მთავარი,სიახლეები

ჩვენი ნაბიჯები უსაფრთხოებისკენაა მიმართული – ციხელაშვილი სოფელ ჩორჩანაზე

30.08.2019
ჩვენი ნაბიჯები უსაფრთხოებისკენაა მიმართული – ციხელაშვილი სოფელ ჩორჩანაზე

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თინათინ ციხელაშვილმა დღეს ხაშურის სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 28 აგვისტოს, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს სოფელ ჩორჩანასთან ახლოს სამხედრო ტექნიკა გადაადგილდებოდა.

„ჩვენი ყველა ნაბიჯი სიტუაციის დეესკალაციისა და, ზოგადად, უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფისკენაა მიმართული. ისევე როგორც პოლიციის ეს საგუშაგო ჩორჩანას მახლობლად.

გავრცელებული განცხადებები, თავისი ხასიათით იყო არამხოლოდ სამართლებრივად, არამედ ყველა თვალსაზრისით გაუმართლებელი.

გვაქვს იმედი იმისა, რომ ტექნიკური შეხვედრა შედგება. რაზეც მიმდინარეობს მოლაპარაკება. ადგილზე გახლავთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და სპეციალური წარმომადგენელი, ჟენევის თანათავმჯდომარე. არავის ინტერესში არ შედის რაიმე ტიპის ესკალაცია, მოსახლეობის ინტერესში ეს არ და ვერ იქნება. საოკუპაციო ხაზის როგორც აქეთ, ისე იქით მხარეს, რა თქმა უნდა ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის უსაფრთხოება. მინდა გავიმეორო ჩემი მოსაზრება და გამოვხატო იმედი, რომ ნებისმიერი განცხადებისა თუ მოქმედებისგან, რაც ამ დღეებში ვნახეთ, ყველა შეიკავებს თავს და სიტუაცია განიმუხტება, უსაფრთხოების და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე”, – განაცხადა მინისტრმა.

გუშინ, 29 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაციამ სოფელ ერგნეთში, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის [IPRM] ფარგლებში ქართულ და ოსურ მხარეებს შორის მორიგი შეხვედრაზე პირობა დააყენა, რომ პარასკევს, დილის 6 საათამდე სოფელ ჩორჩანაში, რომელიც ცხინვალის მტკიცებით, მათი ტერიტორიაა, ქართული პოლიციის ახალი პოსტი უნდა გაუქმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში “მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველანაირი ზომა და მოსახლეობის დასაცავად ყველა საშუალება იქნება გამოყენებული”.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, სოფელ ჩორჩანაში გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ულტიმატუმის ენით საუბარს არ აპირებენ და ეს ჟურნალისტების არასწორი ინტერპრეტაცია იყო.

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/389212/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: