განათლება,მთავარი,სიახლეები

ბიოლოგიისა და ქიმიის ბათუმელი მასწავლებლები, რომლებიც კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში მიდიან

23.07.2019 • 3601
ბიოლოგიისა და ქიმიის ბათუმელი მასწავლებლები, რომლებიც კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში მიდიან

მაგდანა ხაბაძე ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის და შპს „განათლების“ ბიოლოგიის მასწავლებელია, რუსუდან შავაძე კი მე-6 საჯაროს სკოლაში ქიმიას ასწავლის. ისინი იმ 12 მასწავლებელს შორის არიან, რომლებმაც კონკურსში გაიმარჯვეს და ვარშავის კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში სტაჟირებას გაივლიან. რას ელოდებიან ამ სტაჟირებისგან პედაგოგები და რა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საჯარო სკოლებში სწავლება აქტიური გახდეს. გამარჯვებულ პედაგოგებს „ბათუმელები“ ესაუბრა.

რუსუდან შავაძე უფროსი მასწავლებელია. ის ამ სტაჟირებისგან ბევრს მოელის, პირველ რიგში,  საინტერესო ექსპერიმენტებს. „ჩვენთან საბუნებისმეტყველო დარგში პრაქტიკა მოიკოჭლებს – ჯერ კიდევ არ არის სფერო ისე წარმოდგენილი, როგორც საჭიროა, მაშინ როცა 21-საუკუნე საბუნებისმეტყველო საგნების განვითარების გარეშე წარმოუდგენელია“, – გვეუბნება პედაგოგი.

რუსუდან შავაძე ამბობს, რომ პრაქტიკით სწავლება არა მარტო მოსწავლეებს მოსწონთ, მასაც, როგორც პედაგოგს, მეტ სტიმულს აძლევს და სასწავლო პროცესს ბევრად საინტერესოს ხდის.

„სახალისო აქტივობების დროს ბავშვები უფრო მეტ ინტერესს იჩენენ. სხვანაირად მათ ვერ დააინტერესებ. მარტო წიგნით, ცარცითა და დაფით ეს საგნები ნამდვილად არ ისწავლება. ამიტომ ვფიქრობ, რომ პოლონეთში მიღებული პრაქტიკა და ცოდნა დამეხმარება უფრო საინტერესო გავხადო სასწავლო პროცესი და უფრო პოპულარულიც ეს საგანი“, – ამბობს რუსუდან შავაძე.

მისი თქმით, აუცილებელია ეს გამოცდილება კოლეგებსაც გაუზიაროს სკოლაში.

პედაგოგის აზრით, ქართული სკოლების რესურსები არ იძლევა ყოველდღიური პრაქტიკის შესაძლებლობას, თუმცა ბევრი პედაგოგი ცდილობს, რომ სადემონსტრაციო ექსპერიმენტები მაინც ჩაატაროს გაკვეთილზე.

„ჩვენს სკოლაში არის ლაბორატორია და მეტ-ნაკლებად გვაქვს ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობა, თუმცა აუცილებელია სკოლის ლაბორატორიები თანამედროვე სტანდარტებს პასუხობდეს. ქიმიის კლუბიც მაქვს, სადაც 15-მდე მოსწავლე დადის სხვადასხვა კლასიდან და მინდა, რომ აქ მუშაობაც უფრო საინტერესო გავხადო“, – გვიყვება თავის გეგმებზე პედაგოგი.

რუსუდან შავაძის აზრით, სკოლებში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისთვის თანამედროვე სასწავლო რესურსების გარდა, აუცილებელია კლასში მოსწავლეთა რაოდენობის დარეგულირება. „20-ზე მეტი ბავშვი არ უნდა იყოს კლასში, თუ გვინდა, რომ ყველა მოსწავლის ინტერესი იყოს გათვალისწინებული. მასწავლებელს უნდა მიეცეს უფრო მეტი დრო ბავშვებთან სამუშაოდ, ეს გადატვირთული საათები და ქაღალდომანიაც ძალიან დამღლელია.

სკოლა პრაქტიკაზე ორიენტირებული უნდა გახდეს. სახელმწიფომ უნდო იზრუნოს მეტ განათლებაზე, ბავშვსა და მასწავლებელზეც. კი ბატონო, ხელფასებს ამატებენ, მაგრამ ინფლაციაც მაღალია და ეს ხელფასიც არაფერს არ ნიშნავს. ამიტომ განათლებაში კომპლექსური საკითხებია მოსაგვარებელი“.

მაგდანა ხაბაძეც უფროსი მასწავლებელია და წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად ემზადება. ისიც პირველად მიდის ამ პროგრამით ევროპაში და მისი მოლოდინიც არის ის, რომ მიიღებს მეტ პრაქტიკულ ცოდნას და გამოცდილებას.

„დარწმუნებული ვარ, ძალიან დამეხმარება ეს პროგრამა პროფესიულ ზრდაში, რადგან ჩემი კოლეგები იყვნენ წასული და კმაყოფილი, აღფრთოვანებულები დაბრუნდნენ“, – გვეუბნება მაგდანა.

ბათუმის მე-18 საჯარო სკოლა მილენიუმის პროგრამაში მოხვდა, რის შემდეგაც სკოლის ინფრასტრუქტურა მთლიანად განახლდა და ლაბორატორიებიც თანამედრო ტექნოლოგიებითა და რესურსებით აღიჭურვა. „სრულიად ახალი რესურსი მოგვიტანეს საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაში, ამიტომ ევროპული გამოცდილება ძალიან დამეხმარება, რომ საინტერესო ექსპერიმენტები ჩავატაროთ ახალ ლაბორატორიებში.

სულ ვცდილობ, ბავშვებს გავუღვიძო მოტივაცია საბუნებისმეტყველო საგნისადმი, ამიტომ ვგეგმავ სახალისო აქტივობებს, ჯგუფური მუშაობა, შიდა დაკვირვების წესები გვაქვს და სექტემბრიდან, როცა ლაბორატორიაშიც გავიშლებით, უფრო კარგი იქნება.“

მაგდანა ხაბაძე ამბობს, რომ ის ბიოლოგიის გარდა სკოლაში ბუნებისმეტყველებასაც ასწავლის და სკოლის განახლებამდე თვითონ ცდილობდნენ სასწავლო რესურსების შექმნას.

„ბავშვებს ძალიან უჭირთ ადამიანის ანატომიის შესწავლა, რადგან პროგრამა დეტალურ ცოდნას მოითხოვს. აქამდე არ გვქონდა მულაჟები, რომ ბავშვები ვიზუალურად დაკვირვებოდნენ ორგანოებს, ახლა ამის საშუალება მოგვეცემა. საკლუბო მუშაობასაც ვგეგმავთ სექტემბრიდან, ამიტომ ამ პროგრამით მიღებული გამოცდილება, ვფიქრობ, ძალიან დამეხმარება“, – გვეუბება ის.

მაგდანა ხაბაძის თქმით, უცხოურ პროექტებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ის ინგლისური ენის შესწავლას გეგმავს, რომ სხვა დროსაც შეძლოს უცხოელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება და სხვა საინტერესო პროგრამებში მონაწილეობა.

გამარჯვებული პედაგოგები კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში სექტემბერში გაემგზავრებიან. ისინი ამ ცენტრში ათ დღეს დაჰყოფენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: