მთავარი,სიახლეები

რატომ გამოდიან მგლები და დათვები მოსახლეობის ნაკვეთებში

03.09.2019 • 5897
რატომ გამოდიან მგლები და დათვები მოსახლეობის ნაკვეთებში

აჭარის სოფლებში მოსახლეობას საკარმიდამო ნაკვეთებში დათვი შეეჩვია.

რატომ გამოდიან მტაცებელი ცხოველები დასახლებულ პუნქტებში, უქმნიან თუ არა საფრთხეს ადამიანს და როგორ უნდა მოიქცეთ, თუკი თქვენს თხილის ბაღს ან სიმინდის ყანას დათვი შემოეჩვია? – ამ საკითხებზე „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაკრესის“ კონსერვაციის პროგრამის დირექტორს, ბიოლოგ ბეჟან ლორთქიფანიძეს ესაუბრა:

„აჭარაში ფართოდაა გავრცელებული, როდესაც დათვები თხილის ბაღებში ან სიმინდის ყანებში შედიან და მოსავალს ანადგურებენ.

დეტალური კვლევა გვაქვს ჩატარებული მაჭახელას დაცულ ტერიტორიებზე, სადაც სასოფლო-სამეურნეო მიწებზე დათვების გადმოსვლის ფაქტებია დაფიქსირებული. ეს აჭარის პრობლემაა. მოსახლეობა ასეთი შემთხვევების დროს ხშირად გამოსავალს დათვის მოკვლაში ხედავს. მაგრამ ერთი დათვის ადგილას მოვა მეორე, ამიტომ მოკვლით ეს პრობლემა არ გვარდება.

პრობლემის მოსაგვარებლად მაჭახელას დაცულ ტერიტორიებზე და მის მიმდებარედ მცხოვრებლებს შევთავაზეთ გამოეყენებინათ ე.წ. ელექტროღობეები. ამ ღობეებში გადის დენი, მაგრამ ეს დენი ისე არის გარდაქმნილი, რომ უსაფრთხოა როგორც ცხოველის, ისე ადამიანისთვის. როდესაც მტაცებელი ღობეს ეხება, ცხოველი იღებს დიდ დარტყმას და ის მეტი აღარ ეკარება ამ ყანის პერიმეტრს, რომელსაც ელექტროღობე აქვს შემორტყმული.

იმის საილუსტრაციოდ, რამდენად ეფექტური იყო ჩვენ მიერ დამონტაჟებული ღობეები, დავაყენეთ ფოტოხაფანგები. შედეგად, გვაქვს კადრები, როდესაც, მაგალითად, დათვი მიჰყვება ამ ღობეს და ვერ ბედავს შიგნით შესვლას. ასევე, არის კადრები, როგორ ცდილობს ღორების კოლტი სიმინდის ყანაში შესვლას.

მართალია, ელექტროღობე მოითხოვს ერთჯერად დანახარჯს, მაგრამ უსაფრთხოა და წლების განმავლობაში დაცულია სასოფლო-სამეურნეო მიწები.

უკეთესია მოსახლეობამ ერთჯერადად დახარჯოს თანხა, შემოავლოს ელექტროღობეები, ვიდრე, ვთქვათ, მიმართონ სამინისტროს სპეცნებართვის მიღებაზე, რომ ამოღებული იყოს პრობლემური ინდივიდი ბუნებიდან.

მზის ენერგიაზე მომუშავე ღობეებს გარდამქმნელების დახმარებით შეუძლია დიდი ზომის ყანები მოიცვან

ეს საკმაოდ ბიუროკრატიული პროცესია – იმისათვის, რომ დაზარალებულმა მიიღოს ნებართვა მტაცებლის ბუნებიდან ამოღებაზე [მოკვლაზე], საჭიროა მიმართოს ჯერ გამგეობას, შემდეგ გამგეობა წერს წერილს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სადაც განხილვის და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ეს ყველაფერი მიდის მთავრობასთან დასამტკიცებლად. ამის შემდეგ, როდესაც მიიღებს ნებართვას, უკვე ოფიციალურად ქირაობენ მონადირეებს და ცალკეული ინდივიდს იღებენ ბუნებიდან.

ეს იმხელა პროცედურაა… ერთხელ რომ დააზიანებს დათვი ყანას, ნებართვის მიღების დროს ის შეიძლება ასი ან/და 200 კილომეტრით იყოს მოშორებული იმ ადგილს.

ამასთან, აჭარაში ყანები ახლოსაა ტყესთან, ეს აძლევს ცხოველს იმის განცდას, რომ უსაფრთხოა იქ შესვლა. ამიტომ რაც არ უნდა პრობლემური ინდივიდი ამოვიღოთ, იქ პრობლემა მაინც დარჩება, ერთს მოკლავ, მეორე გაჩნდება.

  • როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა?

ვფიქრობ, როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ისე მუნიციპალიტეტმა უნდა წამოაყენონ პრობლემა და ვიზრუნოთ იმაზე, რომ ხალხს მიეწოდოს ელექტროღობეები. ელექტროღობე დაიცავს როგორც დათვისგან, ისე გარეული ღორების კოლტისა და მაჩვისგან სიმინდის ყანებს.

რამდენიმე სახის ელექტროღობეა. ერთია, რომელიც მუდმივ დენზე მუშაობს, ანუ ჩვენ შეგვიძლია სახლში შევაერთოთ და იმაზე იმუშაოს, თუკი ჩვენი ყანა ახლოსაა სახლთან ან მუდმივი დენის წყაროსთან. მეორე ღობეა, რომელიც მზის ელემენტებით იკვებება და საკმაოდ ეფექტურია იმ ადგილებში, სადაც მუდმივი დენის წყარო არ არის.

მზის ენერგიაზე მომუშავე ღობეებს, გარდამქმნელების დახმარებით, შეუძლიათ დიდი ზომის ყანები მოიცვან, რაც საშუალებას აძლევს რამდენიმე ოჯახს, რომელთაც გვერდიგვერდ აქვთ ყანები, შეამხანაგდნენ და გაიყონ ხარჯები.

თუ მუნიციპალიტეტები და სახელმწიფოს სხვა წარმომადგენლები სუბსიდირებას მოახდენენ, ან მოხდება ისე, რომ იაფად შემოიტანენ ელექტროღობეებს ან შეღავათიანი განვადებით მისცემენ ადგილობრივებს, კარგი იქნება.

ეს ძალიან დაეხმარება, ერთი მხრივ, ბუნებას – არ მოვკლავთ ცხოველს, რომელიც წითელ ნუსხაშია შეტანილი, მეორე მხრივ, მოსახლეობა იქნება წყნარად, რომ მათ ყანებში აღარ შევა არც დათვი, არც ღორი და არც მაჩვი.

ელექტროღობე მაჭახელას დაცულ ტერიტორიაზე ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

  • როგორია საერთაშორისო პრაქტიკა?

თურქეთში ასევე პრობლემაა დათვების მიერ როგორც თხილის პლანტაციების, ისე თაფლის მეურნეობების დარბევა. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მექანიზმი არის სწორედ ელექტროღობეების დაყენება.

ვფიქრობ, მოსახლეობამ იმიტომ უნდა გაიღოს გარკვეული თანხა, რომ იგივე საერთაშორისო პრაქტიკა გვაჩვენებს, თუ უფასოდ რიგდება დამცავი მექანიზმები, ხშირად ხვდება ისეთი ადამიანის ხელში, რომელსაც არ აინტერესებს, აღარ იყენებს ან მერე ყიდის.

  • გარდა დათვებისა, არის საუბარი, რომ მგლებიც ესხმიან თავს მოსახლეობის საბინადრო ტერიტორიას. ეს რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული?

კოლხეთში შეინიშნება მგლების არეალის გავრცელება, სადაც არ იყო მგელი და ახლა შემოდის. ვფიქრობ, საქმე გვაქვს სინანთროპულ მგლებთან, რომლებიც ადამიანებთან ახლოს ცხოვრებას მიეჩვიენ. ეს თუ ასეა და კვლევის საგანია, საჭიროა, სინანთროპული მგლების ამოღება ბუნებიდან.

მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, როგორ მოხდება ამოღება. მხოლოდ ერთი ნადირობა არ წყვეტს პრობლემას.

მგლები ოჯახებით ცხოვრობენ და როდესაც ამოვიღებთ რამდენიმე ინდივიდს ამ ოჯახიდან, ეს ოჯახები ისევ გააგრძელებენ თავდასხმებს და ამიტომ პრობლემა არ აღმოიფხვრება.

საჭიროა პროფესიონალი მონადირეები, რომლებიც შეძლებენ იმ სინანთროპული მგლის მიდევნებას და ზუსტად იმ ინდივიდების ამოღებას, რომლებიც პრობლემატურები არიან. ოღონდ არ უნდა გახდეს ეს იმის საბაბი, შეიკრიბონ მონადირეები, წავიდნენ, დაეცნენ ხეობას და იქ ამოჟუჟონ მგლები. შეიძლება ის მგლები არ იყვნენ დამნაშავეები. იმათ თუ ამოწყვეტ, მათ ადგილს დაიკავებს გვერდზე მდგომი ოჯახი, ამ შემთხვევაში არეულობა იწყება და უფრო მატულობს თავდასხმები.

  • რატომ მოდიან ადამიანის საცხოვრებელთან ახლოს მგლები?

სინანთროპული მგლები შეჩვეულნი არიან ადამიანთან ახლოს ყოფნას და იმ საკვების მიღებას, რომლითაც ადამიანი იკვებება. ნაგავსაყრები ხშირად იწვევენ ასეთი ჯგუფების ჩამოყალიბებას და ხშირად სოფლები თუ ქალაქები ღია ნაგავსაყრებით სარგებლობენ. ამიტომ აქ უკვე არის როგორც ტურების, ისე მგლების შეჩვევის მაღალი ალბათობა.

როგორც კი გავრცელდება ინფორმაცია მგლის მიერ თავდასხმაზე, მოსახლეობა მაშინვე ითხოვს, რომ ამოხოცონ მტაცებლები. ემოციური ფონი სავსებით გასაგებია – ფერმერს და სოფლის მცხოვრებს, რომელსაც ერთი ძროხა ჰყავს, ამით ოჯახს კვებავს და მას მგელი დაუგლეჯს, პროტესტი ექნება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა შეიმუშავოს ეფექტური მექანიზმი, რომ დაიცვას მოსახლეობა დათვებისა და მგლებისგან. უნდა ჩამოყალიბდეს სწრაფი რეაგირების ჯგუფი, რომელიც დატრენინგებულია, ცნობს მგლის კვალს, ცნობს იმ დაზიანებებს, რომლებიც მგლებისგანაა მიყენებული. როგორც კი ცხელ ხაზზე შემოვა განაცხადი, მიდის ადგილზე, ახდენს შესწავლას და იქვე თვითონ იღებს გადაწყვეტილებას.

  • როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა მტაცებლების თავდასხმის დროს?

არც დათვი და არც მგელი არ ესხმის ადამიანს თავს. არის შემთხვევები, როდესაც დათვმა დატორა ადამიანი, მაგრამ ხშირად ეს ადამიანის მიერაა პროვოცირებული, მაგალითად, ან დაჭრილია დათვი, ან ხაფანგშია. ხშირ შემთხვევაში, ჩვენი ქცევა განსაზღვრავს, დაგვესხმება თუ არა დათვი. თავიდან უნდა ვიყოთ გაუნძრევლად, შემდეგ შეგვიძლია ხმამაღლა დავიწყოთ  ლაპარაკი და ნელ-ნელა უკან დავიხიოთ.

რაც შეეხება მგლებს, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, მგელი ყოველთვის გარბის ადამიანისგან. იყნოსავენ ხოლმე და მანამდე მიდიან, სანამ ადამიანი დაინახავს. დათვიც ისე შეიძლება გაიპაროს, ჩვენ ვერც კი დავინახოთ. ყველა მტაცებელი გაურბის ადამიანს, თუ არ არის ადამიანისგან პროვოცირებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: