მთავარი,სიახლეები

სააგენტო 16 წლის მოზარდის კომაში ყოფნაზე: „კატასტროფის ეკიპაჟის მანქანას ჰქონდა ხარვეზები“

26.07.2019 • 3366
სააგენტო 16 წლის მოზარდის კომაში ყოფნაზე: „კატასტროფის ეკიპაჟის მანქანას ჰქონდა ხარვეზები“

სოციალურ ქსელში დღეს, 26 ივლისს, გავრცელდა პეტიცია რეანომობილის მოთხოვნით. პეტიციის ტექსტში წერია, რომ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეს, კერძოდ, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებს არ ჰყავს კატასტროფის ბრიგადა, რის გამოც პრობლემა ექმნება ადამიანის სიცოცხლეს.

პეტიციის ავტორი ლამარა ბოჭორიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ რეანომობილის არქონის გამო, 16 წლის მოზარდი, რომელიც დროულად ვერ გადაიყვანეს კლინიკაში, ისევ კომაშია. მოზარდი 22 ივლისს რაჭაში, ერთ-ერთ სოფელში იმყოფებოდა დასასვენებლად და შეუძლოდ გახდა.

„სოფელში დასასვენებლად ჩამოვიდა ბავშვი და გახდა ძალიან ცუდად, როდესაც გამოიძახეს რეანომობილი, უნდა გადმოსულიყო ლენტეხიდან. როგორც ვიცი, გადმოვიდა დაგვიანებით, შემდეგ შაორზე, გზაში გაჩერდა რამდენიმე საათით, სუნთქვის აპარატიც გამოერთოთ, მოზარდი დაგვიანებით  გადაიყვანეს ჯერ ტყიბულში, შემდეგ კი –  ქუთაისში. მოზარდი ახლაც საავადმყოფოშია უგონო მდგომარეობაში“, – გვეუბნება ლამარა ბოჭორიშვილი.

მისი თქმით, წინა წლებში ამბროლაურს ჰქონდა რეანომიბილი, თუმცა რა მიზეზით გაუქმდა, მისთვის უცნობია. „ადგილობრივი ხელისუფლება დიდი ხანია ცდილობს პრობლემის მოგვარებას, მაგრამ არ გვარდება, რადგან როგორც ვიცი, ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს გადასაწყვეტი“, – გვეუბნება ის.

ბოჭორიშვილის თქმით, რეგიონს არა მარტო რეანომობილის, პროფესიონალი კადრების პრობლემაც აქვს. „ამბროლაურის და ონის საავადმყოფოს არ აქვს გარკვეული და მრავალფეროვანი კვლევების ჩატარების საშუალება, ასევე არ ჰყავს სხვადასხვა პროფილის სპეციალისტი და არ აქვს სხვადასხვა საჭირო განყოფილება, რის გამოც პაციენტები ხშირად გადაჰყავთ სხვადასხვა კლინიკაში.

უმეტესად პაციენტის მდგომარეობა დამოკიდებულია სწრაფ რეაგირებაზე, რომ მაქსიმალურად ეფექტური იყოს მისთვის გაწეული დახმარება, ამიტომაც საჭიროა ადგილზე იყოს კატასტროფის ბრიგადა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს რეაგირება.

ვთხოვთ შესაბამის უწყებებს, გამოეყოს ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტებს რეანომობილის ბრიგადა, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტების დროულ და ეფექტურ მომსახურებას“, – ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

16 წლის მოზარდთან ლ.ფ-სთან დაკავშირებით, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ გუშინ, 25 ივლისს, გაავრცელა ინფორმაცია, სადაც წერს: „პირველადი მოკვლევით გამოვლინდა, რომ კატასტროფის ეკიპაჟის მანქანას ჰქონდა გარკვეული ხარვეზები. კერძოდ, სრულყოფილად ვერ ხდებოდა პაციენტის აპარატურული უზრუნველყოფა, რაზეც სააგენტო  შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს“.

რაც შეეხება ექიმების პასუხისმგებლობას, სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, „რეგულირების სააგენტო, კანონით განსაზღვრულ ფარგლებში დააყენებს არამხოლოდ ექიმების, არამედ კონკრეტული სამედიცინო დაწესებულებების პასუხისმგებლობის საკითხს“, – ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტო აქვე დასძენს, რომ პრევენციის მიზნით დაიწყებს სამედიცინო დაწესებულებების და სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების ცენტრების სალიცენზიო პირობების და მათ შორის, მანქანების აღჭურვილობის გადამოწმებას.

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს „ბათუმელებმა“ ჰკითხა, რომელ სამედიცინო ჯგუფს ეკუთვნოდა აღნიშნული რეანომობილი. „კერძოა, ლენტეხის კატასტროფის ჯგუფს ეკუთვნის. დეტალებისთვის სამინისტროს მიმართეთ“, – გვითხრეს უწყებაში, სადაც დასძინეს, რომ მათ ეს ინფორმაცია ზუსტად არ იციან.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რომელ სამედიცინო ჯგუფს ეკუთვნოდა აღნიშნული რეანომობილი? რამდენი რეანომობილი ემსახურება რაჭა-ლერჩხუმსა და ქვემო სვანეთს, ჰყავთ თუ არა აქ კატასტროფის ჯგუფები და რამდენი? ან აპირებენ თუ არა გადასცენ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს დამატებით რეანომობილი – ამ კითხვებზე უწყების ინფორმაციას, მიღებისთანავე აქვე შემოგთავაზებთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: