მთავარი,სიახლეები

„პროცესი კომიკურ სიტუაციამდე მივიდა“ – აჭარა TV-ის დირექტორობის კანდიდატი მრჩეველთა საბჭოს

21.08.2019
„პროცესი კომიკურ სიტუაციამდე მივიდა“ – აჭარა TV-ის დირექტორობის კანდიდატი მრჩეველთა საბჭოს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის მსურველთა კონკურსი პროტესტის ფონზე გრძელდება. დირექტორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, მერაბ წულუკიძემ, გასაუბრებისთვის დათმობილი დრო საკუთარი პროტესტის გამოსახატად გამოიყენა. წულუკიძე დირექტორობის კანდიდატად რჩება, თუმცა მან უარი განაცხადა მმართველი საბჭოსთვის ტელევიზიის განვითარების ხედვა და კონცეფცია მესამედ წარედგინა.

„ძალიან ვწუხვარ, რომ პროცესი კომიკურ სიტუაციამდე მივიდა. მინდა ვთქვა, რომ ის პროცესები, რომლებიც ბოლო თვეებში განვითარდა აჭარის ტელევიზიის გარშემო, ნეგატიურად აისახა არამარტო ტელევიზიაზე და გარკვეული კრიზისები შექმნა, არამედ აისახა, ზოგადად, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეაზე. აისახა კონკურსის იდეაზეც, აისახა ბორდის ინსტიტუტზე უარყოფითად და ასევე, თავმჯდომარის ინსტიტუტზეც.

საზოგადოების მხრიდან ამ პროცესის მიმართ ნდობა და ინტერესი პრაქტიკულად ამ ეტაპისთვის არის ნული. ვერც შევადარებთ პირველი ტურის ინტერესს. ისიც ვაღიარეთ, რომ საზოგადოებაში მუსირებს აზრი, პრაქტიკულად არ აქვს მნიშვნელობა ვინ რას იტყვის, პროცესები არ არის კავშირში არანაირ ღირებულებებთან და არც ტელევიზიის განვითარების სურვილთან.

თქვენ ხართ გადაწყვეტილების მიმღები პირები და ამ პროცესში მთელი პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ. რაც შემეხება მე, რიგით კანდიდატს, მინდა გავიზიარო ფირუზ ბოლქვაძის პათოსი, მას ადრე ჰქონდა გამოსვლა და ჩემი სათქმელი თქვა, ვფიქრობ, რომ დღეს ახალი კონცეფციის წარმოდგენა, რაღაც შეკითხვებზე ფორმალურად პასუხის გაცემა იქნება ფარისევლობა და არაფრის მომცემი.

თქვენ შეგიძლიათ გამოიტანოთ დასკვნა და საკმარისია ამისთვის ის საუბრები, რაც გვქონდა მე და თქვენ წინა ორი ტურის დროს. მე მეტს არ გავაგრძელებ, ეს იყო ჩემი სათქმელი,” – უთხრა მერაბ წულუკიძემ მრჩეველთა საბჭოს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსანტებთან გასაუბრება გუშინ, 20 აგვისტოს, დაიწყო. გუშინვე საკონკურსო პროცესს ორი კანდიდატი გამოეთიშა. გასაუბრების შემდეგ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა შოთა ზოიძემ, ამავე ტელევიზიის თანამშრომელმა, ფირუზ ბოლქვაძემ კი, გასაუბრებაზე განაცხადა, რომ იგი შერჩევის პროცესს უნდობლობას უცხადებს და კონკურსს გამოეთიშა.

მერაბ წულუკიძე წინა ორ კონკურსშიც მონაწილეობდა. მან ორივეჯერ 2 ხმა მიიღო.

ამავე თემაზე:

აჭარა TV-ის დირექტორის კონკურსს ერთი კანდიდატი გამოეთიშა, მეორე კი ბორდის იმპიჩმენტს ითხოვს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: