ნეტგაზეთი • RU

ბათუმი – მულტიკულტურული ქალაქი

 

მე ბათუმელი ვარ. გავიზარდე გორკის #1-ში, ბათუმისთვის დამახასიათებელ ეზოში. ამ ქუჩას ბევრჯერ შეეცვალა სახელი, მაგრამ ბათუმელების ცნობიერებაში მაინც გორკის ქუჩად დარჩა, ისევე როგორც თბილისელების მეტყველებიდან ვერ განიდევნა „პლეხანოვი“.
ეს სახლი, სადაც მე ვიზრდებოდი, ორ ქუჩაზე დგას. ფაქტობრივად, ორი სახლია ერთმანეთზე მიდგმული და შიდა ეზოს ქმნის. აი, ამ ეზოში ცხოვრობდნენ ქართველები, ბერძნები, სომხები, რუსები და უკრაინელები. ამ ეზოში შეხვდა მათი კულტურები ერთმანეთს. და ჩემმა ბავშვობამაც სხვადასხვა კულტურაში ვარჯიშში გაიარა.

ზოგადად, ტრადიციები მულტიკულტურული იერითაა შეფერადებული. მაგალითად, თუ ვინმე გარდაიცვლებოდა, ეზოში სეფას გაშლიდნენ და ამ სეფას აუცილებლად მულტიკულტურული აქცენტი უნდა ჰქონოდა, რადგან ეზოში ქართველების გარდა სხვებიც ცხოვრობდნენ და ისინიც მონაწილეობდნენ. მაგალითად, ფლავი აზერბაიჯანელს უნდა გაეკეთებინა და არა ქართველს. ის ამით იყო ამაყი.

ჩემთვის ამის გაგება ძნელი არ არის, რადგან ასეთ გარემოში გავიზარდე. მაგრამ არის ხალხი, რომელიც მონოკულტურულ გარემოში იზრდება და როდესაც ასეთი კაცი ჩავა მულტიკულტურულ ქალაქში, ის შეიძლება აუტსაიდერი აღმოჩნდეს, რადგან არ ეცოდინება სხვა ენა (არცოდნა კი შეცდომებს იწვევს), რომლითაც ურთიერთობას შეძლებს სხვა ეთნოსის ადამიანებთან. მას ქართველი რომ უყვარს, გასაგებია, მაგრამ სომეხი რატომ უნდა უყვარდეს, ეს ვინმემ უნდა აუხსნას. მან უნდა იცოდეს, რომ კულტურა ტაქტიანობას გულისხმობს და სხვისი კულტურის პატივისცემა სიძლიერის ნიშანია და არა სისუსტისა. უბრალოდ, ფორმებია მოსაძებნი.

კულტურათა თანაცხოვრებისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია ენების ცოდნა. ჩემს ეზოში სალაპარაკო ენა ძირითადად ქართული და რუსული იყო, მაგრამ ხშირად ვიცოდით სხვა ენებიც: სომხური, თურქული, ბერძნული…

მაგალითად, ჩემი ცოლის ბებია ბევრ ენაზე ლაპარაკობდა. ქართულისა და მეგრულის გარდა, იცოდა თურქული, თავისი ვარიანტებითურთ, ბერძნული, და სხვ. მეცნიერი კი არ იყო, ბუნებრივად ჰქონდა ამის საჭიროება.

კულტურის ბოლო ზღვარია კულინარია. თუ ადამიანს ხაჭაპური უყვარს, ის ჯერ კიდევ ქართველია. თუ ადამიანს უყვარს სუჯუკი და ესმის მისი გემო, ესე იგი მისი სომხობა ჯერ დამთავრებული არ არის. თუ ადამიანს არც ენა აქვს, არც „ვეფხისტყაოსანი“, არც ხაჭაპურის სიყვარული და არც კულტურული ერთობის შეგრძნება – ის უკვე გადაგვარებულია. ყველა კულტურა შეიძლება დეგრადირდეს და ბოლოს მოკვდეს კიდეც.

ერთხელ, როცა არასამათავრობო სექტორში ვმუშაობდი, სტუმრად გვყავდა აზერბაიჯანელი და სომეხი ჟურნალისტები. აჭარული ხაჭაპურით გავუმასპინძლდით. ერთმა აზერბაიჯანელმა სტუმარმა ამ ხაჭაპურს წითელი წიწაკა მოაყარა. ქართველმა კოლეგამ აუხსნა, ასე არ შეიძლებაო. მაგრამ მან ვერ გაიგო, რატომ.

შემდეგ ჩვენ ვიყავით სტუმრად ბაქოში. მათაც დაგვპატიჟეს და სადილზე შემწვარი ზუთხი მოგვიტანეს, თან აგვიხსნეს, როგორ უნდა მიგვერთმია. ზუთხს უნდა მოესხას ნარშარაფი, ანუ ბროწეულის დადუღებული ტკბილი წვენი, ქართველმა კი აიღო და ტყემალი მოასხა. ბაქოელმა ხელი გულზე მოიკიდა. მე ვუთხარი, კარგი იყო, ბათუმში ხაჭაპურს წიწაკას რომ აყრიდი-მეთქი?! კულტურა იმდენად ფაქიზი რამაა, რომ ადამიანები ხაჭაპურზე წიწაკის მოყრის გამოც კი ღელავენ. ჩვენ შეურაცხყოფილად ვგრძნობთ თავს, რადგან არ გვინდა, ჩვენი კულტურა არასწორად გაიგონ. საქმე ლამის სიწმინდეს ეხება.

მე ვცხოვრობ ჩემს მეგობართან ერთად ქუთაისში (რაც ქუთაისში პარლამენტი გადავიდა, ქირა ისე გაძვირდა, ერთი კაცი მარტო ვერ იქირავებს). ჩემი მეგობარი მორწმუნეა და მარხულობს. ეს იმას ნიშნავს, რომ მარხვის დღეებში არ უნდა შევაწუხო და სახსნილო არაფერი შევიწვა. სწორედ ეს იგულისხმება ყველგან. კულტურა მდგომარეობს დათმობაში, კომპრომისში. ქალაქი არის ადგილი, სადაც გვიწევს დათმობა. ბათუმში არასდროს ყოფილა სერიოზული ეთნიკური კონფლიქტები და სწორედ იმიტომ, რომ ის არც არასდროს ყოფილა მარტო ჩვენი ქალაქი. ბათუმს აქვს მსუბუქი ბმები, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისთვის არის დამახასიათებელი და სწორედ ეს სიმსუბუქე გამოარჩევს მას საქართველოს სხვა ქალაქებისგან.

ჩემი ცხოვრების 45 წელი თბილისში გავატარე. იქ არის ჩემი სახლი და, ფაქტობრივად, ამ ქალაქში ვცხოვრობ, მანამდე კი ბათუმში 16 წელი ვიცხოვრე. ბათუმს ის განასხვავებს თბილისისგან, რომ აქ ყოველთვის მაქვს შეგრძნება, რომ სახლში ვარ. ეს იმიტომ, რომ ბათუმი ნამდვილი ქალაქია. ბათუმელი კი სხვა ქალაქების მცხოვრებლებთან შედარებით ყველაზე მაღალი შეგნების მოქალაქეა, რომელმაც სხვისი კულტურის პატივისცემა იცის. ამ ქალაქის სიმდიდრე სწორედ ეს არის და არა მოკირწყლული ქუჩები.

ეს ქალაქი არის რეტრო – ჩემთვის ეს ქალაქი ახლისა და ძველის ერთმანეთთან ბმაა. ის ადგილი, სადაც ახლა კაფე „პრივეტ იზ ბატუმაა“, ჩემთვის დღესაც ფოტოატელიეა, სადაც პირველი ფოტოები გადავიღე. მის პირდაპირ კიდევ ერთი კაფეა, სადაც ადრე პურის მაღაზია იყო, კიდევ ბანკის შენობა, სადაც ადრე რედაქცია იყო, უფრო იქით – ჩემი კლასელის, მზია ართმელაძის სახლი. ცოტათი შეცვლილია ქალაქის სუნიც. ადრე, ჩემს ბავშვობაში, ქალაქში პლანის სუნი იდგა. ბულვარში სიგარეტის ნამწვების საძებნელად რომ დავდიოდით ბიჭები, ის დრო მახსენდება; პოპულარული სახაჭაპურეები… იმ დროს ძალიან მოდური იყო რესტორანი „აჭარა“ – მესამე სართული ყავით იყო განთქმული, პირველი კი აჭარული ხაჭაპურით. „აჭარას“ რესტორანი „ბათუმი“ უწევდა კონკურენციას, შემდეგ შემოვიდა „გემო“, „ბლაგოევგრადი“ და ვაგზლის ხაჭაპური, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა. ბიჭების ლაპარაკი მახსენდება: „აბა, დაიადე კარაქი“ და ამგვარები. აი, ეს არის ჩემთვის ბათუმი და სანამ ჩემი თაობა ცოცხალია, მანამდე ასე დარჩება.

ერთადერთი, რასაც აქ ჩამოსვლის დროს არ ვაკეთებ – ჩემს ძველ ეზოში არ შევდივარ.

ბათუმი, როგორც ქალაქი, მულტიკულტურულ საფუძველზე წარმოიშვა. ეს ქალაქი XIX საუკუნეში შექმნა ნავთობის ინდუსტრიამ, რომელმაც მაშინვე მოიზიდა ის ხალხი, რომელიც სჭირდებოდა. იმ დროს ბათუმი ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანი ქალაქი იყო, ვიდრე დღესაა. ეს იყო დიდი ნავთობგადამამუშავებელი წერტილი, რომლის არსებობაც მთელმა მსოფლიომ იცოდა. ბათუმში ჰქონდათ ოფისები და აქ ცხოვრობდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც იყვნენ სიმენსი, ნობელი, როტშილდი… სწორედ ამ საქმიანი გარემოს შედეგად გაუგეს ადამიანებმა ერთმანეთს.

ქალაქს ბევრი განსაზღვრება აქვს, მაგრამ ყველაზე სერიოზულია ის განსაზღვრება, რომლის მიხედვითაც ქალაქი არის ადგილი, სადაც კულტურები ერთმანეთს კი არ აქრობს და ანადგურებს, არამედ ავსებს. თუკი ერთი კულტურა იმარჯვებს და ყველა სხვა კვდება, ის სოფელია და არა ქალაქი. არის კიდევ ერთი განმარტება: ქალაქი არის დასახლებული ადგილი, რომელსაც აქვს პორტი. ყველა ამ თვალსაზრისით ბათუმი საქართველოში ყველაზე გამორჩეული ქალაქია.

________________________

ინტერვიუ ჩაიწერა ლელა დუმბაძემ. გამოქვეყნდა ჟურნალში „ბათუმის გზამკვლევი“ 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.