სიახლეები

როგორ დაეხმარება სამთავრობო კომისია თხილის ჩაბარების მსურველებს – ფასი და პირობები

29.08.2019 • 2272
როგორ დაეხმარება სამთავრობო კომისია თხილის ჩაბარების მსურველებს – ფასი და პირობები

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ტიტე აროშიძის ინფორმაციით, წელს აჭარაში თხილის მოსავალი 5000-მდე  ტონაა. მოსავლის ხარისხი კი ბევრად გაუმჯობესებულია, ვიდრე ეს იყო გასულ წელს, მაშინ, როცა მოსავლის დიდი ნაწილი ფაროსანამ დააზიანა.

დღეს, 29 აგვისტოს, აჭარის მთავრობის სხდომაზე თხილის მოსავლის ჩაბარებასთან დაკავშირებულ საკითხებზეც იმჯელეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სოფლის მეურნეობის მინისტრს სამთავრობო ჯგუფის შექმნა და ამ საკითხის კოორდინირება დაავალა.

რით დაეხმარება სამთავრობო ჯგუფი მეთხილე ფერმერებს იმ ფონზე, როცა მთავრობა თხილის მოსავლის კომპენსირებას არ გეგმავს? – ამის შესახებ  სოფლის მეურნეობის მინისტრს, ტიტე აროშიძეს ვკითხეთ.

„ეს ჯგუფი დაეხმარება ფერმერებს მწარმოებლებთან კომუნიკაციაში, თუ როგორ უნდა ჩააბარონ თხილი, რადგან თხილის ჩაბარებასაც თავისი მეთოდი აქვს. ნედლ თხილს ზოგადად ტენიანობა აქვს უფრო მაღალი. გამომშრალი თხილის ტენიანობა კი დაახლოებით ექვსი პროცენტია. ასეთი თხილის ფასი უფრო მაღალია. რადგანაც ფასის დარეგულირებაში ვერ ვერევით, ფერმერებს მივაწვდით ინფორმაციას, როგორ უნდა დაიცვან ტექნოლოგიები მოსავლის ჩაბარებისას, რომ ფასი იყოს ხარისხის შესაბამისი. მწარმოებლები, რომლებსაც შემდეგ პროდუქტი ექსპორტზე გააქვთ, მშრალ თხილს ითხოვენ. გარდა ამისა, ისინი უნდა ფლობდნენ ინფორმაციას, თუ რა ფასი დახვდებათ ადგილზე.“ – განმარტა მინისტრმა.  მისივე ინფორმაციით, სამთავრობო ჯგუფში შევლენ როგორც სამინისტროს, ასევე ქობულეთის მერიის თანამშრომლები.

აჭარაში მეთხილე ფერმერები საუბრობდნენ, რომ თხილს ზუგდიდში უფრო მაღალ ფასად იბარებენ, ვიდრე აჭარაში არსებულ პუნქტებში. მინისტრის განმარტებით, ამ სხვაობას თხილის  სახეობა და ხარისხი განაპირობებს, სხვა შემთავევაში კი ფასი იგივეა.

რაც შეეხება ფასებს, ამ დროისთვის აჭარაში თხილის ჩაბარების პუნქტებში ფასები 3,50 – 4,50 ლარია. სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს თხილის ჩაბარების  მაქსიმალური ფასი 3 ლარზე მეტი არ ყოფილა.

ამ დროისთვის აჭარაში თხილის ჩაბარების ასამდე ე.წ. კუსტარული პუნქტი მოქმედებს. გარდა ამისა, ხელვაჩაურსა და ქობულეთში მოქმედებს ორი ქარხანა, რომლებიც იბარებენ და ექსპორტისთვის ამზადებენ თხილს, თუმცა ამ დროისთვის ტექნიკური პრობლემების გამო ქობულეთის ქარხანას მუშაობა შეჩერებული აქვს.

მინისტრის ინფორმაციით, თხილის მიღება წლის ბოლომდე გაგრძელდება, ამ დროს თხილზე მოთხოვნა იზრდება და ჩაბარების ფასიც შედარებით მაღალია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: