბრუნების შემდეგ მარკეტინგულ სფეროში მუშაობდა და ამ პერიოდში გადაწყვიტა თავი კრეატიული რეკლამის მიმართულებით ეცადა. მოიძია საჭირო უნივერსიტეტი და მისაღები გამოცდებისთვის მზადებას შეუდგა – უკვე მეორე წელია, რაც ბერლინში სწავლობს.

ამ ხნის მანძილზე სტაჟირება ევროპის რამდენიმე წამყვან კომპანიაში გაიარა, რაც, როგორც თვითონ ამბობს, საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა.

სწავლის დასრულების შემდეგ მას არტ დირექტორის დიპლომი ექნება.

ბიჭიკო ვარშანიძე ამბობს, რომ  ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, სამომავლოდ როგორ მოიქცევა, მაგრამ, ჯერჯერობით, სურს ევროპის მასშტაბით განავითაროს თავისი უნარები.

ბიჭიკოსთან ერთად გუნდში ლიზა კირმსე, ტერეზა შმიტცი და როდრიგო პარნასი იყვნენ.

ჯამში სამი პოსტერია: 

ცნობილი დიზაინერი სტეფანო გაბანა უზიარებს ახალ კოლექციას დომენიკო დოლჩეს. D&G

პოლ მაკარტნი უზიარებს სიმღერას “Yesterday” ჯონ ლენონს

 

სტივ ჯობსი უზიარებს მაკინტოშის პროექტს სტივ ვოზნიაკს

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: