მთავარი,სიახლეები

საქართველოს მთავრობა საეთერო დროის შესასყიდად ფასებს ადგენს

17.08.2019
საქართველოს მთავრობა საეთერო დროის შესასყიდად ფასებს ადგენს

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, 2019-2020 წლების განმავლობაში, სატელევიზიო საეთერო დროის შესყიდვის მიზნით საქართველოს მთავრობა უახლოეს მომავალში გეგმავს კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებას.

ამ ეტაპზე სააგენტო ატარებს ბაზრის კვლევას და დაინტერესებულ პირებს თხოვს მიაწოდონ მათ „შემხებლობაში არსებული სამაუწყებლო არხებისათვის შეწონილი რეიტინგის ერთი პუნქტის (wGRP) ღირებულება“. დაინტერესებულმა პირებმა თავიანთი წინადადებები სავარაუდო ღირებულების შესახებ, სააგენტოს 2019 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით უნდა მიაწოდონ.

„გაითვალისწინეთ, რომ 2019-2020 წლების სატელევიზიო საეთერო დროის სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების გამოცხადებისა და მათში მონაწილეობის პრინციპები იქნება განვლილი ტენდერების მსგავსი“, – აცხადებს სააგენტო. დასახელებულია წინა სამი ტენდერი.

უკვე ჩატარებულ წინა სამ ტენდერში შესყიდვის საერთო ჯამური საორიენტაციო ღირებულება 3 მილიონი ლარი იყო.

ამ განვლილი ტენდერების მიხედვით კი:

[checklist]

  • პირველ ტენდერში – გამარჯვებულად გამოვლინდნენ შპს „პალიტრა TV“, შპს „სტუდია მაესტრო“ და შპს „ტელეკომპანია კავკასია“ [შესყიდვის ჯამური საორიენტაციო ღირებულებაა 141 383 ლარი იყო];
  • მეორე ტენდერში – გამარჯვებულად გამოვლინდნენ შპს „იბერია – TV“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ [ტელეარხი კომედი], შპს „ჯი-დი-ეს
    თი-ვი“, შპს „ტელეკომპანია პირველი“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ [შესყიდვის ჯამური საორიენტაციო ღირებულება 558 617 ლარი]
  • მესამე ტენდერში – გამარჯვებულად გამოვლინდნენ შპს „ტელეიმედი“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ [ტელეარხი რუსთავი 2], [შესყიდვის ჯამური საორიენტაციო ღირებულება 2 300 000 ლარი].

[/checklist]

განვლილი ტენდერების სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით:

„კონსოლიდირებული ტენდერი არ ითვალისწინებს ელექტრონული ვაჭრობის გამართვას.

პრეტენდენტი კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობითა და სატენდერო წინადადების წარდგენით ავტომატურად ეთანხმება წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ პირობებს.

კონსოლიდირებულ ტენდერში შესაძლებელია ერთზე მეტი გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენა.

კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად ჩაითვლება ყველა ის პრეტენდენტი, რომელიც დაეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის პირობებს, მიუთითებს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ტარიფს და დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს.

ერთზე მეტი გამარჯვებულის გამოვლენის შემთხვევაში, კომისია არ იღებს ვალდებულებას გამარჯვებულ პრეტენდენტებს შორის შესყიდვის ჯამური საორიენტაციო ღირებულების რაიმე წინასწარ დადგენილი პრინციპით გადანაწილების თაობაზე. აღნიშნული განხორციელდება შემსყიდველი ორგანიზაციის კონკრეტული საჭიროებიდან, მიზნობრიობიდან და მის მიერ წარმოებული კამპანიისათვის სასურველი შედეგების მიღწევის მიზნით განსაზღვრულ მიზანშეწონილობაზე დაყრდნობით…“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: