მთავარი,სიახლეები

რას შეცვლის სამედიცინო დასკვნა „31 წლის ფეხბურთელის დაღუპვის საქმეში“

03.09.2019
რას შეცვლის სამედიცინო დასკვნა „31 წლის ფეხბურთელის დაღუპვის საქმეში“

„ფეხბურთელ შოთა მამინაშვილს 2017 წელს შპს „სითი სპორტში“ სამედიცინო შემოწმება არ ჩატარებია“, – ეს სამედიცინო რეგულირების სააგენტოს დასკვნაში წერია. 31 წლის შოთა მამინაშვილი 2017 წელს მცხეთაში, ფეხბურთის სათამაშო მოედანზე გარდაიცვალა.

„ის გარდაიცვალა გულგრილობის გამო… ჩემი შვილი ახლა ცოცხალი იქნებოდა, მას რომ სამედიცინო შემოწმება გაევლო. მისთვის ადრენალინი რომ გაეკეთებინათ იგივე მოედანზე, ცოცხალი იქნებოდა. ექსპერტიზის დასკვნაში გამოჩნდა, რომ თურმე რამდენიმე მიკროინფარქტი გადაუტანია მანამდე. ეს საქმე აუცილებლად მივა ბოლომდე,“ – ამბობს გარდაცვლილი ფეხბურთელის დედა, ლოლიტა იაშვილი.

ბათუმელი შოთა მამინაშვილი საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდში“ თამაშობდა. ამ კლუბს სამედიცინო მომსახურების მისაღებად კონტრაქტი „სითი სპორტთან“ ჰქონია გაფორმებულია. სამედიცინო რეგულირების სააგენტომ კი შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის მოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ „ფეხბურთელს სამედიცინო შემოწმება არ ჩატარებია“.

„ეს არის ფეხბურთის ყველა საერთაშორისო რეგულაციის დარღვევა… თავიდან გაკვეთას არ ვთანხმდებოდი. კიდევ კარგი, რომ სიმართლე გაირკვა,“ – აღნიშნავს ლოლიტა იაშვილი. ის ახლა კონკრეტული შედეგის დადებას პროკურატურისგან ელის. ამ დრომდე სამართალდამცავ ორგანოებს ფეხბურთელის დედისთვის დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებიათ და არც არავის პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარა.

„საქმის ძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით [სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით], რადგან დედა აფიქსირებს საჩივარში, რომ არასათანადო დახმარება აღმოუჩინეს. ექსპერტიზის დასკვნით, გარდაცვალება გამოიწვია გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობამ,“ – მოგვწერეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრიდან.

„ეს ფეხბურთელი მე არ მომიყვანია, შუა სეზონი იყო… ყველა გადის ჩვენთან სამედიცინო შემოწმებას“, – გვითხრა საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ პრეზიდენტმა ზაზა ჯანაშიამ. მას კონკრეტულად სამედიცინო რეგულირების სააგენტოს დასკვნის შესახებ ვკითხეთ, სადაც აღნიშნულია, რომ ფეხბურთელს, რომელიც სათამაშო მოედანზე გარდაიცვალა, „სამედიცინო შემოწმება არ ჩატარებია“.

„მე არ მიმიღია ასეთი დასკვნა და თქვენ სად ნახეთ? არა მგონია, გავლილი არ ჰქონოდა. ეს გამოძიების საქმეა, მე ვერაფერს გეტყვით,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ზაზა ჯანაშიამ.

„არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს იმას, რომ შოთა მამინაშვილს სამედიცინო შემოწმება უტარდებოდა?“ – ამ შეკითხვამ „ზუგდიდის“ პრეზიდენტი გააღიზიანა. „რა დოკუმენტებს მთხოვ? შეურაცხმყოფელ კითხვებს მისვამთ“, – გვითხრა მან.

გამოძიებას არც არჩილ ფარტენაძის შემთხვევაზე დაუდია კონკრეტული შედეგი. 28 წლის არჩილ ფარტენაძე ქედის „ბეთლემში“ თამაშობდა და ისიც ვარჯიშის დროს გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში გვითხრეს, რომ ეს 2015 წლის საქმეა და ინფორმაციის მისაღებად სამინისტროს წერილობით უნდა მივმართოთ.

„არაფერი არ გარკვეულა, ექსპერტიზაც არ ჩატარებულა… სამედიცინო შემოწმება, როგორც ვიცი, გავლილი ჰქონდა,“ – ამბობს გარდაცვლილი ფეხბურთელის ძმა, მამუკა ფარტენაძე.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის, პაატა დიასამიძის თქმით, ფეხბურთელის სამედიცინო შემოწმებას მხოლოდ ფეხბურთის ფედერაცია არეგულირებს, რომელიც, თავის მხრივ, ეფუძნება ფიფას და უეფას მიერ დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს. „გამოძიებამ უნდა დაადგინოს კონკრეტული პირის პასუხისმგებლობა ამ კონკრეტულ შემთხვევებზე, ანუ ვის რა ვალდებულება ჰქონდა და შესაბამისი პასუხისმგებლობა გამოკვეთოს,“ – აღნიშნავს საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: