მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიამ 3,5-მლნ დახარჯა სასაფლაოსთვის, რომელიც საფლავებისთვის არ გამოდგება

20.08.2019 • 3350
ბათუმის მერიამ 3,5-მლნ დახარჯა სასაფლაოსთვის, რომელიც საფლავებისთვის არ გამოდგება

ბათუმის ახალი სასაფლაო, რომლის მოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტიდან 4 მილიონამდე ლარი დაიხარჯა და რომელიც 2017 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო, დღემდე არ არის გახსნილი. სასაფლაოს დაბა ჩაქვში აწყობდნენ, გარკვეული სამუშაოები შესრულდა, თუმცა, უშედეგოდ – მერიის ააიპ „ბათუმის სასაფლაოები“ გარდაცვლილთა დაკრძალვისთვის მიწის ნაკვეთების გამოყოფას, შესაბამისი ფართობის არარსებობის გამო, ვერ ახერხებს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, 2014 წელს დაწყებული პროექტის შესწავლის მიზნით, ბათუმის მერიამ პროკურატურას 2019 წლის თებერვალში მიმართა. იმ უწყებებიდან თუ კომპანიებიდან კი, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ახალი სასაფლაოს მოწყობის სამუშაოებთან, პროკურატურამ შესაბამისი დოკუმენტაცია ამოიღო.

პროკურატურაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიმდინარეობს გამოძიება.

„ბათუმის სასაფლაოებში“ დაგვიდასტურეს, რომ ახალი სასაფლაოს მოწყობის საკითხს პროკურატურა სწავლობს. ახალი სასაფლაოს გახსნის საკითხი კი, ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას.

„ჩვენ ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით სამხარაულისგან, ასევე დაველოდებით, რას დაადგენს გამოძიება და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. ალბათ, საჭირო გახდება ტერიტორიის ხელახალი შესწავლა, ახალი პროექტის მომზადება და სასაფლაოს მოწყობის დასასრულებლად დამატებითი სამუშაოების ჩატარება“, – გვითხრა ავთანდილ ბურკაძემ, „ბათუმის სასაფლაოების“ დირექტორმა.

ახალი სამუშაოებისთვის დამატებითი ხარჯის გაღება იქნება საჭირო ბათუმის ბიუჯეტიდან, თუმცა რა თანხა დასჭირდება იმას, რომ სასაფლაო გაიხსნას, „ბათუმის სასაფლაოებში“ არ იციან.

2014 წელს შეძენილი პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები [ინფრასტრუქტურა], მიუხედავად იმისა, რომ 3,3 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა, სრულად ვერ შესრულდა. პროექტი „ბათუმის სასაფლაოებმა“ შპს „ვეგასგან“ შეიძინა, ხოლო სამშენებლო სამუშაოებს ჩაქვში შპს „მამისონი“ ასრულებდა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა შპს „მამისონს“. კომპანიის წარმომადგენელმა სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ კომპანიაში არ აქვთ ინფორმაცია, რომ სასაფლაოს მოწყობასთან დაკავშირებულ საკითხს პროკურატურა სწავლობს.

რაც შეეხება შპს „ვეგას“, ამ კომპანიაში დაგვიდასტურეს, რომ სასაფლაოსთან დაკავშირებული დოკუმენტაცია პროკურატურამ მათგან ამოიღო.

„პროექტის მიხედვით, ნაწილობრივ შესრულდა სამუშაოები. იქ სამუშაოების მიმდინარეობისას, სხვადასხვა მიზეზის გამო, საჭირო გახდა პროექტის არსებითი შეცვლა. ტერიტორიაზეც შეიცვალა ბევრი რამე. სხვა იყო დაგეგმილი და ბევრი რამ სულ სხვანაირად განხორციელდა“, – განაცხადა ჩვენთან სატელეფონო საუბარში ლევან იმედაძემ, კომპანია „ვეგას“ წარმომადგენელმა.

„ბათუმის სასაფლაოებში“ კი აცხადებენ, რომ „ის თანხა, რაც გარკვეული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად იყო გათვალისწინებული პროექტით და ხარჯთაღრიცხვით, სულ სხვა სამუშაოებს მოხმარდა.  ამიტომ გარკვეულ თანხას „ვეგასგანაც“ ვითხოვთ, რისთვისაც სასამართლოს უკვე მივმართეთ“, – გვითხრეს ბათუმის სასაფლაოებში.

აღსანიშნავია, რომ „ბათუმის სასაფლაოებმა“ როცა პროექტი ჩაიბარა, მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებული იყო, რომ მხარეებს ურთიერთპრეტენზია არ გააჩნდათ.

რატომ არ მიმართა ქალაქის მერიამ ან მისმა ააიპ-მა „ვეგას“ წინააღმდეგ სამართალდამცავებს/სასამართლოს, ახალი სასაფლაოს ტერიტორიაზე სამუშაოების მიმდინარეობისას, ან ამ სამუშაოების დასრულებისთანავე? – ამ კითხვაზე „ბათუმელებმა“ პასუხი ქალაქის მერიისგან ვერ მიიღო. მერიისგან პასუხები ვერც ამ საკითხთან დაკავშირებულ სხვა კითხვებზე მივიღეთ.

„ჩვენ ვაპირებდით სასაფლაოს გახსნას, თუმცა შეიქმნა წყლის მიწოდების პრობლემა, ამიტომ წყალმომარაგებისთვის დაახლოებით 80 ათასამდე ლარი დაიხარჯა, სამუშაოებს კი გარკვეული დრო დასჭირდა. ახლა წყალი არის, თუმცა ამ პერიოდში მოხდა ტერიტორიის დახრამვა, რამაც სასაფლაოს გახსნა შეუძლებელი გახადა“, – გვითხრეს „ბათუმის სასაფლაოებში“.

საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი 2017 წლის დეკემბრის თვითაა დათარიღებული, რომელსაც ხელს „მამისონის“ წარმომადგენელი და სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველი აწერენ. სწორედ ამ აქტის საფუძველზე განხორციელდა „მამისონთან“ საბოლოო ანგარიშსწორებაც 2018 წლის თებერვალში.

„იყო პროექტში ხარვეზები, მაგრამ ეტაპობრივად სწორდებოდა. რაც იყო პროექტით [ცვლილებებით] გათვალისწინებული, ის სამუშაოები კომპანიამ შეასრულა… რაიმე ოფიციალურად არ უცნობებიათ, თუმცა საკითხს მგონი პროკურატურა სწავლობს“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში მურად ბოლქვაძემ, რომელიც ჩაქვში მიმდინარე სამუშაოების ზედამხედველი იყო.

რაც შეეხება ტერიტორიის ცვლილებას – თავიდან ახალი სასაფლაოს ინფრასტრუქტურა 177 073 კვ/მ ტერიტორიაზე უნდა მოწყობილიყო. დღეს ეს ტერიტორია, რეესტრის მიხედვით, 168 300 კვ/მ-დეა შემცირებული.

„თავდაპირველად ახალი სასაფლაოს საზღვრებში შემოდიოდა იქვე მდებარე სოფლის სასაფლაოც, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა წინააღმდეგი წავიდა და გარკვეული ტერიტორია [სოფლის სასაფლაო] გადაეცა სოფელს. ამან გამოიწვია ფართობის ცვლილება“, – გვითხრეს ბათუმის სასაფლაოებში.

2019 წლის თებერვალში ბათუმის მერიისა და „ბათუმის სასაფლაოების“ „დაინტერესება“ „ახალი სასაფლაოს“ საკითხით, დიდი ალბათობით, სახელმწიფო აუდიტის იმ ანგარიშს უკავშირდება, რომელიც 2019 წლის 23 იანვრით თარიღდება [ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის -„ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარება“ შესაბამისობის აუდიტის ანგარიში].

ახალი სასაფლაო აუდიტის ანგარიშში

[checklist]

  • „ბათუმის სასაფლაოების“ მიერ შექმნილმა შიდა კონტროლის სისტემამ ვერ უზრუნველყო უხარისხოდ შესრულებული საპროექტო სამუშაოების დროული გამოვლენა და სათანადო რეაგირება, რის გამოც ვერ ხერხდება 3 390 000 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტის ექსპლუატაციაში შესვლა. ამასთან, მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორიის არასრულფასოვნად შესწავლის შედეგად გაწეულია 706 274 ლარის არაეფექტიანი ხარჯი, რამაც 2018 წლისათვის 87 197 ლარის ღირებულების სამუშაოების დამატებით შესყიდვა განაპირობა და შესაძლოა, ბიუჯეტიდან თანხების დამატებით გამოყოფის საფუძველი გახდეს;
  • ბათუმის სასაფლაოების ადმინისტრაციამ და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, ერთობლივად შეისწავლონ ქალაქ ბათუმისთვის ახალი სასაფლაოს მშენებლობის პროცესში დაშვებული ხარვეზების გამომწვევი მიზეზები და მიღებული შედეგების გათვალისწინებით, განახორციელონ კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი ღონისძიებები;
  • მუნიციპალური სასაფლაოების მშენებლობის ქვეპროგრამა, სადაც გეგმური 1,843,000 ლარის ნაცვლად, გახარჯულია 1,414,191 ათასი ლარი, ანუ გეგმა შესრულებულია 76,7 %-ით. საბიუჯეტო გეგმის შეუსრულებლობა ქალაქ ბათუმისათვის ახალი სასაფლაოების მშენებლობასთან დაკავშირებით, შპს „მამისონთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დაგვიანებით შესრულებამ განაპირობა;
  • 2017 წლის იანვარ-თებერვალში, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ზემოქმედების შედეგად განხორციელდა პროფილირებული ტერიტორიის ეროზირება, რამაც ტერიტორიის დახრამვა და ხევების გაჩენა გამოიწვია. შექმნილი პრობლემის გადაწყვეტის მიზნით, კონტრაქტორი კომპანიის მიერ მოწვეული გეოლოგის დასკვნის საფუძველზე, ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული რიგი სამუშაოების ხარჯზე, დამატებულ იქნა ახალი სამუშაოები. კერძოდ: 5-70 სმ კალიბრის ყორე-ქვის შემოტანა მოწყობით, წყლის წნევის ჩამქრობი ჭების, წყალგამტარი მილისა და წყალსაგდები არხის მოწყობა. მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, 706,274 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულებულია სრულად, თუმცა მდგომარეობა ტერიტორიის ეროზირების თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა;
  • აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები, თუმცა არასწორად შედგენილი საპროექტო დოკუმენტაციის გამო, 36 553 ლარის სახელშეკრულებო ღირებულების წყალმომარაგების სისტემამ ვერ უზრუნველყო ობიექტისათვის წყლის მიწოდება, რისთვისაც საჭირო შეიქნა 87 197 ლარის ღირებულების სამუშაოების დამატებით შესყიდვა, რომელიც შპს „ქედესთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, 2018 წლის 10 ნოემბერს დასრულდა. აღსანიშნავია, რომ უხარისხოდ შესრულებული საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდებისთვის, პროექტანტი კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი არ განხილულა.“

[/checklist]

ბათუმის ახალი სასაფლაოს ტერიტორია ჩაქვში / 2016 წელი, დეკემბერი / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ტენდერი პროექტირებაზე

დაბა ჩაქვში მდებარე 177 073 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ბათუმისთვის ახალი სასაფლაოს მოსაწყობად საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი „ბათუმის სასაფლაოებმა“ 2014 წლის ივნისში გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 30 ათასი ლარი იყო.

დამპროექტებელს, ტექნიკური დავალებით, უნდა გაეთვალისწინებინა:

სახელმწიფო შესყიდვების პორტალის მიხედვით, ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა: შპს „საქპროექტარქიტექტურა“ [შეთავაზება – 30 ათასი ლარი] და შპს „ვეგა“ [27 500 ლარი]. ბათუმის სასაფლაოებმა ხელშეკრულება „ვეგასთან“ 27 500 ლარზე 2014 წლის 10 ივლისს გააფორმა, პროექტი კი ამავე წლის დეკემბერში ჩაიბარა. მიღება-ჩაბარების აქტში აღნიშნულია, რომ მხარეებს ურთიერთპრეტენზია არ გააჩნიათ.

ახალი სასაფლაოს პროექტის მიღება-ჩაბარების აქტი

ტენდერი ზედამხედველობაზე

სასაფლაოს მოწყობის სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი „ბათუმის სასაფლაოებმა“ 2015 წლის 26 თებერვალს გამოაცხადა. სატენდერო თანხა 36 930 ლარი იყო. მონაწილე ოთხი პრეტენდენტიდან „ბათუმის სასაფლაოების“ სატენდერო კომისიამ ფიზიკური პირი, მურად ბოლქვაძე შეარჩია და მასთან ხელშეკრულება 14 033 ლარსა და 40 თეთრზე გააფორმა.

ამ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებიდან ყველაზე დაბალ ფასად მომსახურებას „ბათუმის სასაფლაოებს“ ვლადიმერ ბლაგიძე სთავაზობდა – 14 033 ლარად [რომელსაც დისკვალიფიკაცია მისცეს], ხოლო ტენდერში გამარჯვებული მურად ბოლქვაძე, შედარებით მეტად – 14 177 ლარად. ბლაგიძის დისკვალიფიკაციის შემდეგ კომისიამ მურად ბოლქვაძეს ფასების დაზუსტება მოსთხოვა, რომელმაც კომისიას ახალი ფასი 14 033,40 ლარი შესთავაზა [ამ თანხაზე გაფორმდა მასთან ხელშეკრულებაც].

ყველაზე მაღალი თანხა შპს „გეომეფის“ მიერ იყო დასახელებული – 35 555 ლარი.

ტენდერი მშენებლობაზე

ტექნიკური ზედამხედველის შერჩევამდე სატენდერო კომისიამ [2015 წლის თებერვალში] ახალი სასაფლაოს მოწყობაზე გამოაცხადა ტენდერი [სატენდერო თანხა 3 693 000 ლარი იყო], სადაც ხუთი კომპანია მონაწილეობდა:

„გზა XXI“ [3 633 330 ლარი],  „ჯეუ გრუპი“ [3 553 460 ლარი], „ინჟინერი“ [3 354 700 ლარი], „ინშაათ საქართველო“ [3 190 117 ლარი] და საგზაო კომპანია „თბილისი“ [3 190 115 ლარი].

„ინჟინერმა“ დავების საბჭოში „ბათუმის სასაფლაოებს“ ორჯერ უჩივლა და მოუგო, თუმცა, საბოლოოდ, აღნიშნული ხუთი პრეტენდენტიდან სამ კომპანიას სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა, ტენდერი კი – საერთოდ შეწყვიტა.

სატენდერო კომისიის ოქმიდან [რომლითაც ტენდერი შეწყდა]

ხელახალი ტენდერი „ბათუმის სასაფლაოებმა“ 2015 წლის ივნისში გამოაცხადა. სატენდერო თანხა არ შეცვლილა და კვლავ 3 693 000 ლარი იყო.

ამჯერად ტენდერში მონაწილეობა სამმა კომპანიამ მიიღო: „ვლადნეფტპროდუქტის წარმომადგენლობა საქართველოში“ [3 525 525 ლარი], „მამისონი“ [3 399 000 ლარი] და „ინშაათ საქართველო“ [3 190 117 ლარი].

ყველაზე დაბალი შემოთავაზების მქონე პრეტენდენტს – „ინშაათ საქართველოს“, სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა და ტენდერში გამარჯვებულად „მამისონი“ დაასახელა, რომელთანაც ხელშეკრულება 3 მილიონ 399 ათას ლარზე 2015 წლის 29 ივლისს გააფორმა. ამ ხელშეკრულებაში ცვლილება 9-ჯერ შევიდა.

შესყიდვების გვერდზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, კომპანიისთვის სახელშეკრულებო თანხის 97%, ანუ 3 297 990 ლარი ბათუმის ბიუჯეტიდან გადახდილია. ბოლოს თანხა კომპანიას 2018 წლის თებერვალში გადაურიცხეს.

მთავარი ფოტო: ბათუმის ახალი სასაფლაო ჩაქვში / 2016 წლის დეკემბერი / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/61913/

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: