კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

როდის დაამტკიცებენ ბათუმის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონას?- ლაშა კომახიძის პასუხი

02.08.2019 • 2801
როდის დაამტკიცებენ ბათუმის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონას?- ლაშა კომახიძის პასუხი

სტატიის სათაურში დასმულ კითხვაზე პასუხი ისევ არ გვაქვს,  ვერც დაზუსტებულ და ვერც მიახლოებულ თარიღს ბათუმის მერი ვერ ასახელებს. ლაშა კომახიძის თქმით, მან დღეს, 2 აგვისტოს, მოაწერა ხელი წერილს, რომლითაც მიმართა კომპანია „გეოგრაფიკის“ ხელმძღვანელს სამუშაო შეხვედრის ჩანიშვნის თაობაზე: „იმისთვის, რომ გავიაროთ კონსულტაციები ამ საკითხზე“.

ვიდრე „გეოგრაფიკი“ კონსულტაციებისთვის მოიცლის და მერიას უპასუხებს, შემდეგ კი ჩამოყალიბდებიან და დოკუმენტებს განაახლებენ ან მერია ამ მომსახურების შეძენის მიზნით ტენდერს გამოაცხადებს, დასრულებული იქნება ადმინისტრაციული წარმოების ვადა, რომლის ფარგლებშიც პასუხი უნდა გაეცეს კითხვას – აშენდეს თუ არა 5 თაუერი ბათუმის კონცხზე, ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ექვსი ჰექტარი ფართობი შპს „ბათუმი რივიერას“ ეკუთვნის.

საქმე იმაშია, რომ ბათუმის ისტორიული საზღვრების დადგენისას შპს „გეოგრაფიკმა“ [ეს სამუშაო კომპანიას მერიამ დაუკვეთა] ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორია ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონის საზღვრებში შეიტანა. ისტორიული დაცვის ზონის საზღვრებში კი მშენებლობის ის სტანდარტი არ ვრცელდება, რაც ქალაქის სხვა ზონებში.

ქალაქს დამტკიცებული დაცვის ზონები ჯერ კიდევ რომ არ აქვს, ამაზე აქცენტი შპს „ბათუმი რივიერას“  წარმომადგენელმა გიორგი კაპანაძემაც გააკეთა ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის საჯარო განხილვაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ როცა კომპანია მერიისგან გარკვეულ სტანდარტებზე შეთანხმებას ითხოვს, მერია ვერ განიხილავს პროექტს ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში გათვალისწინებული სტანდარტებით.

„გეოგრაფიკთან“ ერთად მერი და მისი თანამშრომლები, ბათუმის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონასთან დაკავშირებით, ამავე კომპანიის მიერ უკვე შემოხაზული საზღვრების გადახედვას გეგმავენ. გარდა ამისა, როგორც მერი ამბობს, უნდა გაიარონ კიდევ რამდენიმე საკითხი დოკუმენტების დასაკორექტირებლად.

ბათუმის მერიის მიერ თვითნებურად დაკორექტირებული ეს დოკუმენტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ 2019 წლის 15 თებერვალს გაფართოებულ სხდომაზე განიხილა და დაიწუნა: „ვის მოუვიდა თავში ბათუმის კონცხის საზღვრებიდან ამოღება?“ – ასეთი იყო სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ანთიძის რეაქცია „ბათუმელებთან“. მან ასევე გვითხრა, რომ ზემოთ აღნიშნულ სხდომას არ დასწრებია და ის ამ საკითხთან მიმართებაში ის საბჭოს სპეციალისტების მოსაზრებებს ეყრდნობა.

გაფართოებულ სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ, სააგენტომ რეკომენდაცია მისცა მერიას „გეოგრაფიკის“ მიერ შეთავაზებული ვერსიით მოამზადოს დოკუმენტები და ხელმეორედ წარუდგინოს სააგენტოს. მერიაში განაცხადეს, რომ დოკუმენტების განახლებაზე უნდა იმუშაონ.

გაფართოებული სხდომის შემდეგ ხუთი თვე გავიდა. დოკუმენტების განახლებაზე მერიას მუშაობა ჯერ არ დაუწყია, რადგან, როგორც მერი ამბობს, ეს „გეოგრაფიკთან“  კონსულტაციების საფუძველზე უნდა გააკეთონ. „გეოგრაფიკის“ სპეციალისტები როდის უპასუხებენ მერიის დღევანდელ მიმართვას, ეს ჯერ არ ვიცით.

„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია, გვაქვს გარკვეული მოსაზრებები კორექტირებაზე სხვადასხვა საზღვრის, ეს მაინც და მაინც რივიერას არ ეხება.  ვგულისხმობ, არსებული დოკუმენტების განახლებას. რუკების ნაწილი, რომელსაც ეყრდნობა კვლევა, არ ასახავს დღევანდელ რეალობას. გვინდა „გეოგრაფიკთან“ კონსულტაცია აი ამ განახლების ნაწილში. გვაინტერესებს, რამდენად სწრაფად შეიძლება გაკეთება, რა ფინანსური რესურსი, რა დრო დასჭირდება ამას, სად შეიძლება წავიდეთ ძველი მოცემულობით, სად აუცილებელია განახლება – სამუშაო არის მრავალმხრივი და მივმართეთ თხოვნით, რომ შევხვდეთ და გავიაროთ ეს საკითხები“, – ამბობს ლაშა კომახიძე.

ასეთ ვითარებაში აღარ არის აქტუალური, როგორ მოიქცევა მერი, გაიღებს ძალისხმევას, რომ ჯერ ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა დაამტკიცოს საკრებულომ და მერე განიხილონ ბათუმის კონცხზე მშენებლობის ნებართვის საკითხი, თუ პირიქით? – მით უფრო მას შემდეგ, რაც შპს „რივიერა ბათუმმა“ უკვე გამოაქვეყნა „გეოგრაფიკის“ დირექტორის, გიორგი გოცირიძის მიერ ხელმოწერილი წერილი, სადაც ნათქვამია, რომ დაგეგმილი სამშენებლო პროექტი არ ფარავს მიმდებარედ არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და დაცვის ზონებსაც ითვალისწინებს.

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: