მთავარი,სიახლეები

როგორია იყო ყოფილი პატიმრის დედა

28.08.2019
როგორია იყო ყოფილი პატიმრის დედა

ოთხსულიან ოჯახში მარტო თვითონ მუშაობს. ამბობს, რომ ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდის დაძლევა ორი საკერავი მანქანით და ერთი უთოთი შეძლო. კერავდა ყველაფერს, რასაც შეუკვეთდნენ. ასე გაუმკლავდა შვილის ექვსწლიან პატიმრობას. ამ დროს მეორე შვილი სტუდენტი ჰყავდა და მასაც უამრავი რამ სჭირდებოდა. ციცო ბოლქვაძე 40 წლისაა და ახლა საკუთარი, მცირე სამკერვალო აქვს. თუმცა მანამდე დიდ სამკერვალო კომპანიაში იყო დასაქმებული, სადაც, როგორც თავად ამბობს, ზეგანაკვეთურად მუშაობდა ანაზღაურების გარეშე, ვერც შვებულებით სარგებლობდა  და ვერც ოჯახის წევრებს უთმობდა დროს.

ციცო მიხვდა, რომ საკუთარი საქმე მალევე უნდა დაეწყო. მამამ ორი საკერავი მანქანა აჩუქა, შეკვეთების მიღება დაიწყო და ახლა დამოუკიდებლად მუშაობს.

„ბევრი საქმე მაქვს, კაბის შეკერვა 2 საათში შემიძლია, მომხმარებლებს დიდხანს არ ვალოდინებ და ბევრი მოდის ჩემთან. ვთანამშრომლობ უნივერსიტეტებთან, ცეკვის ანსამბლებთან, შევკერე ასევე ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადის მონაწილეების კოსტიუმები. დამოუკიდებლად მუშაობა ბევრად მეტ შემოსავალსაც ნიშნავს და თავისუფლებასაც,“ – ამბობს ყოფილი პატიმრის დედა.

ბევრს მუშაობს და ამბობს, რომ მისთვის დიდი შეღავათი იქნებოდა, მისი ოჯახის  სხვა წევრებსაც რომ ჰქონდეთ სამსახური. ციცოს 24 წლის შვილი, რომელიც ციხიდან 2019 წლის აპრილში გათავისუფლდა, სამსახურს ვერ პოულობს, რაც მისთვის დიდი პრობლემაა. იმუშავა მშენებლობაზე და შეუსაბამო შრომითი პირობების გამო მალევე დატოვა სამსახური.

„შვილის ციხეში მოხვედრის შემდეგ პატიმრების პრობლემები სხვაგვარად დავინახე. სახელმწიფოსგან არ გვიგრძვნია არანაირი დახმარება დასაქმების პროცესში, ჩვენი ოჯახისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩემი შვილის დასაქმება. მიუხედავად იმისა, რომ შრომისუნარიანი ვარ, მაქვს ჯანმრთელობის პრობლემები. მუდმივად მჯდომარე და მოხრილი ვმუშაობ, შეიძლება ერთ დღეს ვეღარაფერი  გავაკეთო და მთელი ოჯახი უსახსროდ დავრჩეთ,“ – ამბობს ციცო ბოლქვაძე.

ახლობლებმა ურჩიეს, რომ სამკერვალოს გაფართოების მიზნით  შეეძლო ,,დემოკრატიის ინსტიტუტისთვის“ მიემართა „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში“ ჩასართავად. ,,დემოკრატიის ინსტიტუტი“ პროექტს დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში ახორციელებს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. როგორც ციცო გვიყვება, არ სჯეროდა, რომ ვინმე რამით დაეხმარებოდა პატიმრის ოჯახს და აქამდე არც მსგავსი პროგრამის შესახებ გაეგო, მაგრამ მას შემდეგ, რაც პროგრამაში ჩაერთო, მისი სამკერვალო დაათვალიერეს, აღწერეს და საჭირო დამატებითი ხელსაწყო-დანადგარები შეუძინეს.

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროგრამა პატიმართა ოჯახის წევრების ჯანმრთელობის, დასაქმების ხელშეწყობასაც გულისხმობს.

,,არის ბევრი სამედიცინო აქციაც უფასოდ, ყოფილი პატიმრების, მათი ოჯახის წევრებისა და პრობაციონერებისთვის, ყოველთვის მირეკავენ. ამ გამოკვლევებით რომ ვისარგებლო, ეს დიდი შეღავათია“, – ამბობს ციცო ბოლქვაძე.

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.


პროექტი მიზნად ისახავს:

  • ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას; 
    • იურიდიულ დახმარებას;
  • ბენეფიციართა გადამისამართებას შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში;
    • ბენეფიციართა დახმარებას (ადვოკატირებას), რომ ისარგებლონ კუთვნილი სამედიცინო შეღავათებით და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით.
  • ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების მცირე სამეწარმეო ინიციატივების წახალისებას.
  • სამიზნე ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობას.

 

ზემოთჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებს და პრობაციონერებს. ამისთვის მათ უნდა მიმართონ:

აჭარაში – დემოკრატიის ინსტიტუტს – ქ.ბათუმი ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

იმერეთში – აფხაზინტერკონტს / ქ.ქუთაისი ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61

გურიაში – გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს /ოზურგეთი რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

თანაზიარი – რუსთაველის ქ. 88 /ტელ: (0415) 22 10 78

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: