მთავარი,სიახლეები

პატიმრების სასამართლოში გადასაყვანად 29 ახალი ავტომანქანა იყიდეს

04.09.2019 • 1676
პატიმრების სასამართლოში გადასაყვანად 29 ახალი ავტომანქანა იყიდეს

პატიმრების სასამართლოში, ასევე სამედიცინო კლინიკებში გადასაყვანად პენიტენციურ სამსახურს 29 ახალი ავტომანქანა გადასცეს. ტრანსპორტის ნაკლებობაზე „ბათუმელები“ აქამდეც წერდა, რადგან ბათუმის საქალაქო სასამართლოშიც ბევრჯერ იყო შემთხვევა, როცა ბრალდებულის წარმოდგენას ბადრაგის სამსახური უტრანსპორტობის გამო ვერ ახერხებდა.

„პირველად იქნა შეძენილი სპეციალიზებული, ქარხნული წესით დამზადებული, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით და პროფესიონალური საავტომობილო ციფრული რადიოსადგურით აღჭურვილი ავტომანქანები, მათ შორის, შშმ პირებზე ადაპტირებული. მიმდინარე წლის ბოლოს პენიტენციურ სისტემაში მოცემული მანქანების დეფიციტი მთლიანად იქნება აღმოფხვრილი,“ – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტომანქანების გადაცემის დროს კომენტარი იუსტიციის მინისტრმაც გააკეთა.

„აქამდე შესყიდული მანქანების ე.წ. საბადრაგო მანქანებად კუსტარული წესით გადაკეთება ხდებოდა. კერძოდ, მოცემულ მანქანებში დაახლოებით 1.5 ტონა რკინის კონსტრუქცია მონტაჟდებოდა, რომლის სიმძიმეს მანქანის ძრავი ვერ უძლებდა და მწყობრიდან მალე გამოდიოდა. ამასთან, 2015 წლის შემდეგ ესკორტის ავტოპარკი არ განახლებულა და მანქანების შეძენა მხოლოდ მიმდინარე წელს განხორციელდა“, – განაცხადა  თეა წულუკიანმა.

იუსტიციის სამინისტროში ასევე განმარტეს, რომ არსებობდა ესკორტის ოფიცერთა დეფიციტიც, თუმცა 129 ოფიცერი კონკურსის წესით შეარჩიეს და „ესკორტის ოფიცერთა დეფიციტის გამო ჩაშლილი სასამართლო პროცესების რაოდენობა ორჯერ შემცირდა“.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: