სიახლეები

არქეოლოგი ქალი აჭარიდან

09.11.2015 • 3539
არქეოლოგი ქალი აჭარიდან

ნინელი ვაშაკიძე

ნინელი ვაშაკიძე პირველ არქეოლოგიურ ექსპედიციაში 1961 წელს წავიდა. „როცა უნივერსიტეტი დავამთავრე, ნიკო ბერძენიშვილმა დამიბარა და მითხრა: ბიძია, გინდა არქეოლოგობა? კი, მინდა-მეთქი – ამოვიკნავლე. მაშინ წადი ბათუმშიო – მითხრა. ნიკო ბერძენიშვილთან საუბრის დროს მე კი არა, გამოცდილი მეცნიერებიც კი იწმენდნენ შუბლზე ოფლს, ისეთი რიდი ჰქონდათ“, – ამბობს ნინელი ვაშაკიძე.

ბათუმის კვლევითი ინსტიტუტი მაშინ ახალი დაარსებული იყო და როგორც არქეოლოგი იხსენებს, კადრებიც ნაკლები იყო. „ამირანი იყო მარტო კახიძე, რომელიც თბილისში, ასპირანტურაში სწავლის დროს გავიცანი. ჩემთან ერთად იყო ლილი ჩხაიძე, რომელიც ჩემზე ადრე წამოვიდა ბათუმში სამუშაოდ. მალე ინსტიტუტის ყველა განყოფილება კადრებით შეივსო. თქვენ ჩემი ოქროს ფონდი ხართო – ასე გვეუბნებოდა მაშინდელი კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ასლან ინაიშვილი“.

ყველაზე დიდი ემოცია ფიჭვნარში, ბერძნულ სამაროვანში „კრატერის“ აღმოჩენისას ჰქონდა. ეს მისი პირველი არქეოლოგიური აღმოჩენა იყო. „რაღაც სასწაული განცდა იყო. კრატერს ბერძნები ღვინის გასაზავებლად იყენებდნენ, რადგან ისინი სუფთა ღვინოს არ სვამდნენ“, – გვეუბნება ნინელი ვაშაკიძე.

სამარხში კრატერის გვერდით აღმოაჩინეს ღვინის ამოსაღები ჩამჩა, კილიკი და ამფორები. ნინელი ამბობს, რომ ფიჭვნარის აღმოჩენები ყველაზე რეზონანსული და გამორჩეული იყო. ეს ადგილი არქეოლოგებისთვის დღემდე მნიშვნელოვან საკვლევ ადგილად რჩება.

„გათხრებს გურიაშიც ვაწარმოებდით. ყველაზე დიდი სამაროვანი ფარცხმაში გავთხარეთ, სადაც 32 ქვევრი აღმოვაჩინეთ. აღმოჩენები ძვ.წ. აღრიცხვით III-IV საუკუნით თარიღდება. ბევრ ექსპედიციაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. მცხეთაში, სიონის ექსპედიციაში, მთა ქართლის, სვანეთის ექსპედიციაში, ლარილარის სამაროვანის ექსპედიციაშიც ვიყავი, რომელსაც შოთა ჩართოლანი ხელმძღვანელობდა“.
ნინელი ვაშაკიძე ექსპედიციებში ხშირად მთელი ოჯახით მიდიოდა.

ასლან ინაიშვილი, ნინელი ვაშაკიძე და ამირან კახიძე- მუზეუმის ფოტოარქივი

„ჩემი შვილი დათო კალანდაძე, რომელიც დღეს ბრიტანეთის საელჩოში მუშაობს, ექსპედიციაშია გაზრდილი. ძალიან მოსწონდა იქ ყოფნა. 1980 წელია, მაშინ დათო მერვეკლასელი იყო. ჩვენი არქიტექტორი ანზორ ჯაველიძე და გია თავამაიშვილი კარგად მღეროდნენ და ჯგუფიც ჰქონდათ – „ორნანო“. მოსკოვში ოლიმპიადაზე უნდა ემღერათ, მაგრამ გაგანია ექსპედიცია იყო, არადა უნდა წასულიყვნენ. ანზორი მოუბრუნდა დათოს და უთხრა, ბიძია გასწავლი ახლა მე ყველაფერს და ექსპედიციას შენ უხელმძღვანელეო. მართლა ასწავლა როგორ უნდა ემუშავა, როგორ უნდა გადაეტანა გეგმაზე განათხარი მასალები და ყველაფერი მილიმეტრებში გაეზომა. მოვიდა დირექტორი, დავით ხახუტაიშვილი და გვათვალიერებს, უყურებს დათოსაც. ის ზის და ხატავს, ხაზავს, არის ერთ ამბავში. ბოლოს ვეღარ მოითმინა და იკითხა, ვინ არის ეს ბიჭიო. ეგ არის ახლა ჩვენი ექსპედიციის უფროსიო, რომ უთხრეს, სახეზე ფერი ეცვალა, მაგრამ ახლოს რომ მივიდა, ისე მოეწონა მისი ნამუშევარი, თქვა: „ჩამიწერეთ ექსპედიციაშიო“.

ნინელი ამბობს, რომ დათოს არქეოლოგია არ აურჩევია, თუმცა მის ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა. „რომელ ქვეყანაშიც არ უნდა წავიდეს, პირველად მუზეუმებში მიდის და იქედან მიგზავნის ხოლმე ამბებს. ლონდონის მუზეუმიდან მისი გამოგზავნილი მასალები და კომენტარები ლექციების დროსაც გამოვიყენე, რაც ძალიან მოსწონდათ სტუდენტებს.“

ნინელი ვაშაკიძე ამბობს, რომ მას არა მარტო პროფესიაში, ოჯახშიც გაუმართლა. „მეუღლე ძალიან მიწყობდა ხელს. არასდროს უთქვამს რა გინდა ექსპედიციაშო, ყოველთვის ჩემ გვერდით იყო“, – ამბობს ნინელი და ექსპედიციის ფოტოებს გვაჩვენებს.

„ჩვენ ერთი გუნდი ვიყავით: მე, ამირანი, ლილი, ასლანი… სულ ერთად ვიყავით, ყველგან. ეს ერთსულოვნება რომ არა, ალბათ ვერ მივაღწევდით ამდენს. ამ მუზეუმში გამოფენილი ყველა ნივთი ჩვენი აღმოჩენილია. მათ შორის ოქროს ფონდიც.

ზოგჯერ მე და ამირანი გავხედავთ ხოლმე საგამოფენო დარბაზს და ვამბობთ – „ეს ხომ ჩვენი ბიოგრაფიაა?“ მართლა ასეა, იცით რითი დავიწყეთ? მე და ამირანი ჩაიში დავდიოდით და იქ ვაგროვებდით ხოლმე ნატეხებს. შემდეგ კი დაიწყო ბერძნული, კოლხური, ელინისტური ხანის სამაროვნები. ასე გავიდა 80 წელი. ბოლო სამი წელია აქტიურად ვეღარ ვერთვები ექსპედიციებში, თორემ მთელი ცხოვრება სამაროვნებში გავატარე.

შვილის – დათოს პირველი აღმოჩენა

მე და ლილი ოთახში თუ ვიჯექით, შემოვიდოდა ხოლმე ამირანი და გვეტყოდა: „თქვენ ზარმაცებოო“ და ისევ ახალი ექსპედიციის დაგეგმვაზე დავიწყებდით ფიქრს.

ნინელი ვაშაკიძე კარადიდან ფიჭვნარის შესახებ გამოცემას იღებს და შლის.

„ახლა მეორე წიგნზე ვმუშაობთ მე და ნინო ინაიშვილი. ციხისძირში 314 სამარხი გავთხარეთ და ამ ექსპედიციის მასალები უნდა შევიტანოთ წიგნში. როცა ეს დასრულდება, ალბათ დავასრულებ მეც მუშაობას“, – გვეუბნება ის და ციხისძირის სამარხებში აღმოჩენილ ამფორებს გვათვალიერებინებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: