მთავარი,სიახლეები

სტუდენტი ხულოდან 100-პროცენტიანი გრანტით ბიოქიმიას ინგლისურად ისწავლის

30.08.2019 • 10950
სტუდენტი ხულოდან 100-პროცენტიანი გრანტით ბიოქიმიას ინგლისურად ისწავლის

თამთა თავართქილაძე ბიოქიმიას ინგლისურად სან დიეგოს უნივერსიტეტში ისწავლის. მან სკოლა ხულოში დაამთავრა. თამთამ 100-პროცენტიანი გრანტის მიღების შესახებ დღეს, 30 აგვისტოს გაიგო.

„რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. მე ჯერ კიდევ იანვარში მივმართე სან დიეგოს უნივერსიტეტს შიდა დაფინანსების მოსაპოვებლად, რადგან სან დიეგოში სწავლის ღირებულება ერთი წელი 7 500 ამერიკული დოლარია. შიდა დაფინანსება – 6500 დოლარი მოვიპოვე. დღეს კი, სახელმწიფო დაფინანსებაც მივიღე, რითაც დარჩენილ თანხას დავფარავ,“ – ამბობს თამთა თავართქილაძე.

თამთამ ინგლისური ენის გამოცდაში მაქსიმალური ქულა – 80 მიიღო, ზოგად უნარებში 80-დან 71 ქულა აიღო, ქართულ ენასა და ლიტერატურაში – 65, ქიმიაში – 50. თამთა ყველა საგანში ხულოში ემზადებოდა მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

„ინგლისურში განსაკუთრებით დამეხმარა „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისე, რომელიც ორი წლის განმავლობაში ხულოში, ჩემს ოჯახში ცხოვრობდა. უშუალო კომუნიკაცია ყველაზე უკეთ გავითარებს“, – ფიქრობს თამთა თავართქილაძე.

ჯერ არ იცის, რა მიმართულებით იმუშავებს, მაგრამ თამთა დარწმუნებულია, რომ ბიოქიმიით ბევრი პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი.

„მნიშვნელოვანია ალტერნატიული ენერგიის წყაროებზე მუშაობა, მედიცინაც მაინტერესებს… დარწმუნებული ვარ, რომ ქიმიურ ლაბორატორიებში ბევრი ისეთი პრობლემის გადაჭრაა შესაძლებელი, რაც სამყაროს აწუხებს, მათ შორის, გარემოს დაცვის პრობლემები. ქიმია დიდი ხანია მიყვარს. შესაძლოა, ეს არჩევანი დედამაც განაპირობა. ის ქიმიის მასწავლებელია,“ – გვიყვება თამთა თავართქილაძე.

საჯარო სკოლებში ქიმიის ლაბორატორიების პრობლემაზეც ამახვილებს ყურადღებას თამთა. მისი თქმით, დაბა ხულოს საჯარო სკოლაში ქიმიის კარგად მოწყობილი ლაბორატორია ჰქონდათ, მაგრამ არ ჰქონდათ ნივთიერებები, რითაც ქიმიურ ცდებს ჩაატარებდნენ.

„არ ვიცი, რატომ არ იყო. ბევრ სკოლაში ვიცი, ლაბორატორიაც არ აქვთ. ზოგადად, საბუნებისმეტყველო საგნების კარგად სწავლება ისევ პრობლემაა,“ – აღნიშნავს თამთა.

თამთა საუბრობს სკოლაში არსებულ პრობლემებზეც. მისი შეფასებით, სკოლის სასწავლო პროგრამა და ერთიანი ეროვნული გამოცდების მოთხოვნები ერთმანეთს ხშირად აცდენილია.

„პრობლემაა მასწავლებლების კვალიფიკაცია და მოტივაციაც. ხშირად მასწავლებლები ძირითადად საუბრობენ ხელფასებზე, მაგრამ ეს არაა მთავარი პრობლემა,“ – დასძენს თამთა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: