კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერი რივიერაზე: „შემაფერხებელ ფაქტორს ვეღარ ვხედავ“

02.08.2019 • 1349
ბათუმის მერი რივიერაზე: „შემაფერხებელ ფაქტორს ვეღარ ვხედავ“

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ამბობს, რომ „ბათუმი რივიერას“ პროექტის განხორციელებისთვის შემაფერხებელ ფაქტორს ვეღარ ხედავს. მერის თქმით, შპს „რივიერა ბათუმმა“ ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევები წარადგინა. გარდა ამის, მას აქვს „გეოგრაფიკის“ წერილი, რომლითაც დგინდება, რომ ახალი პროექტი ტერიტორიაზე არსებულ ძეგლებს არ დაფარავს.

„გეოგრაფიკის პასუხი ნიშნავს, რომ პროექტი არ შედის რაღაც კონფლიქტში ახალომახლო არსებულ ისტორიულ ძეგლებთან. ვფიქრობ, ეს უფრო აძლიერებს რივიერას პოზიციებს, ვინაიდან თუ ის არ აზიანებს და არ ჩრდილავს ამ ისტორიულ ფონს, რაზეც ყოველთვის არის აპელირება, მაშინ რაღა უშლის – ეს იყო ერთ-ერთი ბოლო ბარიერი, რაც მუდმივად სახელდებოდა. ასევე ის, რომ არის გარკვეული კითხვის ნიშნები ნიადაგის კვლევებთან დაკავშირებით. ორივეზე არის ამომწურავი პასუხი. ერთზე „გეოგრაფიკმა“ გასცა პასუხი, რომ არ არის კონფლიქტი. არის ასევე ძალიან კვალიფიციური კომპანიების, მყვინთავების, ჭაბურღილებისა და სხვა ტექნიკური საშუალებებით ჩატარებული კვლევა, რომელიც ამბობს, რომ არავითარ საფრთხეს [პროექტი] არ შეიცავს. რაც შეეხება გაეროს დაფინანსებულ კვლევას, ეს არ ეყრდნობა სერიოზულ ჰიდროლოგიურ და გეოლოგიურ კვლევებს, აქეთა მხარემ კი მოამზადა ძალიან სერიოზული კვლევა“, – ამბობს ლაშა კომახიძე.

მერის განმარტებით, გაეროს მიერ დაფინანსებული კვლევა, რომელიც სახელმწიფომ ჩაატარა და რივიერას ტერიტორიას ეხება, არის ისტორიულ დოკუმენტაციაზე დაწერილი, რომლის ფარგლებში არ ჩაუტარებიათ კონკრეტული პრაქტიკული გაანგარიშებები და კვლევები.

„დიდ საფრთხესთანაა დაკავშირებული ბათუმის კონცხის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, რომელთა დიდ სიმძიმეს შეიძლება ვერ გაუძლოს კონცხის ნაპირთან ახლოს მდებარე წყალქვეშა კანიონის სათავეებში მეწყრების ზეგავლენით დასუსტებულმა სანაპირო ზოლმა“, – ასეთი დასკვნა სპეციალისტებმა UNDP-ის მიერ  დაფინანსებული კვლევის საფუძველზე დადეს.

კვლევა 2013 წელსაა ჩატარებული, მაშინ როცა ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ამ ორგანიზაციაში პროექტების მენეჯერად მუშაობდა. ამჯერად ის კომპანიის დაკვეთით ჩატარებულ კვლევებს ეყრდნობა:

„ისეთი ინვესტორი ვინმეს თუ ეგულება, რომელიც ეჭვის ქვეშ დააყენებს ასობით მილიონს, რომ ბოლოს ზღვაში გაუშვას? – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მე ასეთი ხალხი არ მეგულება. განსაკუთრებით ასეთ მსხვილ საინვესტიციო პროექტებში. როდესაც აღარ არის არგუმენტი, ეს უარგუმენტო ჯიუტობას უფრო ჰგავს. ვფიქრობ, ამ ყველაფერზე დაყრდნობით და იმის დამატებით, რომ პროექტი არის ეკონომიურად და ტურისტული თვალსაზრისით გარდამტეხი ქალაქისთვის, მე ვფქრობ, რომ უნდა მივესალმოთ ამ პროექტის განხორციელებას და ხელი შევუწყოთ მას,“ – ამბობს მერი.

როდის დაამტკიცებენ ბათუმის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონას?- ლაშა კომახიძის პასუხი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: