საპენსიო სააგენტომ დაამტკიცა ინსტრუქცია, რომელიც განსაზღვრავს დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთათვის პენსიის დაანგარიშების, დანიშვნის, გაცემისა და გადაანგარიშების, ასევე, გარდაცვლილ მონაწილეთა მემკვიდრეების მიერ საპენსიო აქტივების მიღების წესსა და პროცედურებს. ინსტრუქცია 2019 წლის 31 ივლისს ამოქმედდა.
საპენსიო ასაკის მიღწევისას საპენსიო სქემის მონაწილეს შეუძლია პენსია მიიღოს: პროგრამული გატანით, სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენით, ერთიანი გადახდით, შესაძლებლობის შეზღუდვისას, საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას, ხოლო დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივები გადაეცემა მის მემკვიდრე(ებ)ს.
ინსტრუქციის მიხედვით, საპენსიო ასაკის მიღწევისას საპენსიო სქემის მონაწილე უფლებამოსილია მიიღოს პენსია:
[checklist]
- პროგრამული გატანით, სადაც მონაწილეს უფლება აქვს აირჩიოს პროგრამული გატანის შემდეგი ორი ფორმიდან ერთ-ერთი: პირველი – მოსახლეობის ასაკობრივი განაწილებისა და სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, პენსიის ყოველწლიური გადაანგარიშებისას სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის შეცვლის პირობით, და მეორე – პენსიის დანიშვნისას განსაზღვრული სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის შეცვლის გარეშე
[/checklist]
პროგრამული გატანის დროს ყოველთვიურად მისაღები თანხის გამოსათვლელად საპენსიო ანგარიშზე არსებული თანხა გაიყოფა პენსიაზე ყოფნის წლების რაოდენობაზე და გაიყოფა 12 თვეზე.
პენსიაზე ყოფნის ხანგრძლივობა გამოითვლება შემდეგნაირად – სიცოცხლის საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებელს მინუს მონაწილის მიმდინარე ასაკი. მაგალითად, სიცოცხლის საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებლად ავიღოთ 75 წელი. შესაბამისად, ქალის პენსიაზე ყოფნის ხანგრძლივობა იქნება 15 წელი [75-60(პენსიაზე გასვლის ასაკი)=15], ხოლო კაცის – 10 წელი [75-65=10]. შესაბამისად, თუ პენსიონერს დაუგროვდა ანგარიშზე ვთქვათ, პირობითად, 56 ათასი ლარი. ის პროგრამული გატანით ქალი მიიღებს პენსიას თვეში – 311,1 ლარს, ხოლო კაცი მიიღებს 466,6 ლარს თვეში.
ინსტრუქციას პროგრამული გატანის ორი ფორმის შესაბამისი ფორმულები ახლავს, რომლითაც მოხდება ყოველთვიური პენსიის დაანგარიშება.
მონაწილის მიერ მისაღები ყოველთვიური პენსიის გამოთვლის შემდეგ საპენსიო სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პენსიის დანიშვნის თაობაზე და ასეთ გადაწყვეტილებას უგზავნის მონაწილეს მისი ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით. ამასთან, საპენსიო სააგენტო ელექტრონული სისტემის მეშვეობით მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ასახავს ინფორმაციას ყოველთვიურად მისაღები პენსიის ოდენობის შესახებ, რომელიც ფიქსირებულია მონაწილის ასაკის შეცვლის თვის ბოლომდე. ასეთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მონაწილეს ეცვლება სტატუსი, ის ტოვებს საპენსიო სქემას და ხდება პენსიის მიმღები.
პენსიის გაცემა დაიწყება მონაწილის განცხადების საპენსიო სააგენტოს მიერ მიღების დღიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში. ყოველი შემდგომი პენსიის გაცემა საპენსიო სააგენტოს მიერ მოხდება არაუგვიანეს შესაბამისი კალენდარული თვის 25 რიცხვისა.
[checklist]
- პენსიის აღება ასევე შესაძლებელია მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივებით, პენსიის მიღების მიზნით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენით
[/checklist]
იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეს სურს პენსიის მიღების მიზნით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენა, სააგენტოს შესაბამისი აქტის საფუძველზე მონაწილეს ეცვლება სტატუსი, ის ტოვებს საპენსიო სქემას და ხდება პენსიის მიმღები.
საპენსიო სააგენტო შესაბამისი განცხადებისა და წინამდებარე ინსტრუქციით განსაზღვრული დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოფს პენსიის მიმღების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების ღირებულების შესაბამისი თანხის გადარიცხვას, მონაწილის ან მონაწილის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ სადაზღვევო ან სხვა ფინანსური ინსტიტუტის ანგარიშზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დაბეგვრით.
[checklist]
- მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების ღირებულების ერთიანი გადახდით
[/checklist]
აღნიშნული ფორმა შესაძლოა არჩეულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: მონაწილემ საპენსიო ასაკს მიაღწია საპენსიო შენატანების განხორციელების დაწყების თარიღიდან არაუგვიანეს 5 წლისა, ან უკვე იყო საპენსიო ასაკის საპენსიო შენატანების განხორციელების დაწყების თარიღისათვის, ან იმ შემთხვევაში თუ მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების პროგრამული გატანის შემთხვევაში მისი ყოველთვიური პენსია იქნება განცხადების მიღების დროისათვის, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, საშუალო თვიური დარიცხული ხელფასის 10%-ის ტოლი ან ნაკლები.
ერთიან გადახდაზე მონაწილის განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღის ვადაში საპენსიო სააგენტო პენსიის მიმღების საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით გასცემს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების ღირებულებას შესაბამისი თანხის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დაბეგვრით. მონაწილეს ეცვლება სტატუსი, ის ტოვებს საპენსიო სქემას და ხდება პენსიის მიმღები.
[checklist]
- შესაძლებლობის შეზღუდვისას მონაწილე უფლებამოსილია საპენსიო ასაკის მიღწევამდე მიიღოს პენსია, კანონისა და წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად.
[/checklist]
[checklist]
- ინსტრუქცია ითვალისწინებს ასევე საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას პენსიის მიღების ფორმებს
[/checklist]
დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივები გადაეცემა გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრე(ებ)ს კანონის, წინამდებარე ინსტრუქციისა და საქართველოს სხვა საკანონმდელო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და რეგულაციების შესაბამისად.
თუ გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის მიერ განცხადებით მოთხოვნილია გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივების მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანა, განცხადების მიღების შემდეგ საპენსიო სააგენტო შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას გარდაცვლილი მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანის თაობაზე და ასეთ გადაწყვეტილებას უგზავნის მემკვიდრეს, მისი ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით.
საპენსიო აქტივების გადატანის შედეგად, გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივები გახდება გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის საკუთრება და მემკვიდრე უფლებამოსილი იქნება განკარგოს ასეთი აქტივები, როგორც საკუთარი საპენსიო აქტივები, კანონის, საპენსიო სააგენტოს ნორმატიული აქტებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
იმ შემთხვევაში, თუ მემკვიდრე უკვე არის საპენსიო ასაკის და იღებს პენსიას წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად, მის საპენსიო ანგარიშზე გადატანილი საპენსიო აქტივების გათვალისწინებით, მემკვიდრის პენსიის ხელახლა გადაანგარიშება მოხდება ინსტრუქციის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული წესით.
მემკვიდრის მიერ, ასევე შესაძლებელია გარდაცვლილი მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების ღირებულების ერთიანი გადახდით მიღება ინტრუქციის მიხედვით.
თუ, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის მიერ წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობის თანახმად, გარდაცვლილ მონაწილეს რამდენიმე მემკვიდრე ჰყავს, ასეთ შემთხვევაში, განცხადების წარმომდგენი მემკვიდრე უფლებამოსილია მიიღოს საპენსიო აქტივების მხოლოდ ნაწილი, რომელიც დაანგარიშებულ იქნება სამკვიდრო მოწმობაში მითითებული პროპორციის შესაბამისად. საპენსიო სააგენტო სამკვიდრო მოწმობაში მითითებული პროპორციის შესაბამისად ანგარიშობს საპენსიო აქტივებიდან განცხადების წარმომდგენი მემკვიდრის წილს და გადასცემს მას ასეთ მემკვიდრეს მის მიერ არჩეული ფორმით. საპენსიო აქტივების ღირებულების დარჩენილი ოდენობა კი რჩება გარდაცვლილი მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე და შესაძლოა გაიცეს წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად, სხვა მემკვიდრე(ებ)ის განცხადებ(ებ)ის საფუძველზე.
საპენსიო სააგენტომ ასევე დაამტკიცა საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ ინსტრუქციაც.
ეს ინსტრუქცია ვრცელდება კანონით გათვალისწინებულ ყველა დამსაქმებელზე, დასაქმებულსა და თვითდასაქმებულზე. ინსტრუქცია ვრცელდება ასევე ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურზე საპენსიო შენატანების განხორციელების ნაწილში და საპენსიო სააგენტოს ყველა მმართველობის ორგანოსა თუ სტრუქტურულ ერთეულზე.
საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, სქემაში ჩართული მოქალაქეების საპენსიო ანგარიშებზე, 2019 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით, ჯამში, დარიცხულია 311 მილიონამდე ლარი. აქედან 306 მილიონზე მეტი ლარი აკუმულირებულია უშუალოდ დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მიერ, ხოლო 4 მილიონ 600 ათასამდე ლარი არის ამონაგები [დარიცხული პროცენტი. ეს თანხა ჯერჯერობით ბანკებშია].
სააგენტოს ინფორმაციით, დაგროვებით საპენსიო სქემაში ამ დროისთვის ჩართულია 854 500-ზე მეტი დასაქმებული და 55 728 ორგანიზაცია. აქედან რამდენია საჯარო მოხელე და საჯარო დაწესებულება, ეს მონაცემები ამ ეტაპზე, როგორც საპენსიო სააგენტოში გვითხრეს, დაზუსტებული არ აქვთ.