მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა ქობულეთში, ხალხთან და ხალხის გარეშე

29.08.2019 • 1090
აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა ქობულეთში, ხალხთან და ხალხის გარეშე

დღეს, 29 აგვისტოს, აჭარის მთავრობა ქობულეთში, ბიზნესმენ თემურ ჭყონიას სასტუმროში [„ჯორჯია პალასი“] სხდომას გამართავს. დღის წესრიგში ოთხი საკითხია და რამდენიმე საინვესტიციო პროექტის ხელშეწყობის ღონისძიებების დამტკიცებას გულისხმობს. გარდა ამისა, როგორც მთავრობის პრესსამსახურში გვითხრეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, რამდენიმე მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს.

სავარაუდოდ, ამ განცხადებებს მოვისმენთ, შემდეგ კი სხდომა ჟურნალისტებისთვის დაიხურება და მთავრობის თავმჯდომარე ოთხ მინისტრთან და სხვა თანამდებობის პირებთან ერთად, რომლებიც სხდომას დაესწრებიან, მარტო დარჩება. სხდომის შემდეგ, შესაძლოა სხდომის მსვლელობისას, ჟურნალისტებს კომენტარების ჩაწერის საშუალება ჰქონდეთ. სხდომები სრულიად ღია იყო ჟურნალისტებისთვის წინა მთავრობის თავმჯდომარეების მუშაობის პერიოდში.

თავის დროზე გასვლითი სხდომები კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში მთავრობამ სწორედ ღიაობის პრინციპისა და მოქალაქეთა ჩართულობის გასააქტიურებლად დანერგა [მაშინ გადაწყვეტილება ასე ახსნეს]. ამ შემთხვევაში კი მთავრობა, როგორც სხვა გასვლითი სხდომების შემთხვევაში, მოსახლეობას შესაძლოა სხდომის შემდეგ შეხვდეს.

დღის წესრიგის მიხედვით, პირველი საკითხი, რასაც დღეს მთავრობა სხდომაზე განიხილავს, შპს „კორაქსესისთვის“ საინვესტიციო პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებების ხელშეწყობაა. სავარაუდოდ, კომპანიას ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადებს შეუცვლიან.

შპს „კორაქსესს“ ბათუმში, გამსახურდიას 12-ში მდებარე მოდერნის სტილის შენობაზე მანსარდის მოწყობის ნებართვა უკვე მიღებული აქვს, კომპანია აჭარის მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებას ითხოვდა. კერძოდ, ამ შენობის მიმდებარედ, კოსტავას ქუჩა 20ა-ში, შპს „კორაქსესი“ საზოგადოებრივი სკვერის მოწყობას აპირებს, მაგრამ არა იქ არსებულ 485 კვ/მ-ზე, არამედ მხოლოდ 100-120 კვ/მ-ზე. კომპანია აცხადებდა, რომ  დანარჩენი ფართობის სკვერს, მთავრობის მიერ სხვაგან გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე მოაწყობდა…

გარდა ამისა, აჭარის განათლების მინისტრს,  საქართველოს ევროპული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირმა მიმართა წერილით,  გადაარჩინოს ავთენტურობის დაკარგვას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩის #12-ში მდებარე მოდერნის სტილის შენობა.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბათუმში, ზ. გამსახურდიას 12-ში, მდებარე შენობაზე სახურავის ამაღლება მანსარდის მოსაწყობად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ავთენტურობის დაკარგვის მიზეზი გახდება. ეს დაუშვებელია, რადგან შენობა მოდერნის სტილის საუკეთესო ნიმუშია საქართველოში და შედის საქართველოს მოდერნის მემკვიდრეობის კულტურულ მარშრუტში.

ამ თემაზე დეტალურად წაიკითხეთ აქ: კიდევ რა სურს კომპანიას, რომელსაც ძეგლზე მანსარდის დაშენების ნებართვა აქვს

მეორე საკითხი შპს „გულების“ საინვესტიციო პროექტის განხორციელების ხელშეწყობას ეხება. კომპანიამ აჭარის მთავრობასთან შეთანხმებით ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, რესტორანი გახსნა. თავის დროზე საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია რესტორნის ინფრასტრუქტურამ, განსაკუთრებით კი თონემ, რომელიც პლაჟზე ფუნქციონირებდა. პლაჟზე განთავსებული რამდენიმე რესტორნის ინფრასტრუქტურა რომ არ იმსახურებდა მოწონებას, ამაზე თავად თორნიკე რიჟვაძემაც გააკეთა განცხადება. მან თქვა, რომ „პლაჟი სახაშეებისგან უნდა გაიწმინდოს“, თუმცა უცნობია გულისხმობდა თუ არა მათ შორის შპს „გულების“ რესტორანს.

ამ თემაზე დეტალურად წაიკითხეთ აქ: ახალი რესტორანი სოფლისთვის დამახასიათებელი ინფრასტრუქტურით ბათუმის პლაჟზე

მესამე საკითხი კი ბიძინა ივანიშვილის „ბანკი ქართუს“ საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ბოლო საკითხზე აჭარის განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი ისაუბრებს. მთავრობა განათლების სამინისტროს სსიპ-ის საარქივო სამმართველოსა და მისი ტერიტორიული ორგანოების მომსახურების საფასურის განსაზღვრას გეგმავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: